იცით როგორ აღზარდოთ თქვენი შვილი?

სტატიის ავტორი მარიტა მერკვილაძე. სტატია, ავტორის ნებართვით, აღებულია საიტიდან: http://b2p.ge/

პრაქტიკა…
მიეცით ბავშვს საშუალება თავად გააკეთოს ის, რისი გაკეთების უნარიც აქვს. მაგალითად, თუ ის არის 2 წლის და წაქცევის შემდეგ შეუძლია თავად ადგეს, ნუ მივარდებით მას წამოსაყენებლად. თუ ის არის 4 წლის და სურს დაგეხმაროთ ნამცხვის გამოცხობაში, ნუ ეტყვით მას, რომ ის ნელა აკეთებს საქმეს და ამდენი დრო არ გაქვთ. თუ ის არის 6 წლის, ნუ ეტყვით მას, რომ ისვრება კარაქის წასმის დროს. მიეცით საშუალება თავად წაისვას კარაქი პურზე.

როდესაც ჩათვლით, რომ ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია ჩაცმა, დაუთმეთ ეს საქმე მას. ნებისმიერ საკითხში, როდესაც ბავშვს მცირედ მაინც შეუძლია გააკეთოს რამე, მიუშვით ის. განსაკუთრებით კი გააკეთებინეთ ის საქმე, რაც მას ეხება.

შედეგი: ბავშვს უვითარდება პასუხისმგებლობის გრძნობა. როდესაც ის დამოუკიდებლად აკეთებს იმ საქმეს, რასაც მანამდე უფროსები აკეთებდნენ მისთვის, ეს ზრდის მისი კომპეტენტურობის გრძნობას და თვითშეფასებაც მაღლდება. (ბავშვი ფიქრობს: მე შემიძლია). ზრდასრულ ასაკში ასეთი ბავშვი მეტად ინიციატორის ამღებია. ნაკლებად აქვს შიში და გაუბედაობა საქმის დასაწყისში.

პატივისცემა
პატივი ეცით ბავშვს ნებისმიერ ასაკში. ეს მნიშვნელოვანია 5–6 წლის ასაკის ზემოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი გარდატეხის ასაკშია. პატივისცემა გამოიხატება მისი სურვილების გათვალისწინებაში. მისი აზრისა და გადაწყვეტილებების პატივისცემაში. ეს არ ნიშნავს რომ მაინცდამაინც ეთანხმებოდეთ მას. ეს ნიშნავს მოისმინოთ მისი აზრები ღიად და უპირობოდ. თუმცა საკუთარი აზრიც დაუფიქსიროთ ამა თუ იმ საკითხზე.

შედეგი: ეს მოგცემთ საშუალებას მეტად მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნოთ შვილთან. მეტად გახსნილი იყოს თქვენი ურთიერთობა. ზრდასრულ ასაკში კი ბავშვი მეტად დამოუკიდებლად მოაზროვნე გახდება. ექნება უნარი გააკეთოს არჩევანი და გადაწყვეტილება მიიღოს თავად. ამასთან ამ ნაბიჯით თქვენ შეძლებთ გააღვიოთ თქვენს შვილში თვით–პატივისცემა, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

მხარდაჭერა
ზოგი მშობელი(განსაკუთრებით დედა) ფიქრობს, რომ მათ გარდა ბავშვს არავინ არ სჭირდება. ისინი ძალიან ცდებიან. რაც მეტი მოსიყვარულე ადამიანი ჰყავს ბავშვს ირგვლივ, მით უფრო კარგია ეს მისთვის. გახსენით საზღვრები და მიეცით ბავშვს ურთიერთობების საშუალება სხვა მოსიყვარულე და მზრუნველ ადამიანებთან. ეს თქვენთვისაც დიდი მხარდაჭერაა.

შედეგი: ბავშვი ისწავლის ურთიერთობას სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან. ამასთან მრავალფეროვანი ურთიერთობები მას მეტ გამოცდილებას მოუტანს. ბევრი მხარდამჭერი და კეთილგანწყობილი ადამიანი მას სიმყარის გრძნობას გაუღვივებს და თავადაც უფრო კეთილგანყობილი იქნება სამყაროს მიმართ. და ყველაფერთან ერთად მას ექნება მაღალი სოციალური ცნობიერება, რაც ემოციური ინტელექტის ერთ–ერთი შემადგენელი კომპონენტია.

დაისვენეთ!
დედები, რომლებიც კვებავენ შვილებს ბუნებრივად, მეტად ისვენებენ, რადგან არ სჭირდებათ ბოლომდე გამოღვიძება ბავშვის გამოსაკვებად. დედები, რომლებსაც ხელოვნურ კვებაზე ჰყავთ ბავშვი, მინიმუმ ბოთლის გათბობისთვის უწევთ ღამე ადგომა. თუმცა დასვენების დრო ყოველთვის უნდა გამოინახოს.

გაიხსენეთ, როდესაც თვითმფრინავში განგაშია მგზავრებს შემდეგი ტექსტი მიეწოდება: უპირველესაც თავად ჩაიცვით ჟილეტები და გაიკეთეთ ჟანგბადის ბალიში და შემდეგ გაუკეთეთ ეს ბავშვს. რატომ აცხადებენ ასე? თუკი თქვენ არ გაიკეთებთ ჟანგბადს, შესაძლოა გაითიშოთ და ვინღა მიხედავს შემდეგ თქვენს შვილს?

დაიმახსოვრეთ, თქვენს შვილს სჭირდებით დასვენებული და ჯანმრთელი მშობელი, ამიტომ მიეცით თქვენს თავს მოდუნების საშუალება.

ზოგ მშობელს აქვს შეგრძნება, რომ მის შვილს სჭირდება ის მუდმივად და ზოგჯერ ისინი მაშინაც კი არ ისვენებენ, როდესაც ბავშვს სძინავს. ეს შეიძლება გაგრძელდეს არა მცირე ასაკში, არამედ მაშინაც, როდესაც ბავშვი არის დაახლოებით 6–7 ან 8–9 წლის. რა თქმა უნდა ეს არანორმალურია.

თუ მშობელი არ უთმობს დროს საკუთარ თავს – შედეგი: მშობელს ნაკლებად გააჩნია საკუთარი ცხოვრება. მისი ცხოვრება გაწყობილია მხოლოდ მისი შვილის ცხოვრების პარალელზე. ამასთან არაადექვატურად ღელავს შვილის ყოველ მოქმედებაზე, ცხოვრებისეულ სიტუაციაზე. შვილი კი მასზეა მიჯაჭვული. თუ ეს დამოკიდებულება არ შეწყდა, შესაძლოა შვილს ზრდასრულ ასაკშიც კი არ გააჩნდეს საკუთარი ცხოვრება მშობლის „კუდის“ გარეშე.

ეს ის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალია, რაც გამოგადგებათ აღზრდის პროცესში. ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გაცნობიერება გაგიადვილებთ აღზარდოთ ფსიქიკურად მეტად ჯანსაღი პიროვნება. გახადოთ ის მეტად დამოუკიდებლი. ასევე პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და ადექვატურად თავდაჯერებული ადამიანი.

________________________________________

გადასვლა >>>> ,,ფსიქოლოგია”

..