ლალი დათეშიძე
იერსინიოზი – მწვავე ინფექციური დაავადება; მიეკუთვნება ზოონოზებს. ადამიანის დასნებოვნების ძირითადი გზა ალიმენტურია. დაავადებული ადამიანი საშიში არ არის გარშემომყოფებისათვის.
ეტიოლოგია. პათოგენეზი. გამომწვევი – იერსინია ბაქტერია (Yersinia enterocolitica); თავისი თვისებებით ახლოსაა შავი ჭირისა და ფსევდოტუბერკულოზის გამომწვევებთან. გამოირჩევა პოლიმორფიზმით, ბიპოლარული შეფერვით; გრამუარყოფითია, კაფსულებსა და სპორებს არ წარმოქმნის. შესაძლებელია გაიზარდოს 50 C-ის პირობებში. მგრძნობიარეა ლევომიცეტინის, ტეტრაციკლინის, ამინოგლიკოზიდების მიმართ. იერსინია იყოფა 5 ბიოტიპად, 10 ფაგოტიპად, ხოლო 0-ანტიგენის მიხედვით 30 სეროტიპად და მეტად. ადამიანის პათოლოგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მე-2 და მე-4 ბიოტიპებს, 3, 5, 8 და 9 სეროტიპებს. ხვდება რა კუჭ – ნაწლავის ტრაქტში, აზიანებს წვრილი ნაწლავის დისტალურ ნაწილს, მეზენტერულ ლიმფურ კვანძებს, ზოგჯერ – ჭიაყელა დანამატს. მიკრობი გამოიმუშავებს ენდოტოქსინს, რომელიც ვრცელდება ჰემატოგენურად. ხდება ინფექციის გენერალიზაცია ბაქტერიემიის განვითარებით. დაავადების რიგი გართულებების ჩამოყალიბებაში, დიდი როლს თამაშობს ინფექციური ალერგია.
ეპიდემიოლოგია. ინფექციის წყაროა ცხოველები (თაგვისებრი მღრნელები, ღორები). დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბოსტნეულის, ხორცისა და რძის პროდუქტების ინფიცირებას მათი შენახვის ადგილებში. დასნებოვნება ხდება ალიმენტური გზით. იერსინიოზით დაავადებულები არაკონტაგიოზურები არიან.
სიმპტომები. ინკუბაციური პერიოდი 1 – 3 დღე. დაავადება იწყება მწვავედ. უკვე პირველივე საათებში ტემპერატურა მატულობს 38,5 – 39,5 გრადუსამდე. აღინიშნება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგჯერ ძლიერი შემცივნება. დამახასიათებელია საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი, ხშირად შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში გამოკვეთილი ლოკალიზაციის გარეშე, იშვიათად – ჭიპის, მარჯვენა თეძოს მიდამოში. არც თუ იშვიათად, აღინიშნება გულისრევა, ღებინება, დეფეკაცია უხვი, თხიერი განავლით. ჭიანაწლავის დაზიანების შემთხვევაში – ძლიერი ტკივილები მარჯვენა თეძოს მიდამოში, პერიტონეუმის გაღიზიანების დადებითი სიმპტომები. დაავადების პირველ 3 – 4 დღეში შესაძლებელია პოლიმორფული გამონაყარის გაჩენა (წვრილწერტილოვანი, როზეოლურ – პაპულოზური, ლაქოვან – პაპულოზური, ზოგჯერ ჰემორაგიების თან დართვით). დამახასიათებელია პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება. არსებობს იერსინიოზის კლინიკური ვარიანტები სიყვითლის, ართრიტების, მენინგიტის განვითარებით. ავადმყოფთა უმეტესობას სისხლში აღენიშნებათ ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ედს – ის მომატება. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს იერსინიოზის ე.წ. სეფსისური ფორმები. მათთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი, მაღალი ცხელება, უხვი გამონაყარი, მკვეთრად გამოხატული ინტროქსიკაცია, ღვიძლის, ელენთის გადიდება და სხვა მრავალი ორგანოსა და სისტემის დაზიანება (ნერვული სისტემა, თირკმლები, ფილტვები, სახსრები და სხ.) დაავადების ხანგრძლივობა შეადგენს 1 – 1,5 კვირიდან 1 თვემდე, ზოგჯერ მეტიც (სეფსისური ფორმების დროს).
გართულებები. პოლიართრიტის, მიკარდიტის განვითარება, ჭიანაწლავის პერფორაცია, ნაწლავური სისხლდენები, სეფსისური ფორმებისას – თირკმლის მწვავე უკმარისობა
დიაგნოზი. იერსონიოზის მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინებებიდან გამომდინარე, უნდა მოვახდინოთ მისი დიფერენცირება მრავალი დაავადებისგან: კვებითი ინტოქსიკაციები, დიზენტერია, მწვავე აპენდიციტი, ვირუსული ჰეპატიტი, რევმატიზმი, ინფექციურ – ალერგიული ართრიტი; მძიმე მიმდინარეობისას – ტიფურ – პარატიფური დაავადებებისგან, მენინგოკოკური ინფექციისგან, სეფსისისგან, კოლაგენოზებისგან. ბავშვებსა და ახალგაზრდებში, წვრილწერტილოვანი გამონაყარის გაჩენისას, აუცილებელია დაავადების დიფერენცირება ქუნთრუშასგან. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა მოიცავს ბაქტერიების აღმოჩენას განავალში, სისხლში, ზურგის ტვინის სითხეში (მენინგეალური გამოვლინებების დროს). გამოიყენება დიაგნოსტიკის სეროლოგიური რეაქციები (აგლუტინაციის რეაქცია, პასიური ჰემაგლუტინაციის რეაქცია).
პროფილაქტიკა. მღრნელების წინააღმდეგ ბრძოლა, სანიტარული ზედამხედველობა წყლის მომარაგებასა და კვებაზე, საკვები პროდუქტების შენახვაზე და დამუშავებაზე კონტროლი, დაავადებულების დროული იზოლაცია ინფექციურ განყოფილებაში.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1965 times by 1018 viewers



