ცირკონიუმის ოქსიდი: ძვირი და ლამაზი

ცირკონიუმის ოქსიდი: ძვირი და ლამაზი

ჰოლივუდის ღიმილზე მრავალი ოცნებობს. პრიალა ჟურნალები აჭრელებულია ვარსკვლავების ფოტოებით, რომლებმაც თითქოს არ იციან რა არის კარიესი, კბილის ქვა და მინანქრის დაშლა. სტომატოლოგიის განვითარებასთან ერთად, მრავალი მიხვდა რომ კბილების სილამაზე, ძირითადად, მიიღწევა არა მარტო სწორი მოვლითა და გათეთრებით, არამედ ექიმი-ორთოპედის უშუალო მონაწილეობითაც, რომელიც ლამაზ კბილის გვირგვინებს ამზადებს.

ამჟამად, ყველაზე ძვირი, ხარისხიანი და ნამდვილი კბილის გამჭვირვალობის იმიტაციის მქონე არის ცირკონიუმის ოქსიდისგან დამზადებული გვირგვინები, რომლებიც შედის ელიტური პროთეზირების მომსახურების ჩამონათვალში. საყოველთაოდ ცნობილი ორთოპედების მოსახურება, რომლებიც მხოლოდ ცირკონიუმის ოქსიდს იყენებენ მუშაობისას, შეიძლება აღემატებოდეს 200 ათას ლარს.

როგორ მოხდა ეს

მედიცინაში ცირკონიუმის ოქსიდის გამოყენება დაიწყო მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ამ მასალას აქვს განსაკუთრებული სიმტკიცე და  ბიოშეთავსებადია ადამიანის ორგანიზმთან.

საწყის ეტაპზე ცირკონიუმის ოქსიდი გამოიყენებოდა მხოლოდ ხელოვნური მენჯ-ბარძაყის  სახსრების დასამზადებლად, ხოლო უკვე მას შემდეგ, რაც მსოფლიო დაიპყრო ლაზერულმა ტექნოლოგიებმა, ცირკონიუმის ოქსიდის გამოყენება წარმატებით დაიწყეს კბილის გვირგვინების დასამზადებლადაც. მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგად სტომატოლოგები დარწმუნდნენ, რომ ცირკონიუმი ესთეტიკური პროთეზირების ახალ შესაძლებლობებს იძლევა, ხოლო სიმსუბუქისა და მაღალი სიმტკიცის გამო უძლებს მნიშვნელოვან დატვირთვებს და ამასთანავე იძლევა ეფექტურ, ლამაზ ღიმილს.

ბუნებრივი კბილების ელფერისა და გამჭვირვალობის ზუსტი იმიტაციისათვის ცირკონიუმის კარკასს აპირკეთებენ სპეციალური კერამიკული მასით, რომლის საშუალებითაც ხელოვნური კბილი გამოიყურება როგორც ნამდვილი – სტომატოლოგიური ჩარევა შეუმჩნეველი რჩება რამდენიმე წლის შემდეგაც კი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ხელოვნური გვირგვინის კიდე არ არის გამოყოფილი მუქი არშიით, რაც ხშირად დამახასიათებელია სხვა სახის გვირგვინებისთვის.

ცირკონიუმი პრაქტიკულად ერთადერთი მასალაა, რომელიც არ იწვევს ალერგიას, ქავილს და დისკომფორტს. იგი გამოირჩევა მაღალი ბიოშეთავსებადობით და უარყოფითად არ მოქმედებს ღრძილებზე ანუ იგი წარმოადგენს ბიოინერტულ მასალას, რომელიც ადამიანის ორგანიზმის მიერ აღიქმება როგორც ბუნებრივი ქსოვილი.

მოხერხებულობა და საიმედოობა

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ცირკონიუმის ოქსიდი არ ურთიერთქმედებს ნერწყვთან და საკვებთან, უძლებს ტემპერატურის ცვლილებებს და არ იწვევს მექანიკურ დაზიანებებს. პაციენტების გადმოცემით, ცირკონიუმის კბილის გვირგვინები არ იგრძნობა პირის ღრუში როგორც უცხო სხეული და მათ უფრო ადვილად ეგუებიან, ვიდრე სხვა მასალებისგან დამზადებულ გვირგვინებს.

ასეთი გვირგვინების დიდი პლიუსია ლითონის სრული არარსებობა, რადგან ცირკონიუმის ოქსიდის კერამიკა შედგება მხოლოდ ფაიფურისგან. ასეთი კერამიკა ლითონის სტანდარტულ კარკასებზე ბევრად მტკიცეა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ცირკონიუმის ოქსიდისგან დამზადებული კარკასის სისქე სულ რაღაც 0,4 მმ-ია, რაც კბილების შედარებით დამზოგველი გაქლიბვის საშუალებას იძლევა.

გვირგვინების დამზადების საწყის ეტაპზე კბილის ტექნიკოსი ქმნის ერთი გვირგვინის ან მთელი კბილთა მწკრივის კომპიუტერულ მოდელს. შემდეგ ხდება გვირგვინის კარკასის მოდელირება და ფრეზირება. ამ დროს, მაღალი სიზუსტის მისაღწევად, ახალი კბილის დამზადების პროცესს კომპიუტერი მართავს.

პროცესის სრული ავტომატიზაცია გამორიცხავს ნებისმიერ შეცდომას, რადგან სისტემას  მიკრონული ცვლილებების გასწორებაც კი შეუძლია. მოდელირების შემდეგ კარკასი მოპირკეთდება დაბალტემპერატურული კერამიკით და გადაეცემა ექიმს პაციენტის პირის ღრუში მოსარგებად.

ცირკონიუმის ოქსიდისგან ამზადებენ როგორც ერთეულ გვირგვინებსა და ვინირების, ასევე ხიდისებურ პროთეზებს. ეს მასალა ასევე დიდ პოპულარობას იძენს იმპლანტებზე პროთეზირების სფეროში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც ამზადებს პროთეზებს ცირკონიუმის ოქსიდისგან, დიდი მოგების მისაღებად იყენებს უხარისხო ცირკონიუმის ოქსიდს, რომელსაც ნატურალურ ცირკონიუმის ოქსიდად ასაღებენ.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.