ლეიშმანიოზი

 ლეიშმანიოზი leishmaniasis

ლეიშმანიოზიპარაზიტული დაავადებაა; ადამიანთან მიმდინარეობს შემდეგი ფორმებით: 1. ვისცერული ლეიშმანიოზი; 2. კანის ლეიშმანიოზი; 3. კან-ლორწოვანის ამერიკული ლეიშმანიოზი (ესპუნდია). ვისცერული ლეიშმანიოზი ხასიათდება ხანგრძლივი ცხელებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, მკვეთრი ლეიკოპენიით, ანემიით, პროგრესირებადი მიმდინარეობით. კანის ლეიშმანიოზისათვის დამახასიათებელია ხანგრძლივად შეუხორცებადი წყლულების განვითარება.

ლეიშმანიოზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი

ლეიშმანიოზების გამოწვევებია სხვადასხვა სახის ლეიშმანიები. ინფექციის შეჭრის კარია კანზე მოსკიტის ნაკბენის ადგილი, სადაც ხდება ლეიშმანიების გამრავლება და დაგროვება. რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ წარმოიქმნება მცირე ზომის წყლული ან პაპულა. ვისცერული ლეიშმანიოზის დროს გამომწვევი ჰემატოგენურად აღწევს ორგანიზმში და ფიქსირდება რეტიკულურ-ენდოთელური სისტემის ორგანოებში (ძვლის ტვინი, ღვიძლი, ელენთა, ლიმფური კვანძები), იწვევს ნეკროზულ და დეგენერაციულ ცვლილებებს. კანის ლეიშმანიოზის დროს ცვლილებები აღინიშნება უპირატესად ინფექციის შეჭრის კარის მიდამოში.

ლეიშმანიოზი – სიმპტომები, მიმდინარეობა

ინკუბაციური პერიოდი ვისცერული ლეიშმანიოზის დროს შეადგენს 3 კვირიდან 3 წლამდე (ხშირად რამდენიმე თვე). დაავადება იწყება თანდათანობით; პირველ გამოვლინებებს ჩვეულებრივ ვერ ამჩნევენ. მატულობს ზოგადი სისუსტე, ვლინდება ცხელება, რომელიც ტალღისებრია. აღინიშნება კანის სიფერმკრთალე ანემიზაციის გამო, კანი მუქი შეფერილობისაა თირკმელზედა ჯირკვლების დაზიანების გამო, ზოგჯერ აღინიშნება ჰემორაგიული გამონაყარი. აგრანულოციტოზის დროს შესაძლებელია წარმოიქმნას წყლულოვან-ნეკროზული ცვლილებები პირის ღრუში. ავადმყოფთა მდგომარეობა პროგრესულად უარესდება, ისინი ხდებიან, მატულობს ანემია, ლეიკოპენია, ვლიდება ღვიძლის მიშვნელოვანი (ჭიპის ხაზამდე) და ელენთის (მცირე მენჯის ღრუმდე) გადიდება; სისხლის გამოკვლევით – ლეიკოპენია, ანემია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ედსის მომატება, ალბუმინების შემცირება და გლობულინების დონის მომატება.

კანის ლეიშმანიოზი მიმდინარეობს ანთროპონოზული ან ზოონოზური ტიპით. ანთროპონოზული ტიპი ხასიათდება ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდით (3-8 თვე). გამომწვევის შეჭრის ადგილზე წარმოიქმენება მცირე ზომის ბორცვი (დიამეტრით 2-3 მმ), რომელიც ნელა იზრდება და 3-6 თვის შემდეგ იფარება ქერქით, რომლის ქვეშ წარმოიქმნება წყლული, არასწორი კიდეებით. დანაწიბურება ნელა მიმდინარეობს და მთავრდება 1-2 წლის შემდეგ.

ცრუ ლეიშმანიოზის ზოონოზური ტიპი ხასიათდება შედარებით ხანმოკლე ინკუბაციური პერიოდით (3 კვირა), ბორცვი ნაკბენის ადგილზე სწრაფად იზრდება, რამდენიმე დღეში მისი დიამეტრი აღწევს 10-15 მმ. ბორცვის შუაში ჩნდება ნეკროზი და იხსნება წყლული, ფართო ინფილტრატითა და ირგვლივ შეშუპებით. წყლულის დიამეტრი ზოგჯერ აღწევს 5 სმ-ს. მე-3 თვეზე წყლულის ფსკერი სუფთავდება, ხოლო 5 თვის შემდეგ მთავრდება დანაწიბურება.

ლეიშმანიოზი – დიაგნოზი

გარკვეული მნიშვნელობა აქვს დამახასიათებელ კლინიკურ სიმპტომებს, სისხლის სურათსა და ცილოვანი შემადგენლობის ცვლილებას ვისცერული ლეიშანიოზის დროს. დაავადების დამადასტურებელია ლეიშმანიების აღმოჩენა (მასალა ბორცვიდან, ძვლის ტვინის პუნქტატიდან, ლიმფური კვანძებიდან).

ლეიშმანიოზი – პროგნოზი

დროულად ჩატარებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა.

>> ინფექციური დაავადებები


  1. გაფრთხილება
  2. არჩილ შენგელიალალი დათეშიძე, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით

..

 

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..