ქრომოსომული აბერაციები – 1. (aberrationes chromosomati ლათ.aberratio – გადახრა) ქრომოსომების სტრუქტურის ცვლილება, რაც გამოწვეულია უჯრედებზე მუტაგენური ფაქტორებისა (იხ. მუტაციები) და, უპირველეს ყოვლისა, მაიონიზებელი გამოსხივების, კანცეროგენებისა და სხვ. მოქმედებით. არჩევენ ქრომოსომული აბერაციების რამდენიმე სახესხვაობას: 1. ქრომოსომის გახლეჩას – ქრომოსომის განივ გახლეჩას მოტეხილი ბოლო სეგმენტის სრული მოცილებით. ამ დროს იქმნება დამოკლებული ქრომოსომა და მისგან მოცილებული ნატეხი; 2. დელეციას , ანუ ნაკლებობას, რაც დაკავშირებულია ქრომოსომის უბნის ამოვარდნასთან. ეს შესაძლებელია ქრომოსომის ორი განივი მოტეხილობის შემთხვევაში მისი ფრაგმენტის ამოვარდნით, რომელიც მოტეხილობებს შორისაა. ქრომოსომის მოტეხილი ბოლოებისა და ბოლო სეგმენტის შეერთების შემდეგ წარმოიქმნება დამოკლებული ქრომოსომა, რომელშიც არ არის ამოსოლილი ფრაგმენტი; 3. ტრანსლოკაციას – გამოცალკევებული ნატეხების ურთიერთგაცვლას ქრომოსომებს შორის მათი განივი მოტეხილობის შემდეგ. ამ დროს ქრომოსომების ფრაგმენტები არ უერთდება იმ ქრომოსომებს, რომლებსაც მოსწყდა; 4. ინვერსიას – ქრომოსომების ნატეხის გადაბრუნებას 180o – ით ორ ადგილას ქრომოსომის გახლეჩის შემდეგ; 5. დუპლიკაციას – ქრომოსომების რომელიმე უბნის გაორმაგებას. ქრომოსომული აბერაციები ქრომოსომულ დაავადებათა მიზეზია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. ქრომოსომის სტრუქტურის ცვლილება, რომელიც გამოწვეულია მისი გახლეჩით და გენეტიკური მასალის შემდგომი გადანაწილებით, დაკარგვით ან ნაწილობრივი გაორმაგებით.
გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
.