მიზანშეწონილების პრობლემა: განწყობა

მიზანშეწონილების პრობლემა: განწყობა (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

განწყობის ფსიქოლოგია. უზნაძე

1. მიზანშეწონილობის პრობლემა: მექანიციზმი და ვიტალიზმი. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
2. მიზანშეწონილების პრობლემა: განწყობა (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
ფსიქოიდი-ქცევა. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
3. განწყობა და ადამიანი (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
4. განწყობის ცნება ბურჟუაზიულ ფსიქოლოგიაში. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
5. განწყობის სუბიექტური ფაქტორი. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
6. განწყობის ობიექტური ფაქტორი. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
7. განწყობის ცნების მცდარი გამოყენება. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

ფიქსირებული განწყობა. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

1. ფიქსირებული განწყობის ცნება. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
2. ფიქსირებული განწყობის ილუზიები. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
….1) ბგერათა ინტენსიობის ილუზია. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
….2) განათებათა მიმართების ილუზია. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
….3) რაოდენობითი მიმართების ილუზია. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

განწყობა პათოლოგიურ შემთხვევებში. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

1. განწყობა და პათოლოგია. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
2. განწყობა შიზოფრენიის დროს. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
3. განწყობა ეპილეფსიის დროს. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
4. განწყობა ისტერიის შემთხვევებში. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)
5. ჯანმრთელობის გაუმჯობესება და განწყობა. (უზნაძე. განწყობის ფსიქოლოგია)

როგორ უნდა გავიგოთ ორგანიზმის ეს სპეციფიკური თავისებურება? ენგელსი ამბობს, რომ `მიზანშეწონილი მოქმედება ჩანასახში ყველგან არსებობს, სადაც კი პროტოპლაზმა არის, სადაც ცოცხალი ცილა არსებობს და რეაგირობს, ესე იგი, თუნდ სულ მარტივ მოძრაობას იძლევა, როგორც შედეგს გარედან მომდინარე გარკვეული გაღიზიანებისას. ასეთ რეაქციას იქაც კი აქვს ადგილი, სადაც ჯერ კიდევ არავითარი უჯრედი არ არსებობს, მით უმეტეს, ნერვული უჯრედი~-ო.

მაშ, ნათელია, რომ ყოველი ცოცხალი არსისთვის, ყოველი მეტად თუ ნაკლებად რთული ორგანიზმისთვის ძირითადში მიზანშეწონილი ქცევაა დამახასიათებელი. იგი არის ის სპეციფიკური თავისებურება, რომელიც ორგანული მატერიის რომელობითს მონაპოვარს წარმოადგენს და არაორგანულისთვის სრულიად უცხოა. ჩვენი პრობლემა, მაშასადამე, იმაში მდგომარეობს, რომ გავარკვიოთ, თუ როგორაა შესაძლებელი, რომ ორგანიზმის, როგორც მატერიის ერთ-ერთი ფორმის, ქცევა უდაოდ მიზეზობრივად იყოს განსაზღვრული, მაგრამ იმავე დროს მიზანშეწონილობითაც ხასიათდებოდეს.
ვნახოთ ჯერ, საიდანაა, რომ ცოცხალი არსების ქცევა მიზანშეწონილი ხასიათისაა. უდაოა, რომ ქცევის ეს ნიშანი ცოცხალი ორგანიზმის რომელიღაც განსაკუთრებით სპეციფიკური თავისებურებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მაშასადამე, პირველ რიგში გამოსარკვევია, თუ რა უნდა ჩაითვალოს ამ სპეციფიკურ თავისებურებად, ისეთ თავისებურებად, რომ მის გარეშე ცოცხალი ორგანიზმის არსებობაც კი შეუძლებელი იყოს.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ცოცხალი ორგანიზმის ძირითადი განსაკუთრებით ნიშანდობლივი თავისებურება, რომლითაც იგი მკვეთრად განსხვავდება არაორგანული სხეულისგან, ეს ისაა, რომ იგი გარემოსთან ნივთიერებათა გაცვლა-გამოცვლის განუწყვეტელ ურთიერთობაში იმყოფება. როგორც ყველამ იცის, გარეშე ამ ურთიერთობისა, სიცოცხლე სრულიად შეუძლებელი იქნებოდა. `სიცოცხლე ცილოვან ნივთიერებათა არსებობის ფორმაა, რომლის არსებითს მომენტსაც გარემო ბუნებასთან ნივთიერებათა მუდმივი გაცვლა-გამოცვლა შეადგენს და რომელიც ამ გაცვლაგამოცვლის შეწყვეტასთან ერთად ისპობა~-ო, ამბობს ენგელსი. რასაკვირველია, ნივთიერებათა გაცვლა-გამოცვლის შესახებ არაორგანულ სინამდვილეშიც შეიძლება ლაპარაკი, იმიტომ რომ ქიმიკური პროცესების არსებობა ყველგან დასტურდება. მაგრამ აქ სულ სხვაგვარ გაცვლაგამოცვლასთან გვაქვს საქმე. `არაორგანულ სხეულთა შემთხვევაში ნივთიერებათა გაცვლაგამოცვლა არღვევს მათ, ხოლო ორგანულ სხეულთა შემთხვევაში იგი მათი არსებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენსო~, გვეუბნება ენგელსი. ამიტომ ნივთიერებათა გაცვლა-გამოცვლა, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმისთვისაა დამახასიათებელი.

ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ცოცხალი არსების სპეციფიკურ თავისებურებას, განვითარების რა საფეხურზეც უნდა იდგეს იგი, ყველგან ნივთიერებათა გაცვლა-გამოცვლა შეადგენს. სხვანაირად ეს იმას ნიშნავს, რომ ცოცხალ ორგანიზმს ის გარემოება ახასიათებს, რომ იგი ყოველთვის რაიმე მოთხოვნილების მატარებელია, რომ მას ყოველთვის რაიმე მოთხოვნილება, პირველ რიგში, ნივთიერი მოთხოვნილება აქვს. არაორგანული სხეულის შესახებ ამის თქმა, რასაკვირველია, არ შეიძლება. ნივთიერების გაცვლა-გამოცვლა მას არ ესაჭიროება, მოთხოვნილება მას არა აქვს.
ამრიგად. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ცოცხალ ორგანიზეს ორი თავისებურება აქვს, რომლის მსგავსსაც არაორგანულ სინამდვილეში ვერაფერს ვხვდებით. ერთი _ მიზანშეწონილი ქცევა და მეორე _ მოთხოვნილება. ძნელი შესამჩნვვი არაა, რომ მათ შორის უეჭველი კავშირი არსებობს. მიზანშეწონილ ქცევას მოთხოვნილების ფაქტი უდევს საფუძვლად. თუ ცოცხალი ორგანიზმი ქცევის აქტს მიმართავს, ამას მხოლოდ იმიტომ შვება, რომ სხვანაირად მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლებელია.
მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებებს მხოლოდ გარებუნება შეიცავს. მაშასადამე, ცოცხალი არსება იძულებული ხდება, ბუნებასთან სათანადო ურთიერთობა დაამყაროს, ესე იგი, გარკვეულ ქცევის აქტებს მიმართოს. მაშასადამე, უდაოა, რომ ქცევა საზოგადოდ მოთხოვნილების ნიადაგზეა აღმოცენებული, რომ იგი მოთხოვნილების პროდუქტს წარმოადგენს.
მაგრამ რატომაა, რომ ეს ქცევა მიზანშეწონილია? როგორ ახერხებს ორგანიზმი, რომ სწორედ მიზანშეწონილ ქცევას მიმართავს? უნდა ვიფიქროთ, რომ ეს საკითხიც მოთხოვნილების ცნებასთან დაკავშირებით უნდა გადაწყდეს.

სანამ სხეული მოკლებულია მოთხოვნილებას, მასსა და დანარჩენ სინამდვილეს შორის სრულიად ინდიფერენტული დამოკიდებულება არსებობს. რა იმოქმედებს და რამდენად იმოქმედებს ამ სხეულზე, ეს სულერთია. იგი თავიდან ბოლომდე პასიურად განიცდის ამ ზემოქმედებას. მაგრამ რა წამს სხეულს მოთხოვნილება უჩნდება, იმ მომენტიდან სინამდვილესა და მას შორის ინდიფერენტული ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება: ამიერიდან ცოცხალი ორგანიზმი იმიტომ ამყარებს სინამდვილესთან ურთიერთობას, რომ მას მოთხოვნილება აქვს, რომლის დაკმაყოფილებაც ამ ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია. ამიერიდან, რასაკვირველია, სულერთი აღარაა მისთვის, თუ რა იმოქმედებს და როგორ იმოქმედებს ამ სინამდვილიდან მასზე.
ამიერიდან იგი გარემოსთან, როგორც არა ინდიფერენტულ რაღაცასთან, არამედ როგორც თავისი მოთხოვნილების სიტუაციასთან, აწესებს კავშირს.
მაშასადამე, თუ აქამდე სხეულსა და გარემოს მოვლენათა შორის მხოლოდ შემთხვევითი დამოკიდებულება არსებობდა, ამიერიდან ცოცხალი ორგანიზმისა და გარემოს ურთიერთობა მოთხოვნილების ნიადაგზე ყალიბდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ყველაფერი კი არ მოქმედობს გარესინამდვილეში ცოცხალ არსებაზე, არამედ მხოლოდ ის, რაც მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების პირობებს შეიცავს, ესე იგი, რაც ყოველს მოცემულ მომენტში აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაციას წარმოადგენს.
ამნაირად, ნათელი ხდება, რომ მოთხოვნილების მატარებელს ცოცხალ ორგანიზმზე გარემოს ცალ-ცალკე მოვლენები კი არ აწარმოებენ ზემოქმედებას, არამედ ამ მოვლენების მთელი სისტემა, რამდენადაც ისინი აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების პირობებს შეიცავენ, ესე იგი, რამდენადაც ისინი მის სიტუაციას წარმოადგენენ.
მაგრამ მოთხოვნილების ფაქტი არა მარტო ამას ხდის გასაგებად, ესე იგი, იმ გარემოებას, რომ ცოცხალ ორგანიზმზე გარემო, როგორც მოვლენათა შემთხვევითი თავყრილობა კი არა, როგორც განსაზღვრული სიტუაცია, როგორც გარკვეული მთლიანი სისტემა, ახდენს ზეგავლენას.

მოთხოვნილების ფაქტი მეორე მნიშვნელოვან გარემოებასაც უდევს საფუძვლად, სახელდობრ შემდეგს: არაორგანული სხეული ყოველთვის მხოლოდ ობიექტს წარმოადგენს სხვა ობიექტთა გვერდით _ მას არაფერი აქვს ისეთი, რომ მისს სწორედ ასეთს და არა ისეთ დამოკიდებულებას მოითხოვდეს სხვა ობიექტებთან _ მას არაფერი აქვს ისეთი, რომ მას რაიმე ქცევას ავალებდეს. მაგრამ რა წამს სხეულს მოთხოვნილება უჩნდება, მდგომარეობა მაშინვე იცვლება: გარესინამდვილე ეხლა მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებად, მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაციად იქცევა. მაშასადამე, ორგანული სხეული, იმისდა მიხედვით, თუ რა მოთხოვნილება აქვს მას, იძულებული ხდება, ამა თუ იმ გარკვეული ხასიათის ურთიერთობა დაამყაროს გარესინამდვილესთან _ იგი იძულებული ხდება, გარკვეული ქცევის აქტებს მიმართოს.
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ მოთხოვნილების ფაქტის ნიადაგზე ცოცხალი ორგანიზმი ინდივიდად ქცევის სუბიექტად, იქცევა, ხოლო მასზე მოქმედი გარე სინამდვილე მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაციად.
რას ნიშვავს ეს? უწინარეს ყოვლისა, ნათელი ხდება, რომ გარესინამდვილე ცოცხალ არსებაზე როგორც ინდივიდზე, როგორც მოთხოვნილების სუბიექტზე ახდენს ზემოქმედებას _ ესე იგი, ცოცხალი არსების არა რომელიმე ნაწილობრივ მომენტზე, მის რომელსამე ძალაზე ან ფუნქციაზე, არამედ მასზე, როგორც მთლიანზე, როგორც ინდივიდზე, როგორც მოთხოვნილების სუბიექტზე.
მაშასადამე, ნათელი ხდება ისიც, რომ გარესინამდვილის ზემოქმედების ეფექტი პირველ რიგში ცოცხალ არსებაში, როგორც მოთხოვნილების სუბიექტში, როგორც ინდივიდში, იჩენს თავს, და მაშასადამე, მხოლოდ მთლიანობითი ხასიათის შეიძლება იყოს. უკეთ რომ ვთქვათ, ეს ეფექტი მოთხოვნილების სუბიექტში რაიმე ნაწილობრივი ცვლილების სახით კი არ უნდა იჩენდეს სადმე თავს, არამედ თვითონ ინდივიდის ცვლილებას, თვითონ ინდივიდის მოდიფიკაციას უნდა წარმოადგენდეს.
მაგრამ როგორია შინაარსებულად ეს მთლიანობითი ეფექტი, ეს ინდივიდის, როგორც მოთხოვნილების სუბიექტის გადასხვაფერება ან გადახალისება? გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენთვის ამ საკითხის გადაჭრას აქვს, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი საკითხის გადაწყვეტა მთლიანად მასზეა დამოკიდებული.
გარესინამდვილე ცოცხალ არსებაზე, როგორც ინდივიდზე, მაშასადამე, როგორც მთელზე მოქმედობს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ იგი ამ შემთხვევაში, როგორც განსაზღვრული მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაცია მოქმედობს მასზე, როგორც სისტემა, რომელიც ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების პირობებს შეიცავს. მაშასადამე, იმ ეფექტში, რომელსაც იგი სუბიექტში იწვევს, გარესინამდვილე შეიძლება მხოლოდ როგორც განსაზღვრული მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაცია _ და არა როგორც შემთხვევითი და ინდიფერენტული გარემო _ იყოს ასახული. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ეფექტი თვითონ სუბიექტის მოდიფიკაციას, თვითონ სუბიექტის გადახალისებას, მის გადასტრუქტურებას წარმოადგენს, და არა რაიმე ნაწილობრივ ცვლილებას, რომელიც ცოცხალი არსების რომელსამე კერძო მხარეს ეხება. ეს კი, ცხადია, შეიძლება მხოლოდ იმას ნიშნავდეს, რომ გარესინამდვილესთან ურთიერთობის პროცესში, ქცევის სუბიექტი, რომელიც ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ესწრაფვის, ამ უკანასკნელის სიტუაციის შესატყვისად იცვლება. მაშასადამე, იგი, როგორც მთელი, როგორც ქცევის სუბიექტი უკვე მანამდე, სანამ მოქმედებას დაიწყებდეს, თავისი მოთხოვნილების სიტუაციის შესატყვის მოდიფიკაციას განიცდის, და ამიტომ მისი მომავალი მოქმედება მოცემული სიტუაციის შესატყვისად მოდიფიცირებული არსების მოქმედებას წარმოადგენს. მაშასადამე, როგორ იმოქმედებს მოცემულ სიტუაციაში ესა თუ ის ცოცხალი არსება, ეს განსაზღვრულ ფარგლებში, უკვე მანამ არის გარკვეული, სანამ მოქმედება დაიწყებოდეს: ეს უკანასკნელი მოცემულია იმ მოდიფიკაციის სახით, რომელსაც სუბიექტი გარემოს ზემოქმედების შედეგად განიცდის. მაგრამ თუ იგი მანამდეა მოცემული, სანამ დაიწყებოდეს, ცხადია, იგი მხოლოდ როგორც წინასწარი მიდრეკილება, როგორც გარკვეული მოქმედების ტენდენციაა მოცემული.

მაშასადამე, ქცევას წინ უსწრებს სუბიექტის მდგომარეობა, რომელშიც, როგორც ობიექტური სიტუაციის ასახვაში, ამ ქცევის საერთო ხასიათი, მისი ძირითადი რაგვარობა მისი ობიექტური ვითარების შესატყვისობა წინასწარაა განსაზღვრული.
რა უნდა ვუწოდოთ ამ სპეციფიკურ მდგომარეობას? ფსიქოლოგიაში კარგა ხანია ერთი ფაქტია შენიშნული, რომელიც განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში `განწყობის~ სახელწოდებით აღინიშნება ხოლმე. ამ ფაქტის ერთერთ ნიმუშად შემდეგი შეიძლება ჩაითვალოს. როდესაც ადამიანი, ვთქვათ, პურის შესახებ რუსს ესაუბრება, მას ენაზე თავისთავად რუსული სიტყვა ადგება. ხოლო როდესაც იგი, მაგალითად, გერმანელთან დაიწყებს საუბარს, მაშინ მას შესაფერი გერმანული სიტყვა (Bროტ) აგონდება.
რატომ? რა უდევს ამ გარმოებას საფუძვლად? პასუხი ასეთია. რუსთან საუბრის დროს ადამიანი რუსულად სალაპარაკოდ არის განწყობილი, ხოლო გერმანელთა საუბრის დროს _ გერმანულად სალაპარაკოდ. მაშასადამე, რა სიტყვა მოგადგება ენაზე ყოველს კერძო შემთხვევაში, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ენაზე ლაპარაკის განწყობა გაქვს.
ჩვენ დავრწმუნდით, რომ სანამ ცოცხალი არსება საზოგადოდ რაიმე მნიშვნელოვან ქცევას ჩაიდენდეს, იგი უკვე მანამდეა ისე მოდიფიცირებული, რომ მან სწორედ ეს ქცევა უნდა ჩაიდინოს. _ სხვანაირად ასეც შეიძლებოდა გვეთქვა: სანამ ცოცხალი არსება რაიმე ქცევას მიმართავდეს, მას უკვე მანამდე აქვს ეს ქცევა განწყობის სახით მოცემული.

მაშასადამე, იმ სპეციფიკურ მდგომარეობას, რომელიც სუბიექტში მოთხოვნილების დაკმაყოფილების ობიექტური სიტუაციის ზეგავლენის შედეგად ჩნდება, განწყობა შეგვიძლია ვუწოდოთ. ეს ტერმინი განსაკუთრებით იმიტომაა შესაფერისი, რომ ერთის მხრივ, იგი იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ საქმე არა რომელსამე გარკვეულს შინაარსეულ ცვლილებას ეხება, რომელიც სუბიექტში ჩნდება, არამედ სუბიექტს, როგორც მთელს; მეორის მხრივ _ იმ გარემოებაზე, რომ სუბიექტის ეს სპეციფიკური მდგომარეობა მას გარკვეულ ქცევისკენ მოუწოდებს _ მაშასადამე, ეს ქცევა უკვე წინასწარაა მასში განსაზღვრული, და, დასასრულ, _ იმ გარმოებაზეც, რომ ეს სპეციფიკური მდგომარეობა დინამიკური სახის მოვლენაა, რომელმაც თავისი გამოვლენა სუბიექტის გარკვეულ აქტივობაში უნდა პოვოს.

ამრიგად, ცოცხალი არსებისა და გარემოს ურთიერთობა, რამდენადაც ამ უკანასკნელს მოთხოვნილების დაკმაყოფილების იმპულსი უდევს საფუძვლად, საბოლოოდ ასე უნდა წარმოვიდგინოთ: მოთხოვნილების დაკმაყოფილების იმპულსით ამოქმედებულს ცოცხალ არსებაზე გარემოსიტუაცია იწყებს ზემოქმედებას და მასში სიტუაციის შესაფერის გარკვეულს მთლიან ცვლილებას, გარკვეულ განწყობას იწვევს. ამიერიდან ასე შეცვლილს, გარკვეული განწყობის მქონე სუბიექტს, რასაკვირველია, მხოლოდ თავისი განწყობის შესაფერისი პროცესებისა და აქტების წარმოება შეუძლია. ამისდა მიხედვით, მისი ქცევა, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, ყოველ მონაცემ მომენტში მისი ამა თუ იმ განწყობის რეალიზაციად უნდა ჩაითვალოს.
მაშასადამე, ცოცხალი არსების ქცევას გარემო განსაზღვრავს მაგრამ ეს განსაზღვრა მექანიკური ხასიათის როდია: გარემო თვითონ ქცევას აქტებზე კი არ მოქმედობს უშუალოდ, იგი პირდაპირ კი არ იწვევს მას. არა, იგი სუბიექტზე მოქმედობს, მას სცვლის მთელი სიტუაციის შესაფერისად, მასში გარკვეული ქცევის განწყობას იწვევს. თვითონ ქცევის აქტებს კი უშუალოდ ამიერიდან ამ გარკვეული განწყობის მქონე სუბიექტი განსაზღვრავს. იგი იმ აქტებს და პროცესებს, ერთი სიტყვით, იმ ქცევას მიმართავს, რომლის განწყობაც მას სიტუაციის ზემოქმედების შედეგად აქვს შემუშავებული.

ამის შემდეგ ძნელი არ არის იმ ძირითადი საკითხის გადაჭრაც, რომელიც ცოცხალი ორგანიზმის ქცევის მიზანშეწონილობის ფაქტს ეხება და რომლის გამოც მექანისტური და ვიტალისტური შეხედულებები ეგოდენ მკვეთრად უპირისპირდებიან ურთიერთს. მექანიციზმისა და ვიტალიზმის ფორმულა გარემოსა და სუბიექტს შორის ურთიერთ-დამოკიდებულების შესახებ შეიძლება, როგორც ორწევრიანი ფორმულა, დახასიათდეს. მართლაცდა, მექანიციზმიცა და ვიტალიზმიც ამ ურთიერთობაში მხოლოდ ორ-ორ წევრს გულისხმობს. მექანიციზმის მიხედვით, გარემო პირდაპირ იწვევს ორგანიზმში ამა თუ იმ ქცევას. მაშასადამე, მისი ფორმულის სქემა ასეთი იქნება: გარემოქცევა.
ვიტალიზმის რწმენით, ორგანიზმი მიზანდამსახველ ძალას, ენტელექიას თუ ფსიქოიდს შეიცავს, და ქცევას სწორედ ეს ძალა განსაზღვრავს. მისი ფორმულის სქემაც ორწევრიანია.

__________________________________________

>>>> ფსიქოლოგია

..