ჰიდრონეფროზი

 ჰიდრონეფროზი hydronephrosis

ჰიდრონეფროზი – ვითარდება შარდის დინების დარღვევის შედეგად და ხასიათდება მენჯ-ფიალის სისტემის გაფართოებით, თირკმლის ინტერსტიციური ქსოვილის პათოლოგიური ცვლილებებითა და მისი პარენქიმის ატროფიით. მარჯვენა ან მარცხენა თირკმლის ჰიდრონეფროზი გვხვდება თანაბარი სიხშირით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

 ჰიდრონეფროზი შესაძლოა იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი ჰიდრონეფროზის მიზეზებია საშარდე გზების დისკინეზია; თირკმლის არტერიის მდებარეობის თანდაყოლილი ანომალია (ან მისი ტოტის), რომელიც აწვება შარდსაწვეთს; შარდსაწვეთის თანდაყოლილი სარქველები და სტრიქტურები; შარდსაწვეთის რეტროკავალური მდებარეობა; ურეთროცელე; ქვედა საშარდე გზების თანდაყოლილი ობსტრუქცია.
შეძენილი ჰიდრონეფროზის მიზეზებია ზოგიერთი უროლოგიური დაავადება: თირკმლკენჭოვანი დაავადება, საშარდე სისტემის ანთებითი ცვლილებები, საშარდე გზების ტრავმული შევიწროება, საშარდე გზების სიმსივნეები, წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეები, ასევე რეტროპერიტონეალური ქსოვილის, საშვილოსნოს ყელის სიმსივნეები, მცირე მენჯის ქსოვილის ავთვისებიანი ინფილტრაცია, სიმსივნის მეტასტაზები მუცლის ლიმფურ კვანძებში, და ბოლოს, ზურგის ტვინის სხვადასხვა ტრავმული და სხვა სახის დაზიანებები, რომლებიც იწვევენ შარდგამოყოფის დარღვევას.
იმ შემთხვევაში, თუკი შარდის გადინების წინააღმდეგობა მდებარეობს მენჯ – შარდსაწვეთის სეგმენტის დისტალურად და ფართოვდება არა მხოლოდ მენჯი, არამედ შარდსაწვეთიც, ადგილი აქვს ჰიდროურეთერონეფროზს. ჰიდრონეფროზი შეიძლება იყოს ასეპტიკური და ინფიცირებული. პირველ შემთხვევაში თირკმლის ცვლილებები დამოკიდებულია ობსტრუქციის ხარისხზე და დაავადების ხანგრძლივობაზე, მეორე შემთხვევაში – როგორც ობსტრუქციის ხარისხზე და დაავადების ხანგრძლივობაზე, ასევე ინფექციის ვირულენტობაზე.
დაავადების საწყის სტადიაში თირკმელი გარეგნულად მცირედ განსხვავდება ჯანმრთელი ორგანოსაგან და ვლინდება მხოლოდ მენჯისა და ფიალების გაფართოება. მენჯის შიგა წნევის მომატება არღვევს თირკმელის ფუნქციას, მაგრამ ეს დარღვევები შექცევადია და ობსტრუქციის მოხსნის შემდეგ თირკმლის ფუნქცია აღდგება.
შარდგამოყოფის შედარებით უფრო ხანგრძლივი მოშლის დროს თირკმელებში ვითარდება ორგანული ცვლლებები, რომლებიც განიხილება როგორც ობსტრუქციული ინტერსტიციური ნეფრიტი. ამასთან ობსტრუქციის მოხსნის შემდეგ თირკმლის ფუნქცია აღდგება მხოლოდ ნაწილობრივ. თუკი ხდება ჰიდრონეფროზის ინფიცირება, მაშინ ინტერსტიციული ნეფრიტი გადადის ობსტრუქციულ პიელონეფრიტში.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ჰიდრონეფროზი შესაძლებელია მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მხოლოდ ისეთი გართულებების თანდართვისას, როგორიცაა ინფექცია, კენჭების წარმოქმნა მენჯში ან დაზიანებული თირკმლის ტრავმული დაზიანება, ვლინდება დაავადების პირველი სიმპტომები, რომლებიც საფუძველს იძლევა გამოკვლეულ იქნას საშარდე სისტემა.
უმრავლეს შემთხვევაში ჰიდრონეფროზი ვლინდება ტკივილებით წელის არეში. ტკივილს აქვს თირკმლის კოლიკის ხასიათი წელის არეში ტიპური ლოკალიზაციით და შარდსაწვეთის გაყოლებით საზარდულის მიდამოში ირადიაციით. თირკმლის კოკლიკის შეტევები დამახასიათებელია ჰიდრონეფროზის საწყისი სტადიისათვის.
შემდეგში, როდესაც მენჯის და ფიალების კედლებს ნაწილობრივად ჩაენაცველბა შემაერთებელი ქსოვილი, მენჯი და ფიალები კარგავენ აქტიურად შეკუმშვის უნარს, ჰიდრონეფროზი ვლინდება ყრუ ტკივილებით წელის არეში. ტკივილი ჰიდრონეფროზის დროს, ისევე როგორც ნეფროლითიაზის დროს, შესაძლებელია განვითარდეს დღისითაც და ღამითაც, დამოუკიდებლად იმისა, თუ რომელ გვერდზე სძინავს ავადმყოფს. ზედა საშარდე გზების ობსტრუქციის დროს დიზურიას ჩვეულებრივ ადგილი არა აქვს, ან იგი ვითარდება მხოლოდ ტკივილის შეტევის დროს.
მეორე მნიშვნელოვანი სიმპტომი ჰიდრონეფროზისა არის ჰემატურია. მაკროსკოპული ჰემატურია აღინიშნება ავადმყოფთა 20% – ში, მიკროჰემატურია გაცილებით უფრო ხშრად. ტემპერატურის მომატება, ტკივილის გაძლიერება წელის არეში, მიუთითებს ინფექციის თანდართვას. გადიდებული თირკმლის მოსინჯვა შესაძლებელია მხოლოდ ძალიან დიდი ჰიდრონეფროზის დროს. შედარებით უფრო ინფორმატიულია ქრომოცისტოსკოპია;

დიაგნოსტიკა

თირკმელების რენტგენოსკოპია წარმოადგენს ჰიდრონეფროზის დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდს. მიმოხილვითი რენტგენოგრამა საშუალებას იძლევა დავადგინოთ თირკმლის ზომები და აღმოვაჩინოთ კენჭები, თუკი არის. ვენური უროგრაფია საშუალებას იძლევა დაავადების და მისი სტადიის დიაგნოსტირებისა, დაწყებული პიელოექტაზიიდან გიგანტური ჰიდრონეფროზამდე, თირკმლის ფუნქციის დაკარგვით.
კვლევის დამატებითი მეთოდებია რადიონუკლიდური რენოგრაფია და თირკმელების სკანირება;
დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება თირკმელკენჭოვან დაავადებასთან, თირკმლის სიმსივნესთან, რომლის დროსაც, ჰიდრონეფროზისაგან განსხვავებით, პალპაციით თირკმელი მკვრივი და ხორკლიანია. ყველა შემთხვევებში წამყვანი მნიშვნელობა აქვს კვლევის რენტგენოლოგიურ მეთოდს.

მკურნალობა

ჰიდრონეფროზის მკურნლობა ქირურგიულია. საჭიროა მისი ჩატარება ადრეულ პერიოდში, როდესაც ობსტრუქციის მოხსნა არა მხოლოდ თავიდან აგვაცილებს მის შემდგომ ანატომიურ ცვლილებებს, არამედ იწვევს აგრეთვე თირკმლის ფუნქციის გაუმჯობესებასაც.
ინფიცირებული ჰიდრონეფროზის მკურნალობაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ანტიბაქტერიულ თერაპიას, შარდის დათესვის კონტროლით და მიკროფლორის გამოკვლევით ანტობაქტერიული პრეპარატებისადმი მგძნობელობის დადგენის მიზნით.

პროგნოზი

ორმხრივი ჰიდრონეფროზი, სისხლში ნარჩენი აზოტის გაზრდილი შემცველობით და ჰომეოსტაზის სხვა დარღვევებით იწვევს თირკმელების ქრონიკულ უკმარისობას.

ჰიდრონეფროზილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ჰიდრონეფროზი – დაავადება, რომელიც ხასიათდება თირკმლის მენჯის გაფართოებით, პარენქიმის ატროფიით და თირკმლის ძირითადი ფუნქციების პროგრესირებადი გაუარესებით
📌 ეს გამოწვეულია თირკმელებიდან შარდის გადინების დარღვევით, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს:
✅ შარდსაწვეთის თანდაყოლილი შევიწროება;
✅ ანომალურად განლაგებული სისხლძარღვით მასზე ზეწოლა;
✅ მისი გადახრა ცთომილი თირკმლის დროს;
✅ შარდსაწვეთის დახშობა კენჭით ან შარდის ბუშტის სიმსივნის ზეწოლის შედეგად
❕ იმ შემთხვევაში, თუკი შარდის გადინების წინააღმდეგობა მდებარეობს მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის დისტალურად და ფართოვდება არა მხოლოდ მენჯი, არამედ შარდსაწვეთიც, ადგილი აქვს ჰიდროურეთერონეფროზს
👉 შეიტყვეთ მეტი ჰიდრონეფროზის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3cMBkdj
#ჰიდრონეფროზი #ჰიდრონეფროზისსახეები #ჰიდრონეფროზისსიმპტომები #ჰიდრონეფროისნიშნები #ჰიდრონეფროზისმკურნალობა #გაფართოებულითირკმელი #თირკმლისმენჯისგაფართოება #თირკმლისფიალებისგაფართოება #თირკმლისპარენქიმისატროფია #შარდგადინებისდარღვევა #შარდსაწვეტისშევიწროება #ჰიდროურეთრონეფროზი #ხშირიშარდვა #ასეპტიკურიჰიდრონეფროზი #ინფიცირებულიჰიდრონეფროზი #თანდაყოლილიჰიდრონეფროზი #შეძენილიჰიდრონეფროზი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიდრონეფროზი – 1. შარდის დაგროვება თირკმლის მენჯში და ფიალებში მისი შარდის ბუშტში გადინების შეფერხების შედეგად.
აღნიშნული შეფერხების მიზეზებს მიეკუთვნება შარდსაწვეთის თანდაყოლილი შევიწროება, ანომალურად განლაგებული სისხლძარღვით მასზე ზეწოლა.
მისი გადახრა ცთომილი თირკმლის დროს. შარდსაწვეთის დახშობა კენჭით ან შარდის ბუშტის სიმსივნის  ზეწოლის შედეგად.
ჰიდრონეფროზის დროს ხდება თირკმლის მენჯის და ფიალების მეტ – ნაკლებად მნიშვნელოვანი გაფართოება. აგრეთვე – მათი კედლის განლევა და თირკმლის პარენქიმის ატროფია.
ჰიდრონეფროზის საწყისს სტადიაში, ავადმყოფები არ უჩივიან რაიმე სახის უსიამოვნო შეგრძნებებს.
ამ პერიოდში დიაგნოზის დასმა ხდება მხოლოდ შემთხვევითი (სხვა მიზეზით) რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად. შემდგომში აღინიშნება სიმძიმის შეგრძნება ნეკნქვეშა და წელის მიდამოში.
ზოგჯერ ხასიათდება თირკმლის კოლიკის შეტევით, გამოყოფილი შარდის რაოდენობის პერიოდული შემცირებით და შემდგომ (გარკვეული პერიოდის შემდეგ) მისი ჭარბი გამოყოფით.
მუცლის პალპაციით შესაძლებელია აღინიშნებოდეს რბილი კონსისტენციის სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც იძლევა ფლუქტუაციას.
რენგტენოლოგიური გამოკვლევით ხდება დაავადების ხასიათის და განვითარების ხარისხის დადგენა. მკურნალობა. შარდის გამოდევნის წინააღმდეგობის მოცილება ოპერაციის მეშვეობით.

2.  დაავადება, რომელიც ხასიათდება თირკმლის მენჯის გაფართოებით. პარენქიმის ატროფიით და თირკმლის ძირითადი ფუნქციების პროგრესირებადი გაუარესებით.
ეს განპირობებულია თირკმელებიდან შარდის გამოდენის დარღვევით.