ლალი დათეშიძე
პარკინსონიზმი - ქრონიკული დაავადება, რომელიც განპირობებულია ქერქქვეშა განგლიებში კატექოლამინების მეტაბოლიზმის დარღვევით; ვლინდება აკინეზიით, კუნთების ტრემორითა და რიგიდულობით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადება ვითარდება მრავალი სხვადასხვა მიზეზის შედეგად, რომლებიც მოქმედებენ ქერქქვეშა განგლიებზე: ენზიმური სტრუქტურების პირველადი უკმარისობა, ინტოქსიკაციები, მათ შორის წამლისმიერი (ნეიროლეპტიკები, რეზერპინი, დოპეგიტი), ენცეფალიტები, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის სიმსივნეები. ამჟამად განსაკუთრებით ხშირად გვხვდება იდიოპათიკური ფორმა და წამლისმიერი პარკინსონიზმი. აღინიშნება კატექოლამინების შემცველობის შემცირება კუდიან ბირთვში და შავ სუბსტანციაში, რაც იწვევს ექსტრაპირამიდული სისტემის დისფუნქციას.
სიმპტომები, მიმდინარეობა. კლინიკური სურათი მოიცავს სიმპტომთა ტრიადას: აკინეზია, რიგიდულობა და ტრემორი. ამას თან ახლავს სიარულის დარღვევა, ვეგეტატიური მოშლილობები, ტკივილი. დაავადების იდიოპათიკური ფორმა წარმოიქმნება ჩვეულებრივ 50 წლის შემდეგ და იწყება ხელების კანკალით, პარციალური ან ზოგადი შებოჭილობით. თანდათანობით ტრემორი და აკინეზია პროგრესირებს, ვლინდება მუსკულატურის რიგიდულობა, ტონუსის თანდათანობით მომატებითა და ბიძგისებრი ჰიპერტონიით (დაკბილული ბორბლის ფენომენი). იცვლება სიარულის მანერა: ავადმყოფი დადის პატარა ნაბიჯებით, ქრება ხელების შეთანხმებული მოძრაობა სიარულის დროს. ავადმყოფის მიმიკა ღარიბდება, იშვიათდება ხახამი, სახე ნიღბისებურია. დამახასიათებელია პარადოქსული კინეზიები: ავადმყოფს რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად სიარული, შეუძლია აირბინოს კიბეზე, იცეკვოს, ისრიალოს თხილამურებზე. ზოგიერთ ავადმყოფში აღინიშნება პროპულსია: ნელი გადაადგილება უეცრად იცვლება სირბილით, რომლის დაძლევა ავადმყოფს არ შეუძლია, სანამ არ დაეცემა ან არ შეხვდება წინააღმდეგობას. აღინიშნება სახის ცხიმიანობა, ჰიპერსალივაცია. არაიშვიათად ირღვევა შარდვა. გარკვეული ხარისხით ღარიბდება ასევე ავადმყოფთა სულიერი ცხოვრებაც, თანდათანობით ვითარდება დემენცია. კუნთების ძალა ნორმალურია, რეფლექტორული და სენსორული სფერო დარღვეულია. დაავადება, როგორც წესი, პროგრესირებს, მაგრამ მოძრაობის დარღვევების ტემპი სხვადასხვაა. მძიმე შემთხვევებში ან გვიანდელ სტადიებში ავადმყოფი მთლიანად უძრავი ხდება და არ შეუძლია საწოლიდან ადგომა სხვისი დახმარებითაც კი.
დიფერენციალური დიაგნოზი მოხუცებულობით ტრემორთან ეყრდნობა ამ უკანასკნელის დროს კუნთების რიგიდულობის არასებობას. ესენციური ტრემორი წარმოიქმნება შედარებით ახალგაზრდა ასაკში. ტრემორი თირეოტიქსიკოზისa და თეთრი ცხელების დროს შერწყმულია ამ დაავადებებისათვის დამახასიათებელ ნიშნებთან.
მკურნალობა. გარდა მედიკამენტოზური თერაპიისა, ნაჩვენებია ასევე მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა; საჭიროა ავადმყოფს მუდმივად შევახსენოთ, რომ მან იმოძრაობს, რომ ,,საწოლი მისი მტერია”. ზოგიერთ შემთხვევაში, უპირატესად ახალგაზრდა ავადმყოფებში, წამლის ეფექტის არარსებობისას, ნაჩვენებია სტერეოტაქსული ჩარევა ქერქქვეშა განგლიებზე.
პროგნოზი. მედიკამენტოზური პარკინსონიზმის დროს ნაჩვენებია წამლის მოხსნა, რომელმაც გამოიწვია დაავადება, შედეგად ზოგჯერ ხდება ყველა სიმპტომის ლიკვიდაცია. იდიოპათიკური ფორმა, ასევე ათეროსკლეროზული და პოსტენცეფალური პარკინსონიზმი განუხრელად პროგრესირებს.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1644 times by 837 viewers



