დენტოფობია – სტომატოლოგიური კაბინეტის შიში წარსულში უნდა დარჩეს

დენტოფობია – სტომატოლოგიური კაბინეტის შიში წარსულში უნდა დარჩეს

მოსალოდნელი სტომატოლოგიური ჩარევის წარმოდგენა ადამიანების უმრავლესობაში იწვევს შიშს სტომატოლოგიური კაბინეტის, სტომატოლოგის მიმართ, ერთი სიტყვით – დენტოფობიას.

უმეტესწილად ამ შიშს საფუძვლად უდევს წარსულში არსებული ვიზიტები სტომატოლოგთან, როდესაც პაციენტი საშინელ ტკივილს განიცდიდა კბილების მკურნალობის დროს. სხეულის სხვა ორგანოებში წარმოქმნილი ტკივილისგან ეს ტკივილი განსხვავდება თავისი სიმწვავით და აუტანლობით. ალბათ ამიტომ სტომატოლოგიური ჩარევისადმი შიშიც უფრო გამოხატული და ძლიერია, ვიდრე სხვა სამკურნალო ჩარევებისადმი შიში.

ამჟამად, დენტოფობიის მიზეზი ნელ-ნელა ქრება, რადგან სტომატოლოგიური კაბინეტის თანამედროვე აღჭურვილობა, მკურნალობისა და პროთეზირების თანამედროვე ტექნოლოგიები, სტომატოლოგიური ფარმაკოლოგია საშუალებას იძლევა სამკურნალო პროცედურები სტომატოლოგიურ კაბინეტში განხორციელდეს უმტკივნეულოდ და პაციენტისთვის მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში.

თუმცა ამავდროულად, სამედიცინო ინდუსტრიაში მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების მიუხედავად, დენტოფობია, შიში, ფსიქოლოგიური სტრესის მდგომარეობა კვლავ რჩება. თითქოს სტრესები უკვე აღარ უნდა იყოს, რადგან გაქრა მათი არსებობის საფუძველი, სტომატოლოგიურ კაბინეტში პაციენტი თავს მაინც მშვიდად არ გრძნობს. თუმცა, უმეტესობამ, ვინც ერთხელ მაინც გამოსცადა თანამედროვე ტექნოლოგიების უპირატესობა, გათავისუფლდა შიშისგან.

სტრესული მდგომარეობა, შიში როგორც ფსიქოლოგიური კატეგორია, აღიბეჭდება მეხსიერებაში ქვეცნობიერის დონეზე, ტვინის რეაქციების უმდაბლეს საფეხურზე ძლიერად და ხანგრძლივად, როგორც ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია და ასე აგრძელებს არსებობას. ადამიანი კვლავ ხდება უშიშარი, ეუფლება სიმშვიდე და თვითდაჯერებულობა, რომლებიც ჯერ კიდევ მკვეთრად არ არის გათვითცნობიერებული და ღრმად გააზრებული ძველი ძლიერი შიშის გამო. ძველის შემცვლელი ეს ახალი მდგომარეობა უნდა გამტკიცდეს და დაფუძნდეს თანდათან, ასეა მოწყობილი ჩვენი ფსიქიკა. მაგრამ შიში – ეს არის ის, რასაც შთაგვაგონებს ჩვენი განცდები, ხოლო გონება გვეუბნება, რომ ყველა მანიპულაცია უმტკივნეულოა, უკვე აღარ არის ტკივილი, არაფრის არ უნდა გეშინოდეს, ყველაფერი კარგად იქნება.

ამიტომ, თუ თქვენ კიდევ გაქვთ შიში დანტისტთან წასვლის წინ, მოუსმინეთ თქვენს გონებას, მოადუნეთ გრძნობები და დაივიწყეთ შიში. იგი უკვე უადგილოა, თუ რა თქმა უნდა, თქვენ თანამედროვე სტომატოლოგიურ კლინიკებს ან კაბინეტებს სტუმრობთ.

სტრესები, შიში და ტკივილის სუბიექტური განცდა ართულებს როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ ცხოვრებას. სტრესები გროვდება და საფუძველს უყრის სხეულის სხვადასხვა დაავადებებს, ასევე წარმოშობენ შიდა პიროვნულ და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემებს. ამიტომ გათავისუფლდით სტრესებისგან, დაძლიეთ თქვენი შიში, აპატიეთ საკუთარ თავს და სხვებს და თქვენ შეძლებთ იყოთ ჯანმრთელი და ბედნიერი.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.