რინოფიმა

რინოფიმა (ბერძ. rhis, rhinos ცხვირი + phyma წანაზარდი) – ცხვირის კანის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცხვირისა და მისი ელემენტების ჰიპერტროფიით, გადიდებითა და ფორმის ცვლილებით. უხშირესად ვხვდებით 40–50 წლის მამაკაცებში.

ეტიოლოგია არაა ცნობილი. კლინიცისტების უმეტესობა ფიქრობს, რომ რინოფიმა არის წითელი ფერისმჭამელის მესამე სტადია. ზოგიერთ კვლევაზე დაყრდნობით კი არსებობს მოსაზრება, რომ დაავადება კავშირშია ქრონიკულ ალკოჰოლიზმთან. რინოფიმის განვითარებისათვის მნიშვნელობა ენიჭება არასასურველ გარემო ფაქტორებსაც: ჰაერის მტვრიანობისა და ტენიანობის ცვლილებას, ტემპერატური მკვეთრ მერყეობას, ხშირ გადაცივებას.

დაავადება ვითარდება ნელა, მრავალი წლის განმავლობაში, თუმცა შესაძლოა სწრაფად პროგრესირდეს. განასხვავებენ რინოფიმის ფიბროზულ–ანგიექტაზიურ  და ჯირკვლოვან ფორმებს. ფიბროზულ–ანგიექტაზიური ფორმის ცხვირის კანის ყველა ელემენტის ჰიპერტროფიის გამო ცხვირი ზომაში იმატებს თანაბრად, თუმცა არ კარგავს თავის კონფიგურაციას. გამომდინარე იქედან, რომ ჰიპერტროფირებული კანი მდიდარია სისხლძარღვებით, ის იძენს მკვეთრ წითელ შეფერილობას. ჯირკვლოვანი ფორმის დროს, ცხვირის წვერისა და ფრთების მიდამოში ჩნდება სამი ბორცვისებური, ბრტყელ ზედაპირზე განთავსებული მარწყვის ფორმის კვანძი, რომლებიც შემდგომში ერწყმიან ერთმანეთს. კვანძებს აქვთ რბილი კონსისტენცია, მბრწყინავი ცხიმოვანი ზედაპირი, დიდი რაოდენობით გაფართოებული სისხლძარღვები და ცხიმის ჯირკვლები, რომელთა წვერზე ზეწოლისასაც გამოიყოფა კანის ცხიმი. კვანძოვანი ელემენტების ფერი მერყეობს ნორმალურიდან ცვილისებურ შეფერილობამდე. აღწევს რა ზოგჯერ ძალიან დიდ ზომებს, კვანძები ეშვება ქვემოთ და იწვევს სუნთქვის გაძნელებას, საკვების მიღების შეუძლებლობას და სახის ფორმის ცვლილებებს. ერთეულ შემთხვევებში, პროცესში შესაძლოა ჩაერთოს ცხვირის ხრტილი და მოხდეს მისი გასქელება ან გათხელება.

მკურნალობა ოპერაციულია. ოპერაციის დროს, როგორც წესი ხდება ცხვირის ნორმალური კონფიგურაციის აღდგენა. კანის დაზიანებული უბნების არასრული ამოკვეთის შემდეგ შესაძლებელია რეციდივი. აღწერილია მალიგნიზაციის შემთხვევები.

კანისა და ვენერიული დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რინოფიმა – -(სტომატ.) rhinophima   ცხვირის ქრონიკული დაავადება, მიმდინარე შემაერთებელი ქსოვილის ზრდითა და ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერტროფიით, რაც იწვევს ცხვირის ძლიერ ზრდას და დამახინჯებას. 2.  ცხვირის კანის ზრდა, თავისებური ქრონიკული დაავადება, რომელიც ხშირად ემართებათ ალკოჰოლიკებს.