ლალი დათეშიძე
დისკოგენური რადიკულოპათიები – მტკივნეული, მოტორული და ვეგეტატიური დარღვევები, განპირობებული ზურგის ტვინის ფესვების დაზიანებით, ხერხემლის ოსტეოქონდროზის გამო.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. ხერხემლის ოსტეოქონდროზი წარმოადგენს დეგენერაციულ-დისტროფიულ პროცესს, რომელიც წარმოიქმნება მალთაშუა დისკოების ამორტიზირებადი ფუნქციის მოშლით, რაც განპირობებულია დისკის ქსოვილის დეგენერაციით, რომელიც იწვევს მის შიგნით წნევის დაქვეითებას. გარდა ტრავმული წარმოშობისა, დისკოპათიების ეტიოლოგია ცნობილი არ არის. დაზიანებული დისკის სეგმენტში წარმოიქმნება მალის შედარებითი არასტაბილურობა მალის სხეულების ოსტეოფიტების განვითარებით (სპონდილოზი), იოგების დაზიანებითა და მალთაშუა სახსრების ართროპათიით (სპონდილოართროზი). დისკის გამობერვამ (თიაქარი), ასევე ოსტეოფიტებმა შესაძლოა გაჭყლიტონ ფესვები, რის გამოც წარმოიქმნება ფესვური ტკივილები. გარდა ამისა, როგორც ადგილობრივი, ასევე კიდურებში ირადირებული ტკივილის წყარო შეიძლება იყოს ხერხემლის დაზიანებული ქსოვილები. ტკივილის წარმოქმნის უშუალო მიზეზია სიმძიმის აწევა, მოუხერხებელი მოძრაობა, გაცივება, უარყოფითი ემოციები, ინფექციები და სხვ. მთლიანობაში გავა-წელისა და კისრის რადიკულიტების არანაკლებ 95% განპირობებულია ვერტებრული ოსტეოქონდროზით, ხოლო რადიკულოპათიას როგორც წესი, საფუძვლად უდევს მექანიკური, კომპრესიული ფაქტორი. ტკივილის სინდრომის განვითარებაში არსებით როლს ასრულებს ასევე ადგილობრივი ნეიროდისტროფიული ცვლილებები მყესებში, იოგებსა და კუნთებში. ეს ფაქტორები განსაკუთრებით გამოხატულია ცალკეული კუნთების კონტრაქტურების განვითარებისას რადიკულიტის დროს (მიოფასციალური ტკივილები). წელის ტკივილის პირველი შეტევები, როგორც ჩანს, უკავშირდება დისკის ფიბროზული რგოლის გასკდომას (დისკალგია) და მალთაშუა სახსრების კაფსულების დაზიანებას. ამ დროს ირღვევა უპირატესად ვეგეტატიური ინერვაცია და ტკივილი არის დიფუზური. მხოლოდ დისკის თიაქარი, რომელიც ზეწოლას ახდენს ფესვზე, იწვევს საკუთრივ ფესვური სინდრომის ფორმირებას. ხერხემლის სვეტის ფორმა ისეთია, რომ დატვირთვის მაქსიმუმი მოდის კისრის ქვედა, გულმკერდის ქვედა და წელქვედა განყოფილებებზე, ამიტომ კლინიკურ სურათში ხშირად სჭარბობს ფესვების კომპრესია ამ დონეებზე.
კისრის რადიკულიტი. დაავადების პირველი შეტევაა ტკივილი კისერში, კისრის კუნთების დაჭიმვა, თავის იძულებითი მდებარეობა, კისრის ლორდოზის გასწორება. დისკის თიაქრის განვითარების დროს ერთ-ერთი ფესვის გაჭყლეტისას (ხშირად С6 ან С7) ტკივილი ვრცელდება ხელში, ბეჭში ან გულმკერდის წინა ზედაპირზე; უკანასკნელ შემთხვევაში ზოგჯერ ადგილი აქვს მიოკარდის ინფარქტის იმიტაციას. ტკივილი ძლიერდება დახველების, დაცვემინების, თავის მოძრაობის დროს. ტკივილი უფრო გამოხატულია ხელის პროქსიმალურ ნაწილებში, ხოლო დისტალურად აღინიშნება პარესთეზიები; მგრძნობელობის დაკარგვა და პარეზები იშვიათია. ხშირია ღრმა რეფლექსების დაქვეითება. ტკივილი მატულობს ღამის საათებში, ამიტომ ავადმყოფები იძულებულები არიან იარონ; ზოგჯერ ტკივილი მცირდება თავზე ხელის დადებისას.
გულმკერდის რადიკულიტი. აღინიშნება შემოსარტყვლითი ტკივილი გულმკერდზე ან მუცელზე. ბანალური რადიკულიტის განსაკუთრებულად იშვიათი ვარიანტია.
გავა-წელის რადიკულიტი. ლუმბაგოს შეტევას მოჰყვება ტკივილის გავრცელება ფეხში, საჯდომი ნერვის გაყოლებაზე, ვინაიდან ლუმბურ-იშიალგიური სინდრომის შემთხვევათა 90% განპირობებულია L5 – S1 ფესვების გაჭყლეტით. ტკივილებს ხშირად თან ახლავს დიდი თითის ან მთლიანად ტერფის მომხრელებისა და გამშლელების სისუსტე. ხშირად ქრება აქილევსის რეფლექსი; ტიპიურია ლასეგის სიმპტომი. L4 ფესვის დაზიანება მიმდინარეობს ბარძაყის ნერვის ნევრიტის სურათით: ტკივილი ბარძაყის წინა ზედაპირზე და მუხლის სახსარში, ზოგჯერ ბარძაყის ოთხთავა კუნთის სისუსტე და მუხლის რეფლექსის გაქრობა. ვერტებრული სინდრომი წარმოდგენილია წელის კუნთების დაჭიმვით, წელის ლორდოზის გადასწორებით, რომელიც ზოგჯერ იცვლება კიფოზით. დისკის თიაქრის სრული გამოვარდნა იწვევს ცხენის კუდის გაჭყლეტას (წვივისა და ტეფის დამბლა, საჯდომისეული ანესთეზია, მენჯის ორგანოების ანესთეზია). რადიკულიტების დროს ხერხემლის რენტგენოგრაფია ავლენს ოსტეოქონდროზს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ტუბერკულოზურ სპონდილიტთან, ბეხტერების დაავადებასთან, ხერხემლისა და ზურგის ტვინის სიმსივნეებთან, სპონდილოლისტეზთან.
მკურნალობა. ხერხემლის იმობილიზაცია, სითბო, ანალგეტიკები. ნაჩვენებია დაზელვა, მანუალური თერაპია. ფართოდ გამოიყენება გაჭიმვა, მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპიული პროცედურები, ბლოკადები. ზოგჯერ საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა – დისკის თიაქრის ამოკვეთა. ოპერაციის აბსოლუტური ჩვენებაა პარალიზური იშიასი, რომელიც განპირობებულია გამოვარდნილი დისკის მიერ ცხენის კუდის გაჭყლეტით.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 7317 times by 3237 viewers



