ბურსიტი

ბურსიტი bursitis

ბურსიტი სახსრის სინოვიური აბგის ანთება. მიზეზები: ტრავმა, განსაკუთრებით განმეორებითი, ხანგრძლივი ქრონიკული ტრავმატიზაცია, აბგის არეში დაზიანებების ინფიცირება და სხვ.

ბურსიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ჩირქოვანი ბურსიტისათვის დამახასიათებელია მწვავე დასაწყისი. ქრონიკული სეროზული ბურსიტის დროს სითხე თადნათანობით გროვდება სინოვიურ აბგაში, არ იწვევს ტკივილებს. ძირითადი სიმპტომია – ლოკალიზებული შეშუპება სინოვიური აბგის მიდამოში, ხშირად მუხლის სახსრის წინა ზედაპირის ან იდაყვის სახსრის არეში. ჩირქოვანი ბურსიტი შესაძლებელია გართულდეს გარემომცველი რბილი ქსოვილების ფლეგმონით. თავისთავადი გახსნისას წარმოიქმნება ფისტულები.

ბურსიტი – მკურნალობა. მწვავე სეროზული ბურსიტის დროს – მოსვენებური მდგომარეობა, სახსრის იმობილიზაცია, სითბური პროცედურები. ქრონიკულის დროს – აბგის პუნქცია ასეპტიკურ პირობებში, ექსუდატის ამოღება, მისი შემდგომი ბაქტერიოლოგიური კვლევა, დამწოლი ნახვევი. ქრონიკული ბურსიტის მორეციდივე მიმდინარების დროს ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა; ჩირქოვანი ბურსიტის დროს კეთდება განაკვეთი აბგის დრენირებისათვის, ინიშნება ანტიბიოტიკები. პროგნოზი, როგორც წესი, კეთილსაიმედოა.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.