სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ინფექციური დაავადებები

კლოსტრიდიაბოტულიზმი - ინფექციურ-ტოქსიკური დაავადება, რომელსაც იწვევს ანაერობული მიკროორგანიზმი; მიმდინარეობს უმთავრესად ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით.

ეტიოლოგია. გამომწვევია ბოტულიზმის კლოსტრიდია – Clostridium botulinum – ანაერობი, რომელიც წარმოქმნის სპორებს და არის ძალიან ძლიერი ეგზოტოქსინი. არსებობს გამომწვევის 7 ანტიგენური ტიპი; ერთი რომელიმე ტიპის საწინააღმდეგო ანტიტოქსინი არ იცავს სხვა ტიპების ზემოქმედებისაგან. ტოქსინი იშლება გაცხელებისას. სპორები უძლებენ დუღილს 5 საათამდე. ბოტულიზმის ბაქტერიების გამრავლებასა და ეგზოტოქსინის საკვებ პროდუქტებში დაგროვებას ხელს უწყობს ჟანგბადის მიწოდების არარსებობა და ცილების შემცველი კარგი საკვები ნიადაგის არსებობა (მაგალითად, სოკოების არასწორი კონსერვირება დახუფულ ქილებში სახლის პირობებში).


ეპიდემიოლოგია. ნიადაგში ბოტულიზმის გამომწვევი ხვდება ცხოველის ნაწლავიდან. დაავადების განვითარებისთვის აუცილებელია გამომწვევის გამრავლება საკვებ პროდუქტებში ექზოტოქსინის დაგროვებით, რომელიც იწვევს დაავადების განვითარებას. ეგზოტოქსინი განსაკუთრებით ინტენსიურად წარმოიქმნება 35-370 C ტემპარატურაზე, ანაერობულ პირობებში. უხშირესად ადამიანი ავადდება საკვებად ბაქტერიებით და ბოტულიზმის ტოქსინებით ინფიცირებული პროდუქტების გამოყენების შედეგად: ძეხვეულობა, ლორი, ახლადშებოლილი თევზი და სახლის პირობებში კონსევირებული სოკოები.

პათოგენეზი. საჭმლის მონელებელ ტრაქტში მოხვედრისას ბოტულოტოქსინი არ იშლება ფერმენტებით, შეიწოვება კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანიდან და ჰემატოგენურად ვრცელდება მთელს ორგანიზმში. ბოტულოტოქსინი არჩევითად აზიანებს ნერვული სისტემის ქოლინერგულ ნაწილებს. ნერვულ სინაფსებში აცეტილქოლინის გამოყოფის შეწყვეტას მოჰყვება კუნთების დამბლა. ხახის, ხორხის, სასუნთქი კუნთების დამბლა იწვევს ყლაპვისა და სუნთქვის დარღვევას, რაც ხელს უწყობს ასპირაციული პნევმონიის განვითარებას.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება რამდენიმე საათიდან 2 – 5 დღემდე. გამოყოფენ შემდეგ სინდრომებს: პარალიზურს, გასტროინტენსტინურსა და ზოგადტოქსიკურს. ეს უკანასკნელი სუსტადაა გამოხატული. გასტროინტესტინური სინდრომი ბოტულიზმის საწყისი პერიოდის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა. იგი ხასიათდება გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით და გრძედება რამდენიმე დღე. ნევროლოგიური სიმპტომატიკა ვითარდება გასტროინტენსტინური სინდრომის ფონზე. აღინიშნება საერთო სისუსტე, პირის ღრუს სიშრალე, მხედველობის დარღვევა. ობიექტურად ვლინდება გუგების გაფართოება, მათი დუნე რეაქცია სინათლეზე, ანიზოკორია, თვალის მამოძრავებელი კუნთებიდან რომელიმეს უკმარისობა, (დიპლოპიის დროს), ქუთუთოების დაწევა და მათი აწევის შეუძლებლობა, ნისტაგმი. არაიშვიათად აღინიშნება რბილის სასის დამბლა. ხორხის კუნთების დამბლა იწვევს ხმის ჩახლეჩასა და აფონიას. ირღვევა ყლაპვა ხახის კუნთების დამბლის გამო; ხშირია მიმიკური კუნთების პარეზები. შესაძლებელია საღეჭი კუნთების, კისრისა და ზედა კიდურების დამბლა. მძიმე შემთხვევებში სწრაფად ვითარდება სასუნთქი კუნთების უკმარისობა. მგრძნობელობის დარღვევა არ აღინიშნება. გონება მთლიანად შენარჩუნებულია; ცხელება არ აღინიშნება. მძიმე ფორმების დროს სიკვდილი დგება სუნთქვის დამბლიდან დაავადების მე-3-5 დღემდე. გართულებებია – მწვავე პნევმონია, ტოქსიკური მიოკარდიტი, მიოზიტები, ნევრიტები, სეფსისი. დიაგნოზი ეფუძნება დამახასიათებელ კლინიკურ სიმპტომატიკას.

მკურნალობა.  აუცილებელია ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია ინფექციურ საავადმყოფოებში და განყოფილებებში; კუჭის გამორეცხვა ნატრიუმის ჰიდროკარბონატის 2%-იანი ხსნარით, დგამენ სიფონურ ოყნას, ინიშნება საფაღართოები. რაც შეიძლება ადრე შეჰყავთ ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატები.

პროგნოზი სერიოზულია. თანამედროვე თერაპიის გამოყენების დროსაც კი ლეტალობა შეადგენს 15-30%-ს.

პროფილაქტიკა. საკვებ საწარმოებში, საკონსერვო ქარხნებში, სასურსათო მაღაზიებში და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების მკაცრი დაცვა. ეს აუცილებელია აგრეთვე სახლის პირობებში ძეხვის, ლორის, გამომშრალი და შებოლილი თევზის, კონსერვირებული სოკოების, ბოსტნეულის, ხილის და კენკრის დამზადებისას, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ეს პროდუქტები ინახება ჟანგბადით ღარიბ ადგილებში. ბოტულიზმის ბაქტერიების სპორები იხოცებიან ავტოკლავირების შედეგად. ბუნებრივია, დაუშვებელია საკვებად უხარისხო ძეხვეულობისა და ლორის (მომწარო ზეთის სუნის მქონე), გაბერილი თავსახურის მქონე ხორცისა და თევზის კონსერვების (ბომბაჟი), გარგარის კომპოტების, რომლებსაც ზემოდან აქვთ მუქი ლაქები, სახლის პირობებში დაკონსერვებული სოკოების, რომლებიც სათანადოდ არ არიან გაწმენდილნი მიწისგან, საკვებად გამოყენება. ბოტულიზმის ჯგუფური შემთხვევების დროს, ყველა პიროვნებას, რომელმაც გამოიყენა საეჭვო პროდუქტი, პროფილაქტიკის მიზნით კუნთებში უკეთდება შრატი. მათზე 2 კვირის განმავლობაში ხდება სამედიცინო დაკვირვება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 4394 times by 2172 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka