ლალი დათეშიძე
მასტიტი - სარძევე ჯირკვლის არასპეციფიკური ანთება. ხშირად ვითარდება ლაქტაციის პერიოდში. დიდი მნიშვნელობა აქვს ჯირკვალში რძის შეგუბებას; ინფექციის შეჭრის კარია დვრილისა და მისი ირგვლივი არის ნახეთქები. გამომწვევია ოქროსფერი სტაფილოკოკი, შერწყმული სხვა კოკურ ფლორასთან და ნაწლავის ჩხირთან, პროტეასთან.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ლაქტაციური მასტიტი ხშირად წარმოიქმნება პირველი ორსულობის პირველ თვეზე. რძის გამოყოფის შემცირების ფონზე ვლინდება ტკივილი ჯირკვალში, შემცივნება, მატულობს სხეულის ტემპერატურა; სარძევე ჯირკვალი მაგრდება, ხდება მტკივნეული, ჩნდება კანის ჰიპერემია.
მწვავე მასტიტის დროს დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ე. წ. რძისმიერ ცხელებასთან, რომელიც ვითარდება მშობიარობიდან მე-3-5 დღეზე და განპირობებულია რძის შეკავებით, რომელიც უკუშეწოვის გამო იძენს პიროგენულ თვისებებს. ამასთან, ადგილი არა აქვს ჯირკვლის ქსოვილის ინფილტრაციას. თუკი 2-3 დღეში ინფილტრატი სარძევე ჯირკვალში არ გაიწოვება, ხდება მისი აბსცენდირება. ჩირქგროვის სხვადასხვა ლოკალიზაცია განაპირობებს მასტიტის კლინიკური სურათის თავისებურებებს. ანტემამარული აბსცესი ჩვეულებრივ დიდი ზომის არ არის, ფლუქტუაცია ვლინდება ადრე და დიაგნოზის დადგენა რთული არ არის. ინტრამამარული ჩირქგროვა მიმდინარეობს ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენებით, ძლიერი ტკივილით. სარძევე ჯირკვალი გადიდებული და მტკივნეულია, ისინჯება საკმაო ზომის ინფილტრატი. ფლუქტუაცია შედარებით გვიანი სიმპტომია. ინტრამამარული მასტიტი ხშირად მიმდინარეობს რამდენიმე ჩირქოვანი ღრუს წარმოქნით, ამასთან ოპერაციული მკურნალობა გაცილებით გართულებულია. რეტრომამარული აბსცესი: გამოხატული ინტოქსიკაცია, მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ტკივილი ჯირკვალში, რომელიც ძლიერდება ხელის მოძრაობის დროს. ადგილობრივად ჯირკვალი თითქოს აწეულია, პალპაციით მტკივნეულია, განსაკუთრებით მისი გადაწევისას. კანის ჰიპერემია და ფლუქტუაცია არ აღინიშნება. დაავადების ადრეული გამოვლინება გართულებულია.
მკურნალობა: საჭიროა ენერგიული მკურნალობა ადრეული სტადიებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯირკვლის ქსოვილის ჩირქოვანი გალღობა: სრული მოსვენება, ჯირკვლის ამაღლებული მდებარეობა, ანტიბიოტიკები, რძის გამოწველა. ბავშვის ძუძუთი კვება შესაძლებელია გაგრძელდეს უმნიშვნელო ინფილტრატის არსებობისას ჯირკვლის პერიფერიაზე; პარენქიმის ჩირქოვანი გალღობის დროს ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა; ოპერაციის ჩატარება მიზანშეწონილია ზოგადი გაუტკივარებით. ოპერაციის მიზანია – გაკვეთა და ჩირქის ევაკუაცია, ნეკრექტომია, დრენირება.
პროგნოზი უმრავლეს შემთხვევაში კეთილსაიმედოა. თუმცა ოპერაციის შემდეგ რჩება ნაწიბურები. მასტიტის ყველაზე მძიმე ფორმაა ლპობითი, ანუ განგრენოზული მასტიტი.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 4436 times by 2296 viewers



