ჰემორაგიული ცხელება

ჰემორაგიული ცხელება hemorrhagic fever

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰემორაგიული ცხელება ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით (ჰემორაგიული ნეფროზონეფრიტი) – წარმოადგენს მწვავე ვირუსულ-კეროვან დაავადებას, რომელიც მიმდინარეობს ინტოქსიკაციით, ცხელებით, თირკმლის სინდრომითა და ჰემორაგიული გამოვლინებებით.

ჰემორაგიული ცხელება – ეპიდემიოლოგია. ინფექციის რეზერვუარებს წარმოადგენს თაგვისებრი მღრნელების ზოგიერთი სახეობები. ადამიანის დასნებოვნება ხდება ინფიცირებულ თაგვისებრ მღრნელებთან კონტაქტისას, საკვებად ამ ცხოველების შარდით დაბინძურებული საკვების პროდუქტების გამოყენების შედეგად, აგრეთვე ჰაერ – მტვეროვანი გზით – მტვრის შესუნთქვისას, რომელიც შეიცავს მღრნელების შარდიდად მოხვედრილ ვირუსის ნაწილაკებს. დაავადებას გააჩნია სეზონურობა, გამძაფრება დამახასიათებელია ივლისში; შესაძლებელია დაავადების შემთხვევები გაგრძელდეს დეკემბრამდეც.

ჰემორაგიული ცხელება – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევი მიეკუთვნება არბოვირუსებს. დაავადების ცხელების პერიოდში ვირუსები ცირკულირებს სისხლში და იწვევს ნერვული სისტემის ინფექციურ-ტოქსიკურ დაზიანებასა და მძიმე ჰემორაგიულ კაპილაროტოქსიკოზს. დამახასიათებელია თირკმელების დაზიანება, თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარებით.

ჰემორაგიული ცხელება – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 11-დან 23 დღემდე. დაავადება იწყება მწვავედ. ვლინდება ცხელება (38-400 C), თავის ტკივილი, უძილობა, მიალგია, სინთლის შიში. სახე, კისერი, სხეულის ზედა ნაწილები ჰიპერემულია; დაავადების მე-3-4 დღეზე მდგომარეობა უარესდება, ვლინდება ტკივილი მუცელში, ღებინება, ჰემორაგიული სინდრომი (ჰემორაგიული გამონაყარი, ცხვირიდან სისხლდენა, სისხლჩაქცევები ინექციის ადგილებზე და სხვ.). ტკივილი მუცელში და წელის არეში ძლიერდება, შარდის რაოდენობა მცირდება, მისი ხვედრითი წონა დაბალია (1,004-მდე), შესაძლოა განვითარდეს ანურია, მატულობს აზოტემია, თირკმლის მწვავე უკმარისობის გამო შესაძლებელია განვითარდეს ურემიული კომა. სხეულის ტემპერატურის დაწევისას ნორმამდე ავადმყოფის მდგომარეობა არ უმჯობესდება; მატულობს ტოქსიკოზი (ღებინება, გულისრევა, სლოკინი), ირღვევა ძილი, ზოგჯერ აღინიშნება მენინგეალური სიმპტომები. დამახასიათებელია სიყვითლის არ არსებობა, ღვიძლისა და ელენთის გადიდება. შესაძლებელია განვითარდეს თირკმელების სპონტანური გასკდომა. ავადყოფის ტრანსპორტირება ასეთ დროს ძალზე საფრთხილოა; გამოჯანმრთელების პროცესში ავადმყოფობის ნიშნები თანდათანობით კლებულობს, ხანგრძლივად ნარჩუნდება ასთენიზაცია. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია პოლიურია (დღეში 4-5 ლ-მდე), რომელიც გრძელდება 2 თვემდე.

ჰემორაგიული ცხელებადიაგნოზი ეფუძნება დამახასიათებელ კლინიკურ სიმპტომატიკას; საჭიროა დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ლეპტოსპიროზთან, ქუ ცხელებასთან, ფსევდოტუბერკულოზთან.

ჰემორაგიული ცხელება – მკურნალობა. ეტიოტროპული თერაპია არ არსებობს. რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი, რძე და მცენარეული პროდუქტები, ვიტამინები. ინიშნება პრედნოიზოლონი, ინფუზური თერაპია და სხვ. თირკმლის უკმარისობის დროს ავადმყოფს უტარდება ჰემოდიალიზი.

ჰემორაგიული ცხელება პროგნოზი კეთილსაიმედოა; ზოგჯერ შესაძლებელია განვითარდეს მძიმე გართულებები (თირკმელების გასკდომა, ურემული კომა, მენინგოენცეფალიტი), რამაც შესაძლებელია ავადმყოფის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. შრომისუნარიანობა აღდგება ნელა, ზოგჯერ 2 თვის შემდეგ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები