კუჭის გასავლის სტენოზი

კუჭის გასავლის სტენოზი pyloric stenosis

კუჭის გასავლის სტენოზი – კუჭიდან საკვების ევაკუაციის დარღვევა,  რომელიც განპირობებული თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის დასაწყისი ნაწილის ან კუჭის პილორული ნაწილის დანაწიბურებით წყლულოვანი დაავადების, ანტრალური ნაწილის კიბოს, დამწვრობის, იშვიათად პილორუსის ჰიპერტროფიის გამო.

კუჭის გასავლის სტენოზისიმპტომები, მიმდინარეობა. გამოყოფენ კომპენსირებულ, სუბკომპენსირებულ და დეკომპენსირებულ სტადიებს. კომპენსირებული სტადიის დროს დაავადების გამოხატული კლინიკური ნიშნები არ აღინიშნება: წყლულოვანი დაავადების ჩვეულებრივი სიმპტომების ფონზე ვლინდება სიმძიმის გრძნობა ეპიგასტრიუმში, ხშირდება გულძმარვა, ღებინება კუჭის შიგთავსით, ღებინებას მოჰყვება გარკვეული შემსუბუქება. რენტგენოლოგიურად – კუჭის ზომები მცირედ გადიდებულია, პერისტალტიკის გაძლიერებულია, აღინიშნება პილოროდუოდენური არხის შევიწროება; კუჭიდან ევაკუაცია გვიანდება 6 – 12 საათით. სუბკომპენსაციის სტადია: მატულობს სიმძიმისა და სისავსის გრძნობა ეპიგასტრიუმში, ბოყინი არასასიამოვნო ლაყე კვერცხის სუნით; ზოგჯერ აღინიშნება მკვეთრი კოლიკისებრი ტკივილი ეპიგასტრიუმში, რაც დაკავშირებულია კუჭის პერისტალტიკის გაძლიერებასთან; ტკივილს ახლავს მუცელში გადასხმის ან ყურყურის შეგრძნება. თითქმის ყოველდღე აღინიშნება ღებინება; ხშირად ავადმყოფები თვითონვე იწვევენ ღებინებას. დამახასიათებელია საერთო სისუსტე, დაღლილობა, სიგამხდრე. რენტგენოლოგიურად – გასტრექტაზია, ევაკუაციის შენელება, პერისტალტიკის შენელება. დეკომპენსაციის სტადია: სიმძიმის გრძნობა ეპიგასტრიუმში, ყოველდღიური ღებინება. ავადმყოფები გამოფიტულნი, გაუწყლოებულნი, ადინამიურნი არიან. კანი მშრალია, ტურგორი დაქვეითებულია; რეტგენოლოგიური გამოკვლევით კუჭი მნიშვნელოვნად გაფართოებულია, შეიცავს დიდი რაოდენობით სითხეს, პერისტალტიკა მკვეთრად შესუსტებულია. კონტრასტული მასის ევაკუაცია კუჭიდან ყოვნდება 24 საათზე მეტხანს.

კუჭის გასავლის სტენოზიპათფიზიოლოგია. კვების დარღვევები და წყალ-ელექტროლიტური მოშლილობები. წყალ-ელექტროლიტური დარღვევების შედეგად მცირდება ცირკულირებადი სითხის მოცულობა, აღინიშნება სისხლის შესქელება, ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია, მეტაბოლური აციდოზი. ვლინდება ვოლემიური დარღვევების ნიშნები: თავბრუსხვევა, გულის წასვლა საწოლიდან ადგომისას, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაცემა, კანის სიფერმკრთალე და გაცივება, დიურეზის დაქვეითება. ჰიპოკალიემიასთანაა დაკავშირებული ნაწლავთა დინამიური გაუვალობა (მეტეორიზმი). ვოლემიური დარღვევების გამო ქვეითდება თირკმლის სისხლმიმოქცევა, დიურეზი, ვლინდება აზოტემია. თირკმლის უკმარისობის გამო სისხლიდან ვერ გამოიყოფა ცვლის პროდუქტები, ალკალოზი გადადის აციდოზში. ალკალოზის დროს პლაზმის კალციუმის დონე ქვეითდება ალბუმინთან მისი მიერთების გამო. პლაზმის იონიზირებული კალციუმის დონის დაქვეითება ცვლის ნერვულ-კუნთოვან აგზნებას, ვითარდება გასტროგენული ტეტანია. მისი კლინიკური გამოვლინებებია: კრუნჩხვები, ტრიზმი, ტრუსოს სიმპტომი (,,მეანის ხელი”), ხვოსტეკის სიმპტომი. არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, ჰიპოქლორემიული და ჰიპოკალიემიური ალკალოზი, აზოტემიასთან ერთად ზოგჯერ იწვევს ლეტალობას.

კუჭის გასავლის სტენოზიმკურნალობა ოპერაციულია. ოპერაციისწინა მომზადება ითვალისწინებს წყალ-ელექტროლიტური დარღვევების კორექციას. ნაჩვენებია პარენტერული კვება, კუჭის ყოველდღიური ამორეცხვა. ოპერაციის მეთოდი დამოკიდებულია სტენოზის სტადიაზე.

კუჭის გასავლის სტენოზიპროგნოზი კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა – წყლულოვანი დაავადების დროული მკურნალობა.

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კუჭის გასავლის სტენოზი – კუჭიდან საკვების ევაკუაციის დარღვევა, განპირობებული თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის დასაწყისი ნაწილის ან კუჭის პილორული ნაწილის დანაწიბურებით წყლულოვანი დაავადების, ანტრალური ნაწილის კიბოს, დამწვრობის გამო, იშვიათად პილორუსის ჰიპერტროფიის გამო.