Agrobacterium

Agrobacterium (ლათ.) – გრამუარყოფითი ბაქტერიების ჯგუფი. გვარის წარმომადგენლებს შეუძლიათ, გენების ჰორიზონტალური გადატანა, შედეგად მცენარეებში ვითარდება სიმსივნე. ყველაზე უკეთ ამ გვარიდან შესწავლილია Agrobacterium tumefaciens-ი. გენების გადატანის უნარის გამო, ეს გვარი გახდა გენური ინჟინერიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. Agrobacterium-ის გვარი თავისი შემადგენლობის მიხედვით ჰეტეროგენულია. 1998 წელს მოხდა გვარის რეკლასიფიცირება, შედეგად Agrobacterium-ის წარმომადგენლები დაიყო 4 ახალ ჯგუფად: Ahrensia, Pseudorhodobacter, Ruegeria და Stappia. თუმცა, 2001-2003 წლის გამოკვლევების თანახმად, აღმოჩნდა, რომ სახეობების უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება Rhizobium-ის გვარს.
A. tumefaciens – ი მცენარეებში იწვევს ავთვისებიანი სიმსივნეების – გალების წარმოქმნას. ჩვეულებრივ ისინი წარმოიქმნება ფესვებსა და აღმონაცენებზე. მცენარის უჯრედში სიმსივნე ვითარდება, ბაქტერიული Ti-პლაზმიდის (Т-დნმ) კონიუგაციური გადატანის შედეგად. ახლონათესაური სახეობა A. rhizogenes-ი ასევე იწვევს ფესვთა სიმსივნეებს და გააჩნია სპეციალური Ri-პლაზმიდა (ინგლ. root-inducing – ინდუცირებადი ფესვები). მიუხედავად იმისა, რომ Agrobacterium-ის ტაქსონიმიური მდგომარეობა მუდმივად გადაიხედება, შესაძლებელია გვარიდან სამი ბიოვარის გამოყოფა: A. tumefaciens, A. rhizogenes და A. vitis. Agrobacterium-ი გარდა იმისა, რომ მცენარეებს აინფიცირებს, მას შეუძლია დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში გამოიწვიოს ოპორტუნისტული დაავადებები. თუმცა, ჯანმრთელ ადამიანებში, მის საშიშროების შესახებ ინფორმაცია არ არის. 1988 წელს შოტლანდიელმა ექიმმა პ. კეინმა გამოაქვეყნა  მონაცემები Agrobacterium radiobacter-ის მიერ ადამიანის ინფიცირების შესახებ. უფრო გვიანი კვლევებით დადგინდა, რომ Agrobacterium-ი ადამიანის, ზოგიერთი სახეობის უჯრედების დაზიანებას და გენეტიკურ ტრანსფორმაციას ახდენს  და შეუძლია Т-დნმ შეიყვანოს უჯრედულ გენომში. კვლევები ჩატარებული იყო ადამიანის ქსოვილის კულტურაში, ამიტომ ბუნებაში, ადამინის ინფიცირების შესახებ შეფასებები არ ყოფილა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.