ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი) ფილტვის დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლისთვისაც დამახა- სიათებელია სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადის ნაწილობრივ შეუქცევადი შეზღუდვა.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება კლასიკურ შემთხვევაში აერთიანებს სამ პათოლოგიას – ემფიზემა, ქრონიკული ბრონქიტი და ქრონიკული ობსტრუქციული ასთმა.
უნდა აღინიშნოს, რომ
- თითოეული ზემოთ აღნიშნული პათოლოგია, ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი და ემფიზემა არ შეიძლება ჩაითვალოს ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებად, თუ არ ახლავს თან ბრონქების ობსტრუქცია ან სასუნთქი გზების ობსტრუქცია სრულად შექცევადია
- როგორც წესი ქრონიკული ბრონქიტი და ემფიზემა თანაარსებობს გარკვეული ხარისხით
- სასუნთქი გზების ობსტრუქციის დროს, თუ ცნობილია გამომწვევი მიზეზი, როგორიცაა მუკოვისციდოზი, ბრონქოექტაზიური დაავადება ან ობლიტერაციული ბრონქიოლიტი, არ შეიძლება დაისვას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დიაგნოზი
ეტიოლოგია, პათოგენეზი
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება სხვადასხვა გარეგანი და შინაგანი ფაქტორები, გარეგანი ფაქტორებია: თამბაქოს წევა, განსაკუთრებით კი პასიური მწევეელობა ბავშთა ასაკში, პროფესიული მავნეობების ზემოქმედება, გარემოს დაბინძურება, ადენოვირუსული ინფექცია, C ვიტამინის დეფიციტი, შინაგანი ფაქტორებია: ალფა – 1 ანტიტრიფსინის დეფიციტი, IgE-ის მაღალი დონე, ბრონქული ჰიპერრეაქტიულობა, გენეტიკური წინასწარგანწყობა – სისხლის A(II) ჯგუფი, IgA-ს დეფიციტი.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების პათოგენეზში მთავარ როლს თამაშობს: ანთებითი პროცესი, პროტეინაზასა და ანტიპროტეინაზას დისბალანსი ფილტვებში, ოქსიდაციური სტრესი. პათოლოგიური ცვლილებები ვლინდება როგორც ბრონქებში, ისე ფილტვის პარენქიმასა და სისხლძარღვებში. პათოლოგიური ცვლილებების ხასიათი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, ინდივიდუალურ თავისებურებებზე და დაავადების სიმძიმეზე.
სასუნთქი გზების მხრივ აღინიშნება ქრონიკული ანთებითი პროცესი, პოხიერი უჯრედების რაოდენობის მატება, ფიალისებრი უჯრედების ჰიპერპლაზია, რაც თავის მხრივ განაპირობებს ლორწოს ჭარბ სეკრეციასა და ბრონქების დახშობას. ბრონქული ობსტრუქციის მიზეზია ასევე შეუქცევადი ფიბროზული ცვლილებები, ბრონქების გლუვი კუნთების სპაზმი, ფილტვის ქსოვილის ელასტიურობის დაქვეითება. ეს უკანასკნელი განპირობებულია ემფიზემისათვის დამახასიათებელი დისტალური ბრონქიოლების პათოლოგიური გაფართოებითა და ალვეოლების კედლის დესტრუქციით. ფილტვების სისხლძარღვების მხრივ ცვლილებები მოიცავს ინტიმის ჰიპერპლაზიასა და სისხლძარღვის გლუვი კუნთის ჰიპერტროფიას, რაც იწვევს ქრონიკული ჰიპოქსიური ვაზოკონსტრიქციის განვითარებას.
სიმპტომები
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქიული დაავადების კარდინალური სიმპტომებია დისპნოე , ქრონიკული ხველა და ნახველის გამოყოფა. ნაკლებად დამახასიათებელ ნიშანს მიეკუთვნება მსტვინავი სუნთქვა და მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, თუმცა თითოეული სიმპტომი შესაძლოა განვითარდეს დამოუკიდებლად, სხვადასხვა ინტენსივობით.
ხველა ყველაზე ადრეული სიმპტომია, საწყის სტადიებზე ეპიზოდური ხასიათისაა, გამწვავების გარეშე არ ახლავს თან ნახველის გამოყოფა. ზოგჯერ შესაძლებელია არც აღინიშნებოდეს ბრონქების ობსტრუქციის სპირომეტრიით დადასტურების შემთხვევაშიც კი. დაავადების დასაწყისში ნახველი მცირე რაოდენობით გამოიყოფა, ჩირქოვანი, უხვი ნახველი მიუთითებს დაავადების გამწვავებაზე. რაც შეეხება ქოშინს, ექსპირატორული ხასიათისაა და აღმოცენდება მხოლოდ ძლიერი დატვირთვისას, ძლიერდება რესპირატორული ინფექციების დროს, გვიან სტადიებზე შესაძლოა განვითარდეს ძლიერი სუნთქვის უკმარისობა. პაციენტთა ნაწილში დისპნოესთან ერთად ვლინდება მსტვინავი სუნთქვა, რის გამოც გამო ხშირად ხდება არასწორად ასთმის დიაგნოზის დასმა.
დიაგნოსტიკა
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დიაგნოზი ეყრდნობა შემდეგ მონაცემებს:
- კლინიკური სურათი – დისპნოე მოსვენებისას ან დატვირთვის დროს, ხველა ნახველის გამოყოფით ან მის გარეშე, აქტივობის შეზღუდვა.
- სპირომეტრიული მონაცემები – FEV1/FVC < 0.70, FEV1 მოსალოდნელზე 80% – ით ნაკლები, გარდა ამისა ბრონქოდილატატორის მიღების შემდეგ არ ხდება გარეგანი სუნთქვის მაჩვენებლების აღდგენა, რაც წარმოადგენს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისათვის დამახასიათებელ ნიშანს, განსხვავებით ასთმისგან.
- გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა, სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა, არტერიულ სისხლში აირების განსაზღვრა, ბრონქოსკოპია
- ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დიაგნოსტიკაში სიმპტომების ალტერნატიული მიზეზის არარსებობაა
მკურნალობა
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მკურნალობის მიზანია სიმპტომების შემსუბუქება, დაავადების გამწვავებისა და გართულებების თავიდან აცილება და მკურნალობა. მკურნალობა ძირითადად მედიკამენტოზურია და მოიცავს ბრონქოდილატატორების (M- ქოლინობლოკატორები და β – აგნოსტები), გლუკოკორტიკოსტეროიდების, მუკოლიზური საშუალებებისა და რიგ შემთხვევბში ანტიბიოტიკების გამოყენებას.
________________________________________________
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988