ლალი დათეშიძე
ლეგიონელოზი – (ლეგიონერების დაავადება, პიტსბურგის პნევმონია, ლეგიონელა-ინფექცია) – მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც განპირობებულია ლეგიონელების სხვადასხვა სახეობებით; ხასიათდება ცხელებით, გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციით, მძიმე მიმდინარეობით, ფილტვების, ცენტრალური ნერვული სისტემის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაზიანებით.
ეტიოლოგია. პათოგენეზი. ლეგიონელები წარმოადგენენ გრამუარყოფით ბაქტერიებს, რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებულნი და ხანგრძლივად ძლებენ გარემოში. დასნებოვნება ხდება აეროგენურად, დაინფიცირებული

წყლის უწვრილესი წვეთების შესუნთქვისას. ლეგიონელები მაღალმგრძნობიარენი არიან ერითრომიცინის, ლევომიცეტინის, ამპიცილინის მიმართ, ნაკლებმგრძნობიარენი ტეტრაციკლინის მიმართ და სრულიან არამგრძნობიარენი პენიცილინისა და ცეფალოსპირინებისადმი. ინფექციის კარია რესპირატორული ტრაქტის ქვედა ნაწილები. ხშირად ავადდებიან საშუალო და ხანდაზმული ასაკის პირები; დაავადებას ხელს უწყობს სიგარეტის წევა, ალკოჰოლის ხშირი გამოყენება, შაქრიანი დიაბეტი, იმუნოდეპრესანტების მიღება, შიდსი. მიკრობის დაშლის დროს გამოთავისუფლდება ენდოტოქსინი, რომელიც განაპირობებს რიგი ორგანოებისა და სისტემების დაზიანებას. მძიმე შემთხვევებში ვითარდება ინფექციურ-ტოქსიკური შოკი, რომელიც მიმდინარეობს სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობით, ჰიპოქსიით, რესპირატორული აციდოზით.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2-10 დღე (ხშირად 5-7 დღე). დაავადება იწყება მწვავედ; სხეულის ტემერატურის მომატებას თან ახლავს შემცივნება. სწრაფად მატულობს ზოგადი სისუსტე, დამტვრეულობა, კუნთების ტკივილი. პირველივე დღეებიდანვე ჩნდება მტანჯველი ხველა, მჩხლეტავი ტკივილები გულმკერდში. ვლინდება პნევმონიის ნიშნები, სუნთქვის სიხშირე აღწევს წუთში 30-40-ს. შესაძლებელია აღინიშნებოდეს ღებინება, ფაღარათი. ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები (თავბრუსხვევა, ბოდვები, ცნობიერების მოშლა); აღინიშნება ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება; შესაძლებელია განვითარდეს ჰემორაგიული სინდრომი. მძიმე შემთხვევებში სწრაფად მატულობს სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობა, ვითადება ინფექციურ-ტოქსიკური შოკი; სიკვდილი შესაძლოა დადგეს დაავადების პირველი კვირის ბოლოს. ლეგიონელოზი ყოველთვის არ მიმდინარეობს პნევმონიის სახით. ე. წ. პონტოს ცხელება ხასიათდება ტემპერატურის ხანმოკლე მომატებით (2-5 დღე), ზომიერად გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციით; რიგ ავადმყოფებში შესაძლებელია გამოვლინდეს ბრონქიტისა და პლევრიტის სიმპტომები, მაგრამ პნევმონია არ ვითარდება. ლეტალობა დაავადების ამ ფორმის დროს არ აღინიშნება.
მკურნალობა. განსაკუთრებით ეფექტურია ერითრომიცინი; ეფექტურობა მატულობს ერითრომიცინის შერწყმისას რიფამპიცინთან; პროგნოზი სერიოზულია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 919 times by 496 viewers



