ლალი დათეშიძე
კამპილობაქტერიოზი (ვიბროზი) – ზოონოზური წარმოშობის მწვავე ინფექციური დაავადება. ხასიათდება მწვავე დასაწყისით, ცხელებით, კუჭ-ნაწლავის დაზიანებით, ზოგადი ინტოქსიკაციით. ახალშობილებში არაიშვიათად მიმდინარეობს სეპტიკური დაავადების სახით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია კომპილობაქტერიის სხვადასხვა სეროტიპები. დასნებოვნება ხდება შინაური და სასოფლო-სამეურნეო ცხიველებიდან. ორგანიზმში გამომწვევი ხვდება ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ალიმენტური დასნებოვნებისას, ასევე შესაძლებელია შეღწევა დაზიანებული კანიდან. ორსულ ქალებში აღინიშნება ინფექციის ტრანსპლაცენტური გადაცემა, რაც იწვევს აბორტსა და ნაყოფის მუცელშიგა დასნებოვნებას. დასუსტებულ ავადმყოფებში დაავადებას აქვს სეპტიკური მიმდინარეობა, მეორადი კერების ფორმირებით.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1-დან 6 დღემდე (ხშირად 1-2 დღე). კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით გამოყოფენ შემდეგ ფორმებს: 1. გასტროინტერსტინური; 2. გენერალიზებული (სეპტიკური); 3. ქრონიკული; 4. სუბკლინიკური (ბაქტერიომტარებლობა). ხშირია გასტროინტერსტინური ფორმა. კამპილობაქტერიოზითაა განპირობებული 3-დან 30%-მდე ყველა დიარეული დაავადებები ბავშვებში, ხშირად პირველი წლის ასაკში. დაავადება იწყება მწვავედ; ვლინდება ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაცია და გასტროენტერიტის სინდრომი. აღინიშნება გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, ღებინება; განავალი უხვია, თხიერი, ქაფიანი, ლორწოსა და სისხლის მინარევი მოზრდილებში არ აღინიშნება. ბავშვებში ინტოქსიკაცია მეტადაა გამოხატული, განავალში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ლორწო და სისხლი; არაიშვიათია ორგანიზმის გაუწყლოვნება (კანისა და ლორწოვანის სიმშრალე, ოლიგურია). გენერალიზებული ფორმა ხშირია ჩვილ ბავშვებში, იშვიათად დასუსტებულ მოზრდილებში. დაავადება მიმდინარეობს ცხელებით, გამოფიტვით, ანემიით. ამ ფონზე ვითარდება პნევმონია, პერიტონიტი, ღვიძლისა და თავის ტვინის აბსცესები და სხვ. სუბკლინიკური ფორმის დროს აღინიშნება გამომწვევის გამოყოფა განავლიდან და ანტისხეულების ტიტრის ზრდა სისხლის შრატში. ქრონიკული ფორმები თავიდანვე ღებულობენ ქრონიკულ მიმდინარეობას. აღინიშნება ხანგრძლივი სუბფებრილიტეტი, სისუსტე, ასთენიზაცია, სხეულის მასის დაქვეითება, თვალების დაზიანება. ქალებში ხშირად ვითარდება ვაგინიტი, ვულვოვაგინიტი, ენდოცერვიციტი, უნაყოფობა. იშვიათად აღინიშნება ართრიტები, ენდოკარდიტები, პლევრიტები და სხვ.
დიაგნოზი დასტურდება განავლიდან, სისხლიდან, ზურგის ტვინის სითხიდან, აბსცესის ჩირქიდან, აბორტირებული ნაყოფის ქსოვილებიდან გამომწვევის გამოყოფით, ასევე სეროლოგიური გამოკვლევებით.
მკურნალობა. განსკუთრებით ეფექტურია ერითრომიცინი და გენტამიცინი. ქრონიკული ფორმების დროს ტარდება განმეორებითი კურსები.
პროფილაქტიკა. ინფექციის ლიკვიდაცია ცხოველებში, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, პირადი ჰიგიენის დაცვა და ა. შ.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 775 times by 352 viewers



