გარდატეხის ასაკი და მასთან დაკავშირებული პრობლემები

გარდატეხის ასაკი და მასთან დაკავშირებული პრობლემები

თამარ კაციტაძე – გარდატეხის ასაკი და მასთან დაკავშირებული პრობლემები
თარიღი: 22 ივნისი 2012
ავტორი: ავთანდილ შურღაია

მშობლებიც და მასწავლებლებიც მოზარდებთან ურთიერთობის ყველაზე რთულ პერიოდად გარდატეხის ასაკს მიიჩნევენ. თუმცა ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც, ფაქტობრივად, კარგად აქვთ დავიწყებული ის პრობლემები, რომლებიც ამ ასაკში თავადაც გაიარეს, მოზარდებს ხშირად არაადეკვატურად ექცევიან.


ფსიქოლოგები კი მიიჩნევენ, რომ გარდატეხის ასაკში, რომელსაც მედიცინაში პუბერტატულ პერიოდს უწოდებენ, მოზარდებს ყველაზე მეტად სწორედ გარშემო მყოფი ზრდასრული ადამიანების დახმარება სჭირდებათ. ამ ასაკში თავჩენილ სირთულეებს ხშირად თავად მოზრდილები – მშობლები, მასწავლებლები, ოჯახის სხვა წევრები – აპროვოცირებენ, რომლებიც უგულებელყოფენ მოზარდის თავისებურებებს, ანგარიშს არ უწევენ მის პიროვნებას. თუმცა სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ მზა რეცეპტი, ვინ როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ მოზარდთან, არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალი ამ ასაკის ფსიქოფიზიოლოგიურ თავისებურებათა ცოდნა და გათვალისწინებაა.

გარდატეხის ასაკი ინდივიდუალურია, საზოგადოდ კი ეს ეტაპი 12-13-დან 15-18 წლამდე პერიოდს მოიცავს. არის შემთხვევები, როცა მოზარდი ნაადრევად იწყებს მომწიფებას – შესაბამისად, გარდატეხის ასაკიც ნაადრევად ეწყება. გოგონებში ნაადრევი გარდატეხა – 8 წლამდე, ხოლო ვაჟებში 9 წლამდე შეინიშნება. ეს უმეტესად ამა თუ იმ დაავადებას უკავშირდება, რომლის მკურნალობა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რადგან ნაადრევად გაჩენილი სასქესო ნიშნები მძიმე დაღს ასვამს მოზარდის ემოციურ სფეროს, გამოარჩევს მას თანატოლებისგან და უამრავ კომპლექსს უჩენს. არის შემთხვევები, როდესაც სქესობრივი მომწიფება იგვიანებს. თუ მეორეული სასქესო ნიშნები გოგონას – 13 წლამდე, ხოლო ვაჟს 14 წლამდე არ განუვითარდა, შეიძლება ითქვას, რომ პუბერტატული ასაკი გადაიდო. მიზეზი უმეტესად მემკვიდრეობითია, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომელიმე დაავადების ბრალი იყოს.

ერთი სიტყვით, გარდატეხის ასაკი საკმაოდ მძიმე პერიოდია. ორგანიზმში ამ დროს არსებითი ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური გარდაქმნები მიმდინარეობს, რაც საგრძნობლად ცვლის მოზარდის ქცევას, მის ყოველდღიურ რეჟიმს, სურვილებსა და მისწრაფებებს. ის მოუსვენარი, ჯიუტი და თავდაჯერებული ხდება.

ყოველივე ამის მიზეზი სისხლში მოცირკულირე სასქესო ჰორმონებია. ისინი აფხიზლებენ სქესობრივ სწრაფვას, რაც პირველ ხანებში – ცნობისმოყვარეობით, მერე კი საპირისპირო სქესისადმი მოჭარბებული ინტერესით გამოიხატება. მოზარდებს უცნობი შეგრძნებები და აზრები, ბუნების ინტიმურ საიდუმლოებათა შეცნობის სურვილი ებადებათ. ამავე დროს, მათ ცხოვრებაში შემოდის მოზრდილთა ქცევის ახალი სტერეოტიპები: სიკეთე, სიყვარული, პასუხისმგებლობა, ვალდებულებები სწავლის, ოჯახის, გარშემო მყოფების მიმართ. მაგრამ მოზარდმა არ იცის, როგორ იცხოვროს როგორც დიდმა, მას არ აქვს საამისო გამოცდილება. ფსიქოლოგები ამ დროს უმთავრეს როლს მშობლებს აკისრებენ. მათი მტკიცებით, მოზარდს, პირველ რიგში, მისთვის უსაყვარლესი ადამიანებისგან – მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრებისგან სურს სიყვარული და აღიარება. თუ მოზარდს ოჯახში არ აღიარებენ, იგი აღიარებას სხვაგან ეძებს: ქუჩაში, სკოლაში, უბანში. თვითდამკვიდრება კი ხშირად ძალადობის ხარჯზე ხდება. არა იმიტომ, რომ ეს ბავშვის თვისებაა, არამედ იმიტომ, რომ მასში მძლავრობს თვითრეალიზების, სამყაროში ადგილის დამკვიდრების მოთხოვნილება. ამიტომ მშობლებმა უნდა მოახერხონ შვილთან მეგობრული, თბილი ურთიერთობის დამყარება, ამასთან, ისე, რომ შეინარჩუნონ ავტორიტეტი მის თვალში და იმავდროულად მისცენ მას, როგორც დამოუკიდებელ პიროვნებას, არსებობის უფლება.

გარდატეხის ასაკში მოზარდს სურს, თვითრეალიზაცია მოახდინოს როგორც დამოუკიდებელმა, ძლიერმა და დიდმა ადამიანმა, ამიტომ მენტორული და დიდაქტიკური ტონი ხშირად არაფერის მომცემია და ზოგჯერ უარყოფითი შედეგიც კი მოაქვს. მშობელმა შვილს უნდა მოუსმინოს, გაუგოს და, ზომიერების ფარგლებში, დაუთმოს კიდეც. თუ მოზარდი არაფერს აშავებს, დამოუკიდებლად მოქმედების უფლება უნდა მივცეთ. ბავშვის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ მისი თვითდამკვიდრებისა და ჰარმონიული განვითარებისთვის დამოუკიდებელი ნაბიჯი აუცილებელია.

ბავშვი მარტო სიტყვით კი არა, მაგალითითაც იზრდება. ჩხუბით, აყალმაყალით, ულტიმატუმებით, პრეტენზიებით რამის მიღწევა შეუძლებელია. თუ ბავშვი არ იხსნება მშობელთან, მაშინ მშობელი თავად უნდა დააკვირდეს მის ინტერესებს, განვითარებას, თუ შესაბამისი განათლება არ აქვს, მიიღოს საჭირო ინფორმაცია და ამის შემდეგ მიაწოდოს შვილს გარკვეული ცნობები. ასეთი ფორმით მიწოდებული ცოდნა გაცილებით პოზიტიურია, ვიდრე ინტერნეტიდან, წიგნიდან თუ ქუჩიდან მიღებული მშრალი ინფორმაცია.

მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური დატვირთვაც. ამ ასაკში დიდია საკუთარი სხეულისა და სქესობრივი სფეროს მიმართ ინტერესი. ეს ბუნებრივია. არსებობს სქესობრივი ენერგეტიკა, ლიბიდო. მოზარდისთვის არამც და არამც არ არის სასურველი ჭარბი ინტერესი ამ ენერგიის მიმართ. უმჯობესია, ლიბიდოს სუბლიმირებისთვის ის არა მარტო გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც იღლებოდეს, ანუ სქესობრივი ენერგია სხვა სფეროებზე გადაჰქონდეს. ვინც ამას ახერხებს, წარმატებით სწავლობს. ვინც ვერ ახერხებს ან სათანადოდ არ უწყობენ ხელს, იკეტება თავის სექსუალურ ენერგეტიკაში, თავად ეძებს კითხვებზე პასუხებს და განმუხტვის გზებს, ამიტომ უამრავ შეცდომასაც უშვებს.

გარდატეხის ასაკში მხოლოდ წმინდა ფსიქოლოგიური პრობლემები როდი იჩენს თავს; ორგანიზმში მიმდინარე რთული ანატომიურ-ფუნქციური ცვლილებები მოზარდის ფიზიკურ მდგომარეობაზეც აისახება. მედიკოსების თქმით, ამ ასაკში ყველაზე ხშირია სისუსტე, ანუ ასთენიური სინდრომი, რომელიც გონებრივი და ფიზიკური შრომისას მომეტებული დაღლილობით, ფიზიკური და ფსიქიკური დისკომფორტის მუდმივი შეგრძნებით გამოიხატება. მოზარდებს ხშირად და უმიზეზოდ ეცვლებათ გუნება, ეტირებათ, უქვეითდებათ შრომის უნარი და ყურადღების კონცენტრაცია. ზოგი მეხსიერების დაქვეითებასაც უჩივის. ამის კვალობაზე, იკლებს აკადემიური მოსწრების დონეც, რაც თვითდამკვიდრების მოსურნე მოზარდის მდგომარეობას უფრო მეტად აუარესებს – უჩენს პესიმისტურ განწყობას, არასრულფასოვნების განცდას, ურთულებს თანატოლებსა და ახლობლებთან ურთიერთობას. მრავალი მოზარდი გამუდმებით უჩივის თავის ტკივილს, რომელსაც სხვადასხვა ლოკალიზაცია აქვს: შესაძლოა, მოიცვას შუბლი, წარბი, კეფა, მთელი თავი, – ხასიათით კი დამწოლი, მოპულსირე ან მქაჩავია. ისინი ვერ იტანენ ხმაურს, სკოლის ზარი მათში უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, ზედმეტად მგრძნობიარენი არიან სინათლის, სუნის, შეხების მიმართ; ამ ფაქტორთა გავლენით უძლიერდებათ თავის ტკივილი, ოფლიანდებიან, უვითარდებათ სისხლძარღვოვანი რეაქციები. შეინიშნება ძილის დარღვევაც. ძილი ხანმოკლე და მშფოთვარე ხდება. ამასთან, ერთნი სწრაფად იძინებენ, მაგრამ მალევე იღვიძებენ და ხელახლა ჩაძინება უჭირთ, მეორენი კი ძნელად ხუჭავენ თვალს, გამოუძინებლები დგებიან, დღის პირველ ნახევარში მოთენთილები არიან და მხოლოდ მეორე ნახევარში ახერხებენ მობილიზებას.

გარდატეხის ასაკში ხშირია ტკივილი გულის არეში. არცთუ იშვიათად მას გულის ფუნქციური ცვლილებებიც ახლავს თან. ხშირდება მაჯისცემა, იმატებს გულის ფუნქციური ხმაური, არტერიული წნევა ხშირად იცვლება. ეს ყოველივე იწვევს განგაშის შეგრძნებას და ქმნის საიმისო ნიადაგს, რომ მოზარდს სიკვდილის ან სხვა ფობია გაუჩნდეს. ხშირია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სეკრეტორული და მოტორული ფუნქციის დარღვევები, რაც ვლინდება მუცლის ტკივილით, მადის დაქვეითებით, დეფეკაციის დარღვევით. თავს იჩენს გარდატეხის ასაკის ანორექსია, გოგონები თავს მსუქან და არასრულფასოვან ადამიანებად მიიჩნევენ და საკვებზე უარს ამბობენ, ხოლო გარკვეული ხნის შემდეგ ჭამა საერთოდ აღარ შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ ჭამის სურვილი უკვე აქვთ. ეს მდგომარეობა სპეციალურ მკურნალობას მოითხოვს.

ნევროზის დროს ხელსაყრელი ფსიქოლოგიური გარემოს შექმნით მოზარდები ყოველგვარი ჩარევის გარეშე იბრუნებენ წონასწორობას, მაგრამ თუ ეს ცვლილებები გარდატეხის ასაკის შემდეგაც (18-20 წელი) გაგრძელდა, ჯობს, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მივმართოთ.

მოზარდებში ხშირია ისტერიკის შეტევები, რომელთა მიზეზად სპეციალისტებს ყურადღების მიპყრობის სურვილი მიაჩნიათ. მოზარდი ყვირის, ტანსაცმელს იხევს, თმას იგლეჯს, ამტვრევს ჭურჭელს, იკბენს ხელებს, იფურთხება, თავს ესხმის უდანაშაულოს. შეტევის ხანგრძლივობა მაყურებელთა რაოდენობასა და რეაქციაზეა დამოკიდებული: რაც უფრო მეტია მაყურებელი და მეტ თანაგრძნობას გამოხატავენ ისინი, მით უფრო მეტ ხანს გრძელდება შეტევა. თავს იჩენს ვეგეტატიური მოშლილობაც – ბრონქოსპაზმი, რომელიც შეუძლებელს ხდის ლაპარაკს, ყლაპვას, იწვევს კრუნჩხვით ხველას, ისტერიულ ღებინებას, ჰაერის უკმარისობას, ასთმურ შეტევას, ტემპერატურის მატებას. ხშირია აკვიატებული აზრებით გამოწვეული პრობლემებიც – მოზარდი აიკვიატებს ხოლმე არარეალურ სურვილს, რომლის შეუსრულებლობას ძალზე განიცდის. მშობლები ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ და აუცილებლობის შემთხვევაში კვალიფიციური სამედიცინო ჩარევისთვის სპეციალისტს მიმართონ.

ფსიქოლოგები მშობლებსა და მასწავლებლებს ურჩევენ:

. მშვიდად, აუღელვებლად მიიღონ მოზარდის ხასიათსა და ყოფა-ქცევაში მომხდარი ცვლილებები;

. ზომიერად დატვირთონ იგი ფიზიკურად და გონებრივად, რათა ჭარბმა დატვირთვამ გული და სხვა სისტემები არ დააზიანოს;

. სწორად, სრულფასოვნად შეურჩიონ კვების რაციონი და მოუწესრიგონ კვების, შრომისა და ძილის რეჟიმი.

_______________________________________

წყარო: http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=70

გადასვლა >>> ,,თინეიჯერი”

.