რატომ არის თანამედროვე სტომატოლოგია უმტკივნეულო?

რატომ არის თანამედროვე სტომატოლოგია უმტკივნეულო?

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, სტომატოლოგთან მისვლა ასოცირდებოდა ტკივილთან და შიშთან. ამჟამად, ყველა სამედიცინო პროცედურა ტარდება უნიკალური საანესთეზიო პრეპარატების გამოყენებით, რომლებიც გამორიცხავენ ნებისმიერ უსიამოვნო შეგრძნებას. რამდენად უსაფრთხოა ეს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები და როგორია მათი გამოყენების შედეგები?

ადგილობრივი ანესთეზია ამჟამად ტკივილის გაყუჩების ძირითადი მეთოდია სტომატოლოგიაში. საანესთეზიო საშუალებების მოქმედება მდგომარეობს შემდეგში: ისინი ბლოკავენ თავის ტვინში მიმავალ იმპულსებს, სადაც ისინი აღიქმებიან როგორც მტკივნეული შეგრძნებები. ტკივილის კონტროლის სხვა მეთოდებთან – ზოგად ანესთეზიასთან, ელექტრულ ანალგეზიასთან, აკუპუნქტურასთან, ჰიპნოზთან – შედარებით, ადგილობრივი ანესთეზია ყველაზე საიმედო და უსაფრთხოა.

პირველად ადგილობრივი გაუტკივარება გამოიყენა 1884 წელს ოფთალმოლოგმა კარლ კოლერმა. მან გამოიყენა კოკაინი, რომელიც, როგორც ცნობილია, მიჩვევას იწვევს. ამის გამო სტომატოლოგები ამ პრეპარატს ძალიან იშვიათად იყენებდნენ. შედეგად, შემუშავებული იქნა პოკაინი. 1903 წელს ჰენრიხ ბრაუნმა პირველად გამოიყენა პრეპარატი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ადრენალინი, რამაც გაზარდა საანესთეზიო საშუალების ზემოქმედების დრო და შეამცირა მისი ტოქსიურობა. სწორედ ამ ტკივილგამაყუჩებელმა საშუალებამ განაპირობა იდეალური საანესთეზიო საშუალების მახასიათებლები:

– პრეპარატი უნდა მოქმედებდეს მაქსიმალურად სწრაფად

– უზრუნველყოს ხარისხიანი ანესთეზია

– გამორიცხოს დარღვევები ირგვლივმდებარე ქსოვილების ნერვულ დაბოლოებებში

– გამოირჩეოდეს მინიმალური ტოქსიურობით

 

რომელი პრეპარატები გამოიყენება გაუტკივარებისთვის?

საანესთეზიო საშუალების ეფექტურობას განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი:

– სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების პროცენტი,

– დისოციაციის კონსტანტა,

– მოლეკულური სტრუქტურა,

– ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ნერვულ ბოჭკოში დიფუზიის ხარისხი.

– საანესთეზიო საშუალებისა და ვაზოკონსტრიქტორის კონცენტრაციის პროცენტი.

ამიდების ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატია ლიდოკაინი. ამ პრეპარატის საფუძველზე შეიქმნა ბუპიკვაინი, პრილოკაინი, მეპივაკინი და ცნობილი არტიკაინი. ლიდოკაინის ხსნარები გამოიყენება გამტარებლობითი, ინფილტრაციული და პერიდურული ანესთეზიების დროს. ამჟამად, ხელმისაწვდომია ამ ტკივილგამაყუჩებელის სხვადასხვა ფორმები – მალამო, გელი, აეროზოლი. საყურადღებოა, რომ ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ლიდოკაინის გაკეთება არ შეიძლება.

სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება არტიკაინი და მისი ანალოგები: ულტრაკაინი, სეპტანესტი, უბისთეზინი, ალფაკაინი. პრეპარატი სინთეზირებული იქნა კომპანია „Hehst“-ის ლაბორატორიებში. შედეგად მისი გამოყენების ლიცენზია მიიღო დიდმა ბრიტანეთმა, აშშ და სხვა ქვეყნებმა. არტიკაინის მთავარი უპირატესობაა მისი ფართოდ გავრცელების უნარი რბილ ქსოვილებსა და ძვალში. ითვლება, რომ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება თავის მაქსიმალურ ეფექტს აღწევს ზედა და ქვედა ყბაში შეღწევის დროს. თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკები იყენებენ არტიკაინის 4%-იან ხსნარს 1.8 მლ-იან კაფსულებში, ვაზოკონსტრიქტორის სხვადასხვა კონცენტრაციით. კარგი საანესთეზიო თვისებებისა და ადრენალინის შედარებით დაბალი კონცენტრაციის გამო, აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება სტომატოლოგიის თითქმის ყველა სფეროში – ქირურგიაში, ორთოპედიაში, ორთოდონტიაში.

როგორ ტარდება ადგილობრივი ანესთეზია?

არსებობს ადგილობრივი გაუტკივარების რამდენიმე მეთოდი. ინფილტრაციის ტექნიკა ყველაზე პოპულარულია. ამ დროს საანესთეზიო ხსნარი შეყავთ ლორწქვეშა შრეში – პირის ღრუს კარიბჭის გარდამავალ ნაოჭში. პრეპარატის შეყვანა აუცილებელია ნელა, ნემსის გადაადგილებით ალვეოლური მორჩის გასწვრივ. ზოგჯერ ინფილტრაციას აკეთებენ სასის მორჩისა და ზედა ყბის საზღვარზე. ანესთეზია დგება 5-7 წუთის შემდეგ.

გამტარებლობითი (რეგიონული) ანესთეზიის დროს “ტკივილის გამორთვა” ხდება სამწვერა ნერვის ბლოკადის საშუალებით. ამიტომ ამ მეთოდიკის დახმარებით ზედა ან ქვედა ყბაზე შესაძლებელია კბილების ჯგუფია და მათი მიმდებარე რბილი ქსოვილების გაუტკივარება საკმაოდ დიდ უბანზე. გამტარებლობითი ანესთეზიის ერთ-ერთი სახეობაა, მაგალითად, ტუბერალური ანესთეზია – გაუტკივარება ზედა ყბის ბორცვთან. ეს მეთოდი გამოიყენება ზედა ყბის ძირითად კბილებზე და ალვეოლურ მორჩზე ჩასატარებელი ქირურგიული ოპერაციების დროს. საანესთეზიო პრეპარატის სახით, ძირითადად, გამოიყენება ლიდოკაინი.

თუ სტომატოლოგიური პროცედურები ეხება ზედა ფრონტალურ საჭრელებს, ტარდება საჭრელების ანესთეზია. ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი შეყავთ საჭრელ დვრილში, რომელიც მდებარეობს სასის შუა ხაზისა და ორი ეშვის შემაერთებელი ხაზის გადაკვეთის ადგილზე. საანესთეზიო საშუალების მოქმედება ვრცელდება ღრძილზე საჭრელების მიდამოში და მაგარი სასის ლორწოვან გარსზე.

არსებობს გამტარებლობითი ანესთეზიის სხვა სახეებიც – ინფრაორბიტალური, მანდიბულური და ა.შ. ტკივილის კონტროლის მეთოდების მრავალფეროვნება ექიმს საშუალებას აძლევს აირჩიოს უფრო ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი. თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკები ფლობენ ყველა აუცილებელ აღჭურვილობას და პრეპარატებს, რათა ნებისმიერი სტომატოლოგიური პროცედურა უმტკივნეულო და კომფორტული იყოს.

 

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.