ლალი დათეშიძე
საკვებისმიერი მოწამვლები ბაქტერიული ტოქსინებით – დაავადება, რომელიც ვითარდება სხვადასხვა მიკროორგანიზმების და ბაქტერიული ტოქსინების შემცველი პროდუქტების გამოყენების დროს. მათ მიეკუთვნება ბოტულიზმის ტოქსინით მოწამვლა, Cl. perfringens და სტაფილოკოკური მოწამვლები. მოცემულ სტატიაში აღწერილია მოწამვლა სტაფილოკოკური და Cl. Perfringens ტოქსინით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. სტაფილოკოკური წარმოშობის საკვებისმიერი მოწამვლები დაკავშირებულია პათოგენური სტაფილოკოკების შტამებთან, რომლებიც პროდუცირებენ ენტეროტოქსინს. მათ უნარი აქვთ აგრეთვე წარმოქმნან ჰემატოტოქსინები, ჰიალურონიდაზა; აქვთ პლაზმოკოაგულაციის დადებითი რეაქცია. პროდუქტებში მოხვედრისას ისინი მრავლდებიან და იწვევენ პროდუქტებში ენტეროტოქსინის დაგროვებას. სტაფილოკოკური მოწამვლები ხშირად უკავშირდება რძის, რძის პროდუქტების, ხორცის, თევზის, ბოსტნეულის, ტორტების, ნამცხვრების, თევზის კონსერვების მიღებას. პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ენტეროტოქსინს, გარეგნულად და სუნით არ განსხვავდებიან ხარისხიანი პროდუქტებისაგან. თუკი სტაფილოკოკები იღუპებიან 800 C-მდე გაცხელებისას, ენტეროტოქსინი ძლებს 1000 C -მდე 1,5-2 საათის განმავლობაში. ენტეროტოქსინის მიმართ ძალზე მგრძნობიარენი არიან კნუტები და ლეკვები, რომლებზედაც ატარებენ ბიოლოგიურ სინჯებს. Cl. perfringens მიკრობები წარმოადგენენ მსხვილ გრამუარყოფით ჩხირებს. იზრდებიან ანაერობულ პირობებში, წარმოქმნიან სპორებს. ანტიგენური თვისების მიხედვით იყოფიან 6 სეროტიპად. სტაფილოკოკური მოწამვლები განპირობებულია არის მხოლოდ ტოქსინებით, შესაძლებელია განვითარდნენ გამომწვევის არარსებობისას (მაგალითად, ენტეროტოქსინის შემცველი პროდუქტებით მოწამვლა). ენტეროტოქსინი არ იშლება საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით და უნარი აქვთ შეაღწიონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გავლით. ტოქსინის შეწოვა ხდება უკვე კუჭში. ტოქსინი იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აქტივაციას, მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. (არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაწევა). კლოსტრიდიის ტოქსინებით მოწამვლისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლეციტიანზს (ალფა-ტოქსინი). ტოქსინები იწვევენ ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას, არღვევენ მის შემწოვ ფუნქციას, ჰემატოგენურად აღწევენ სხვადასხვა ორგანოებში, უკავშირდებიან ღვიძლის, თირკმელების, ელენთის, ფილტვების უჯრედების მიტოქონდრიებს. ზიანდება სისხლძარღვის კედელი, რაც იწვევს ჰემორაგიული სინდრომის განვითარებას. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს ანაერობული სეფსისი.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი სტაფილოკოკური მოწამვლების დროს გრძელდება 1,5-2 საათი, კლოსტრიდიების ტოქსინებით მოწამვლისას – 6-დან 24 საათამდე.
სტაფილოკოკური მოწამვლების განსაკუთრებით დამახასიათებელი ნიშნებია – მჭრელი, შეტევითი ტკივილები ფერდქვეშა არეში, ღებინება. სხეულის ტემპერატურა ნორმალური ან სუბფებრილურია. ფაღარათი შესაძლებელია არ აღინიშნებოდეს. დამახასიათებელია მზარდი სისუსტე, კანის საფარველის სიფერმკრთალე, კიდურების გაცივება, არტერიული წნევის დაქვეითება. შესაძლებელია განვითარდეს კოლაფსიც. ამასთან, საწყისი პერიოდის მკვეთრად გამოხატული სიმპტომატიკის დროსაც კი დაავადების დაწყებიდან დღის ბოლოს დგება გამოჯანმრთელება, მხოლოდ ცალკეულ ავადმყოფებში 2-3 დღის განმავლობაში შენარჩუნებულია სისუსტე.
კლოსტრიდიების ტოქსინით გამოწვეული მოწამვლები მიმდინარეობენ გაცილებით მძიმედ. დაავადება იწყება ტკივილით მუცელში, უპირატესად ჭიპის არეში; მატულობს საერთო სისუსტე, დეფეკაცია დღეში აღწევს 20-ს, უხვი, წყლიანი, ზოგჯერ ბრინჯის ნახარშის მსგავსი განავლით. რიგ შემთხვევებში ღებინება და ფაღარათი იწვევენ გამოხატულ გაუწყლოვნებას. ზოგიერთ შემთხვევებში ვითარდება ნეკროზული ენტერიტის სურათი. ლეტალობა შეადგენს 30%-ს.
სტაფილოკოკური მოწამვლების დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია დამახასიათებელი სიმპტომატიკით და ეპიდემიოლოგიური მონაცემებით (დაავადების ჯგუფური ხასიათი, კავშირი გარკვეულ პროდუქტთან). დიაგნოზის დასადასტურებლად შესაძლებელია გამოყენებული იქნას სტაფილოკოკის გამოყოფა, რომელიც ახდენს ენტეროტოქსინის გამოყოფას საკვების ნარჩენებიდან ან კუჭის შიგთავსიდან.
კლოსტრიდიების ტოქსინებით მოწამვლის დამადასტურებელია ამ მიკროორგანიზმების აღოჩენა საეჭვო პროდუქტებში, ჩანარეცხ წყლებში ან პირნაღებ მასებში.
მკურნალობა. ორგანიზმიდან ტოქსინების მოსაცილებლად ატარებენ კუჭის ამორეცხვას წყლით ან ნატრიუმის ჰიდროკარბონატის 5%-იანი ხსნარით, რომლის შემდეგაც სტაფილოკოკური მოწავლის დროს შესაძლებელია მარილიანი საფაღარათოების დანიშვნა. გაუწყლოვნების განვითარების დროს ატარებენ რეჰიდრატაციულ ღონისძიებებს. საშუალო სიმძიმის ფორმების დროს ვენაში წვეთობრივად შეჰყავთ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ან გლუკოზის 5%-ანი ხსნარი 1000 – 1500 მლ. მძიმე და ძალიან მძიმე ფორმების დროს წარმატებით გამოიყენება ხსნარი ,,ტრისოლი“. რეკომენდებულია მისი კომბინირება კოლოიდურ ხსნარებთან, რომლებიც ხელს უწყობენ ტოქსინების გამოყოფას ორგანიზმიდან, მიკროცირკულაციის აღდგენას. რეჰიდრატაციის პრინციპები ისეთივეა, როგორიც ქოლერით მკურნალობის დროს. სტაფილოკოკური მოწამვლების დროს ანტიბიოტიკები არ ინიშნება. კლოსტრიდიებით გამოწვეული მოწამვლების დროს, ანაერობული სეფსისის შესაძლო განვითარების გათვალისწინებით, ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები.
პროგნოზი სტაფილოკოკური მოწამვლებისას კეთილსაიმედოა. კლოსტრიდიების ტოქსინებით მოწამვლისას პროგნოზი სერიოზულია, განსკუთრებით ანაერობული სეფსისის განვითარების დროს.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1564 times by 771 viewers



