ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
უჯრედი – (ლათ. cellula; ბერძნ. cytos) ცოცხალი ნივთიერების ელემენტარული სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული, რომელიც შედგება ბირთვისა და ციტოპლაზმისაგან და ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების განვითარებისა და აგებულების საფუძველია. უჯრედი ურთულესი, მთლიანი, თვითმარეგულირებელი და თვითწარმოქმნადი მიკროსკოპული ცოცხალი სისტემაა. ფიზიკურ – ქიმიური თვისებების მხრივ უჯრედი ჰეტეროგენური სისტემაა, რომელიც შედგება მემბრანული და გრანულური სტრუქტურული კომპონენტებისგან. უჯრედის ციტოპლაზმა შეიცავს მის სპეციალიზებულ ნაწილებს – ზოგადი მნიშვნელობის ორგანელებს (ენდოპლაზმურ ბადეს, მიტოქონდრიებს, გოლჯის კომპლექსსა და უჯრედის ცენტრს), სპეციალურ ორგანელებსა და ჩანართებს. უჯრედის ბირთვი უჯრედის ინფორმაციულ – გენეტიკური აპარატია. იგი შედგება ბირთვის მემბრანის, ქრომატინის (ქრომოსომების), ბირთვაკებისა და კარიოლიმფისაგან, ანუ ბირთვის წვენისაგან. მრავალუჯრედიან ორგანიზმებში არჩევენ სომატურ და სასქესო უჯრედებს . უჯრედების ფორმა და ზომა სულ სხვადასხვანაირია. ქსოვილების შემადგენლობაში უჯრედები სპეციალიზდება სპეციფიკური ფუნქციების შესასრულებლად. ამ დროს შესაძლებელია მათი გაერთიანება სინციტიუმად და სიმპლასტებად , რომლებიც უჯრედული აგებულების განსაკუთრებული ფორმებია. უჯრედებმა თავისი განვითარების პროცესში შეიძლება წარმოქმნას უჯრედშორისი შუალედური ნივთიერება. ამჟამად დედამიწაზე მცხოვრები ორგანიზმების შემადგენლობაში ახალი უჯრედები წარმოიქმნება უპირატესად მხოლოდ მემკვიდრეობით უჯრედთა გაყოფის გზით. ამ მხრივ ხორციელდება ერთი უჯრედიდან მეორეზე მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემა. ტერმინი შემოიღო ჰუკმა (1665). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა