ფსევდოტუბერკულოზი

ფსევდოტუბერკულოზი pseudotuberculosis

ფსევდოტუბერკულოზი მწვავე ინფექციური დაავადება ზოონოზების ჯგფუდან; ხასიათდება ცხელებით, ზოგადი  ინტოქსიკაციით, წვრილი ნაწლავის, ღვიძლის დაზიანებით, არაიშვიათად ქუნთრუშასებრი გამონაყრით. დასნებოვნება ხდება უპირატესად ალიმენტური გზით.

ფსევდოტუბერკულოზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია იერსინია – გრამუარყოფითი ჩხირი, კაფსულის გარეშე, სპორებს არ წარმოქმნის. ანტიგენური თვისების მიხედვით მსგავსია შავი ჭირისა და ნაწლავის იერსინიოზის გამომწვევისა. კარგად ძლებს გარემოში, კერძოდ პროდუქტებში 3 თვემდე. სწრაფად იღუპება გაცხელებისას. ინფექციის კარია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსი, უპირატესად წვრილი ნაწლავების ქვედა ნაწილები, სადაც წარმოიქმნება ანთებითი ცვლილებები (ილეიტი); ზიანდება აგრეთვე რეგიონალური ლიმფური კვანძები (მეზადენიტი). სისხლში მიკრობების შეღწევა და მათი დაღუპვა იწვევს ტოქსემიასა და მეტასტაზურ გავრცელებას სხვადასხვა ორგანოებში. ორგანიზმის იმუნური სისტემის უკმარისობის დროს შესაძლებელია დაავადების გამწვავებები და რეციდივები.

ფსევდოტუბერკულოზი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-დან 21 დღემდე (ხშირად 8-10 დღე). დაავადება იწყება მწვავედ: წარმოიქმნება შემცივნება, ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები (სისუსტე, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა). დაავადების პირველ დღეებში შესაძლებელია ზედა სასუნთქი გზების კატარი. აღინიშნება ტკივილი მუცელში, ზოგჯერ გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. აღინიშნება სახის, კისრის კანის, ხელისგულებისა და ფეხისგულების ჰიპერემია. დაავადების მე-2-4 დღეზე ავადმყოფთა უმრავლესობაში ვლინდება ეგზანთემა. ზოგიერთ ავადმყოფთან ეგზანთემას თან ახლავს კანის ქავილი, მე-2-3 დღიდან იწყება კანის აქერცვლა (ხელისგულებზე, ფეხისგულებზე, ტანზე). ავადმყოფებს აღენიშნებათ ასევე ,,ჟოლოსებრი“ ენა, რაც აძლიერებს მსგავსებას ქუნთრუშასთან. აბდომინური ფორმების დროს პირველ პლანზე გამოდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები გასტროენტერიტის, მეზადენიტის, აპენდიციტის სახით. სიყვითლით მიმდინარე ფორმის დროს აღინიშნება ტოქსიკური ჰეპატიტი, პიგმენტური ცვლის დარღვევით; ართრალგიური ფორმის დროს ზოგადი ინტოქსიკაციის ფონზე ვლინდება მონო – ან პოლიართრიტის სიმპტომები. შერეული ფორმის დროს შესაძლებელია დაავადების სხვადასხვა კლინიკური გამოვლინებები.

ფსევდოტუბერკულოზი – დიაგნოსტიკის დროს, გარდა კლინიკური სიმპტომებისა, ითვალისწინებენ ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს. დიაგნოზს ადასტურებს გამომწვევის გამოყოფა ავადმყოფის განავლიდან ან სისხლიდან, ასევე სეროლოგიური რეაქციები.

ფსევდოტუბერკულოზი – მკურნალობა. ინიშნება ანტიბიოტიკები; ტარდება სიმპტომატური თერაპია. აბდომინური ფორმის დროს აუცილებელია ქირურგის კონსულტაცია.

ფსევდოტუბერკულოზი – პროგნოზი.შრომისუნარიანობა აღდგება 2-4 კვირის შემდეგ. პროფილაქტიკა. დერატიზაცია, პროდუქტების დაცვა მღრღნელებისაგან, ბოსტნეულის გამოყენება თერმული დამუშავების შემდეგ.

ინფექციური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფსევდოტუბერკულოზი – (pseudotuberculosis; ბერძ. Pseudes ცრუ + ტუბერკულოზი)ინფექციური დაავადება, გამომწვევის გადაცემის ალიმენტური მექანიზმით, რომელიც ხასიათდება მრავალნაირი კლინიკური გამოვლინებებით – ნაწლავის დაზიანებით, პოლიმორფული გამონაყრით, ართრალგიებით და სხვ. გამოყოფენ ფსევდოტუბერკულოზის შემდეგ კლინიკურ ფორმებს: ინტენსტინალური ფორმა, მეზენტერიული ლიმფადენიტი; ტერმინალური ილეიტი; გენერალიზებული (სკარლატინისმაგვარი) და სეპტიცემია. დაავადების გამომწვევია ფსევდოტუბერკულოზის იერსინია – Yersinia pseudotuberculosis; ინკუბაციური პერიოდი გრძელდდება 2 – დან 15 დღემდე. ინტესტინალური ფორმა იწყება მწვავედ, ტემპერატურის მომატებით; ვითარდება მწვავე გასტორენტერიტის სიმპტომები, იშვიათად ენტეროკოლიტის, ტკივილები მუცელში, უპირატესად მარჯვენა თეძოსქვეშა არეში. მეზენტერიული ლიმფადენიტი ვითარდება გასტროენტერიტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. ძლიერდება ტკივილები მარჯვენა თეძოსქვეშა მიდამოში, პალპატორულად ისინჯება ინფილტრატი ილიოცეკალურ კუთხეში. ტერმინალური ილეიტი წარმოადგენს თეძოს ნაწლავის ფსევდოტუბერკულოზური ეტიოლოგიის მწვავე ანთებას. დამახასიათებელია შეტევითი ტკივილები, ფაღარათი, თეძოს ნაწლავის ქვედა ნაწილის შევიწროება. გენერალიზებული ფორმის დროს  დაავადების დასაწყისში წარმოიქმნება შეტევითი ტკივილები მუცელში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ცხელება შემცივნებით, ინტოქსიკაცია, ტკივილები სახსრებში, სახის ჰიპერემია; დაავადების მე – 3 – 4 დღეზე ჩნდება წვრილწერტილოვანი ენანთემა და გამონაყარი, რომელიც ნარჩუნდება 3 – 8 დღის მანძილზე; დაავადების მე – 2 – 4 კვირაზე ჩნდება აქერცვლა ტერფებზე და ხელისგულებზე. დაავადების პროგნოზი უმრავლეს შემთხვევაში კეთილსაიმედოა. 2.  გავრცელებული ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ფსევდოტუბერკულოზის იერსინია. დაავადება ვლინდება ცხელებით, კანზე გამონაყარით. დამახასიათებელია სახის, მტევნებისა და ტერფების გაწითლება. ხშირია ტკივილები მუცელში, სახსრების დაზიანება. დაავადებამ შესაძლოა მიიღოს გახანგრძლივებული მიმდინარეობა. შესაძლო გართულებებია: აპენდიციტი, მიოკარდიტი, მენინგიტი.

Share this...Share on Facebook
Facebook