ტოქსოპლაზმოზი

ტოქსოპლაზმოზი toxoplasmosis

ტოქსოპლაზმოზი პარაზიტული დაავადება, რომელიც ხასიათდება ქრონიკული მიმდინარეობით, ნერვული სისტემის დაზიანებით, ლიმფადენოპათიით, მეზადენიტით, მიოკარდის, კუნთებისა და თვალების ხშირი დაზიანებით. პარაზიტის ძირითადი მასპინძელია კატები, რომლებიც გამოყოფენ ოოციტებს; ნიადაგში ოოციტები ძლებენ ერთი წლის განმავლობაში. ადამიანის დასნებოვნება ხდება ოოციტების კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას. სხვა ცხოველები საშიშროებას არ წარმოადგენენ. მათგან დასნებოვნება შესაძლებელია მხოლოდ უმი ხორცის გამოყენებისას (ხორცის ფარში); დაავადებული ადამიანი გარშემომყოფთათვის საშიში არ არის. ორსულობის პერიოდში დასნებოვნების დროს შესაძლებელია ნაყოფის მუცელშიგა ინიფიცირება.

ტოქსოპლაზმოზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამოწვევია ტოქსოპლაზმა, რომელიც მიეკუთვნება უმარტივესებს. ადამიანის ორგანიზმში და სხვა შუალედურ მასპინძლებში არსებობს ტროფოზოიტების სახით, რომლებიც მრავლდებიან უჯრედშიგნით; გარდა ამისა, ორგანიზმში წარმოიქმნება ცისტები, რომლებიც წარმოადგენენ პარაზიტების გროვას, გარშემორტყმულს მკვრივი გარსით. ცისტები ძალზე მდგრადები არიან და არ იღუპებიან ქიმიოთერაპიული პრეპარატების ზემოქმედებით. ორგანიზმში ინფექციის შეჭრის კარია საჭმლის მომნელებელი ორგანოები. გამოწვევის ჩანერგვა ხდება წვრილ ნაწლავში; ლიმფის დინებით ტოქსოპლაზმები ხვდებიან რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში და იწვევენ ანთებით ცვლილებებს. ჰემატოგენურად ტოქსოპლაზმები ხვდებიან სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში, სადაც წარმოქმნიან ცისტებს, რჩებიან ადამიანის ორგანიზმში ათეული წლები და ზოგჯერ მთელი სიცოცხლის მანძილზე. ხდება ორგანიზმის ალერგიზაცია და ანტისხეულების გამომუშავება. ინფექცია ხშირად მიმდინარეობს ლატენტურად, ხოლო ორგანიზმის დამცველობითი ძალების დასუსტებისას შესაძლებელია მოხდეს დაავდების გამწვავება; იმუნური სისტემის მკვეთრი დათრგუნვის დროს შესაძლებელია განვითარდეს გენერალიზებული ინფექცია, მძიმე ენცეფალიტით.

ტოქსოპლაზმოზი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ტოქსოპლაზმოზი იწყება როგორც პირველად-ქრონიკული დაავადება დასნებოვნების მომენტიდან დაავადების პირველი ნიშნების გამოვლინებამდე შესაძლებელია გაიაროს მრავალმა თვემ. განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ ტოქსოპლაზმოზს. თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი შესაძლებელია განვითარდეს მხოლოდ ქალის დასნებოვნებისას ორსულობის პერიოდში. ხშირად იგი ვლინდება ენცეფალიტის სახით და თვალების დაზიანებით. დაინფიცირებულთა უმრავლესობაში ტოქსოპლაზმოზი მიმდინარეობს ლატენტურად რაიმე კლინიკური გამოვლინებების გარეშე. მანიფესტირებულ ფორმებს შორის აღინიშნება ქრონიკული და ძალიან იშვიათად  – მწვავე ტოქსოპლაზმოზი, რომელიც ხშირად მიმდინარეობს ენცეფალიტის სახით. ქრონიკული ფორმა შესაძლებელია გაგრძელდეს მრავალი წლის განმავლობაში პერიოდული გამწვავებებითა და რემისიებით. მისი განსაკუთრებით ხშირი გამოვლინებაა ხანგრძლივი სუბფებრილიტეტი, გენერალიზებული ლიმფადენოპათია, მიოზიტი, მეზადენიტი, ღვიძლის გადიდება, ცვლილებები ეკგ-ზე, ფუნქციური ცვლილებები ცენტრალურ ნერვული სისტემის მხრივ. იშვიათად აღინიშნება ელენთის გადიდება, ქორიორეტინიტები და უვეიტები და სხვ. დაინფიცირების გამოსავლენად გამოიყენება კანშიგა სინჯი ტოქსოპლაზმინთან და სეროლოგიური რეაქციები.

ტოქსოპლაზმოზი – მკურნალობა. ტოქსოპლაზმოზის მწვავე ფორმების დროს ძირითადია ეტიოტროპული თერაპია. ტარდება 3 კურსი 7-10 დღიანი ინტერვალებით. ქრონიკული ფორმის დროს ეტიოტროპული თერაპია ნაკლებეფექტურია. გამოიყენება კომპლექსური მკურნალობა, რომელშიც შედის ერთი (5-7 დღე) კურსი ეტიოტროპული თერაპიისა შერწყმული არასპეციფიკურ მადესენსიბილიზირებელ თერაპიასთან. ძირითადი მნიშვნელობა აქვს ვაქცინოთერაპიას. დადებითი რეაქციის მქონე ორსულებს, დაავადების კლინიკური ნიშნების გარეშე, მკურნალობა არ უტარდებათ. ქიმიოთერაპიული პრეპარატების დანიშვნა ორსულობის ადრეულ პერიოდში კატეგორიულად უკუნაჩვენებია.

ტოქსოპლაზმოზი – პროგნოზი. ქრონიკული შეძენილი ტოქსოპლაზმოზის დროს კომპლექსური თერაპიის ერთი კურსით მყარი გამოჯანმრთელება აღინიშნება დაავადებულთა 85% – ში, დაახლოებით 15%-ში დროის სხვადასხვა შუალედებით დგება რეციდივები, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას. მწვავე ფორმების დროს პროგნოზი სერიოზულია.

ინფექციური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტოქსოპლაზმოზი – 1. ადამიანისა და ცხოველების პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევს ტოქსოპლაზმები (პარაზიტულ უმარტივესთა გვარი). ინფექციის წყაროა შინაური და გარეული ცხოველებისა (ძაღლი, კატა, ბოცვერი, მღრღნელები, მტაცებლები, ბალახიჭამიები და სხვ.) და ფრინველების სხვადასხვა (180 – ზე მეტი)სახეობა. ადამიანი ავადდება თერმულად ცუდად დამუშავებული ხორცის პროდუქტებისა და კვერცხის საკვებად გამოყენების შედეგად. შეიძლება დაავადდეს ლორწოვანი გარსიდან ან დაზიანებული კანიდან გამომწვევის შეჭრისას, ტრანსმისიული და სხვ. გზით. განარჩევენ თანდაყოლილ და შეძენილ ( მწვავე და ქრონ.) ტოქსოპლაზმოზს. თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზის დროს ნაყოფი იღუპება მუცლად ყოფნის პერიოდში, ახალშობილი  –  საერთო ინფექციის შედეგად, თუ გადარჩა  –  უზიანდება ნერვული სისტემა, თვალები და სხვა ორგანოები; შეძენილი ტოქსოპლაზმოზის მწვავე ფორმა მიმდინარეობს ტიფისმაგვარი  სიმპტომებით (მაღალი ტემპერატურა, ღვიძლისა და ელენთის გადიდება), ანდა ზიანდება ნერვული სისტემა (თავის ტკივილი, პირღებინება, კრუნჩხვა, დამბლა და სხვ.). უფრო ხშირად ტოქსოპლაზმოზი ქრონ. ფორმას ღებულობს; ახასიათებს სუბფებრილური ტემპერატურა, თავის ტკივილი, ლიმფური კვანძებისა და ღვიძლის გადიდება, შრომისუნარიანობის დაკარგვა. შეიძლება დაერთოს გულის, ნერვული სისტემის, თვალების დაზიანება; არსებობს ტოქსოპლაზმოზის ლატენტური ფორმებიც. ტოქსოპლაზმოზის დიაგნოზის დასადგენად იყენებენ სეროდიაგნოსტიკის მეთოდებს, კანშიგა ალერგიულ სინჯს და სხვ. მკურნალობა: ქლორიდინი და სულფანილამიდური პრეპარატები. პროფილაქტიკა  –  ტოქსოპლაზმოზზე ორსულთა გამოკვლევა; შინაური ცხოველების ტოქსოპლაზმოზთან ბრძოლა. ცხოველებიდან ტოქსოპლაზმოზით ავადდებიან შინაური და გარეული ძუძუმწოვრები, აგრეთვე ფრინველები. დაავადება გავრცელებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. დასენიანება ხდება ალიმენტური, კონტამინაციური, იშვიათად  –  საჰაერო – წვეთოვანი გზით; შესაძლებელია მუცელშიგა სენშეყრაც. დაავადების გამომწვევი ვრცელდება დაავადებული ან დაავადებაგადატანილი ცხოველის მეშვეობით. დიაგნოზს ადგენენ ეპიზოოტოლოგიური მონაცემების, დაავადების ნიშნების, სისხლის შრატის ანალიზის შედეგებისა და სხვ. საფუძველზე. [“1”]

2. ტოქსოპლაზმოზი – ტოქსოპლაზმებით გამოწვეული პარაზიტული დაავადება. არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი. იწვევს ლიმფური კვანძების, თვალის, თავის ტვინისა და სხვ. დაზიანებას. ხშირად მიმდინარეობს ფარული ფორმით.