ქალა-ტვინის ტრავმა

ქალა-ტვინის ტრავმა craniocerebral trauma

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ქალა-ტვინის ტრავმა თავის ქალას მექანიკური ტრავმა იწვევს ტვინის ქსოვილის გაჭყლეტას (გარდამავალს ან პერმანენტულს), მისი შრეების გაჭიმვასა და გადანაცვლებას, ქალაშიდა წნევის მკვეთრ მომატებას. ტვინის ნივთიერების გადანაცვლებას შესაძლებელია თან ახლდეს ტვინის ქსოვილისა და სისხლძარღვების გაგლეჯა; მექანიკურ დაზიანებებს თან ახლავს ტვინში რთული დისცირკულაციური და ბიოქიმიური ცვლილებები. ქალა-ტვინის ტრავმა შეიძლება იყოს დახურული და ღია. დახურული ტრავმები ტრადიციულად იყოფა: შერყევა, დაჟეჟვა და გაჭყლეტა; მათ მიეკუთვნება აგრეთვე ქალას ფუძის მოტეხილობა და თაღის ნაპრალები, კანის საფარველის შენარჩუნებისას.

ქალა-ტვინის ტრავმათავის ტვინის შერყევა ხასიათდება ნიშნების ტრიადით: გონების დაკარგვა, გულისრევა ან ღებინება, რეტროგრადული ამნეზია. კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკა არ აღინიშნება.

ქალა-ტვინის ტრავმატვინის დაჟეჟვა დიაგნოსტირდება მაშინ, როდესაც ტვინის ზოგად სიმპტომებს ემატება ტვინის კეროვანი დაზიანების ნიშნები. დიაგნოსტიკური ზღვარი ტვინის დაჟეჟილობასა და შერყევას შორის საკმაოდ რთულია, და ამგვარ სიტუაციებში, ადეკვატურია ტერმინი ,,კომოციურ-კონტუზიური სინდრომი”.

ტვინის დაჟეჟილობა შეიძლება წარმოიქმნას როგორც ტრავმის ადგილზე, ასევე მის მოპირდაპირე მხარეზე. შერყევის დროს გონების დაკარგვა გრძელდება ათეულ წუთამდე. ტვინის გაჭყლეტა გულისხმობს ტრავმული ჰემატომის განვითარებას, ხშირად ეპიდურულის ან სუბდურულის. შედარებით მარტივის დროს ადგილი აქვს ,,ნათელ პერიოდს”: გონებაზე მოსული ავადმყოფი გარკვეული დროის შემდეგ კვლავს იწყებს ,,ჩაძირვას”, ხდება აპათიური, დუნე, შემდეგ კი სოპოროზული. შედარებით რთულია ჰემატომის დადგენა კომაში მყოფ ავადმყოფთან. ტრავმული ქალაშიდა ჰემატომები მათი მოცულობის ზრდასთან ერთად რთულდება ტენტორიალური თიაქრის განვითარებით. მისი ზეწოლა ამ დონეზე ვლინდება თვალის მამოძრავებელი ნერვის დაზიანებით (პტოზი, მიდრიაზი, სიელმე) და კონტრლატერალური ჰემიპლეგიით.

ქალა-ტვინის ტრავმაქალას ფუძის მოტეხილობა მიმდინარეობს ტვინის გაჭყლეტის ამა თუ იმ ხარისხით, ხასიათდება სისხლის გაღწევით ქალას ღრუდან ცხვირ-ხახაში, პერიორბიტულ ქსოვილში და კონიუნქტივის ქვეშ, შუა ყურის ღრუში. სისხლდენა ცხვირიდან და ყურებიდან შეიძლება შედეგი იყოს ადგილობრივი ტრავმისა, ამიტომ იგი არ წარმოადგენს სპეციფიკურ ნიშანს ფუძის მოტეხილობისა. ასევე ,,სათვალეების სიმპტომი” ხშირად შედეგია სახის ადგილობრივი ტრავმისა. პათოგნომურია ცერებრულ-სპინური სითხის გამოდენა ცხვირიდან და ყურებიდან.

ქალა-ტვინის ტრავმასაფეთქლის ძვლის პირამიდის მოტეხილობა ხშირად მიმდინარეობს სახისა და კოქლეოვესტიბულური ნერვების დამბლით. ზოგიერთ შემთხვევაში სახის ნერვის დამბლა წარმოიქმნება ტრავმიდან რამდენიმე დღის შემდეგ. გარდა მწვავე ჰემატომისა ქალას ტრავმა შესაძლებელია გართულდეს ტვინზე სისხლის ქრონიკულად მზარდი დაგროვებით. ჩვეულებრივ ასეთ შემთხვევებში ადგილი აქვს სუბდურულ ჰემატომას. როგორც წესი, ასეთი ავადმყოფები არიან ხანში შესული ადამიანები დაქვეითებული მეხსიერებით, რომელთაც აღენიშნებათ ალკოჰოლიზმი,- და რომლებიც სტაციონარში ხვდებიან უკვე დეკომპენსაციის სტადიაში. ტრავმის სიმძიმისა და ხასიათის შეფასებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ძირითად კლინიკურ ნიშნებს და გამოკვლევის მონაცემებს. გონების მდგომარეობა – გონების დაკარგვის სიღრმე და ხანგრძლივობა, როგორც წესი, კორელაციაშია ტრავმის სიმძიმესთან. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების მაჩვენებლების შეფასება – პულსი, არტერიული წნევა, სუნთქვა, სხეულის ტემპერატურა – საჭიროა ჩატარდეს განმეორებით; მძიმე შემთხვევებში ინტერვალებით, რომელიც არ აღემატება 30 წთ-ს; კიდურების დამბლის გამოვლინება. ანიზოკორია, რომლის დროსაც გუგის მკვეთრი შევიწროება იცვლება მისი გაფართოებით, წარმოადგენს ინტრაკრანიული ჰემატომის ნიშანს. ლოკალური კრუნჩხვითი შეტევები დამახასიათებელია ტვინის დაჟეჟილობისათვის და ჰემატომებისათვის. კეფის კუნთების რიგიდულობის გამოკვლევა აუცილებელია სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის გამოსავლენად; ხერხემლის კისრის ნაწილის პალპაციით შესაძლებელია დადგინდეს მისი მოტეხილობა, რომელიც ხშირად თან ახლავს ქალას მძიმე ტრავმას.

ქალა-ტვინის ტრავმების შემთხვევათა ნახევარი კომბინირებულია, ანუ თან ახლავს სხვა ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანება. აუცილებელია ავადმყოფის სომატური მდგომარეობის შეფასება. ზოგიერთ ავადმყოფთან შოკს შესაძლებელია ჰქონდეს ცენტრალური ან სომატური გენეზი, გულმკერდისა და მუცლის ღრუს თანმხლები დაზიანების გამო, სისხლდენით (ელენთის გასკდომა!); საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ ქალას ტრავმა შეიძლება ავადმყოფმა მიიღოს დაცემის დროს, რომელიც გამოწვეულია ტვინის ინსულტით. ქალა-ტვინის ყველა შემთხვევის დროს საჭიროა ჩატარდეს კრანიოგრაფია. ქალას ხაზობრივი ბზარები თხემ-საფეთქლის არეში მაჩვენებლია არტერიის გასკდომისა, რომლიდანაც სისხლდენა იწვევს ეპიდურული ჰემატომის განვითარებას. ქალას ძვლების დაზიანების პირდაპირი მაჩვენებელია ქალას ღრუში ჰაერის აღმოჩენა.

ცერებრულ-სპინურ სითხეში სისხლის არსებობა მიუთითებს სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევაზე, რომელიც თან ახლავს ტვინის ყველა მძიმე ტრავმას. სისხლის არარსებობა მიუთითებს ტვინის დაჟეჟილობის არარსებობაზე, მაგრამ არ გამორიცხავს ეპი – ან სუბდურულ ჰემატომებს; პირდაპირი კორელაცია ქალას ტრავმის სიმძიმესა და ჰემატომების განვითარებას შორის არ არსებობს. განმეორებითი პუნქციები საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ ცერებრულ-სპინური სითხის შემადგენლობის დინამიკაზე, რაც გარკვეული ხარისხით გვეხმარება ტრავმული დაავადების მიმდინარეობის ადეკვატურ შეფასებაში. ეეგ, განსკუთრებით განმეორებითი, არსებითად გვეხმარება დაავადების მიმდინარეობის შეფასებაში. გადამწყვეტი როლი ენიჭება კომპიუტერულ ტომოგრაფიას. ტრავმული კომის დროს დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სხვა კომატოზურ მდგომარეობებთან. ძალზე რთულია ტვინის ტრავმის გამოვლენა ავადმყოფებში ალკოჰოლური თრობისას. კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკის აღმოჩენა მიუთითებს, რომ გონების დაკარგვა უკავშირდება ქალა-ტვინის ტრავმას.

ქალა-ტვინის ტრავმაქალა-ტვინის ღია ტრავმა ხშირად მიმდინარეობს ტვინში უცხო სხეულებისა და ძვლის ნატეხების ჩასობით. მაგარი გარსის დაზიანების დროს მკვეთრად მატულობს გარსქვეშა სივრცის ინფიცირების საფრთხე. ქალას ღია ტრავმა ზოგჯერ მიმდინარეობს გონების პირველადი დაკარგვის გარეშე, და კომის ნელი განვითარება მიუთითებს ქალაშიდა სისხლდენაზე ან ტვინის პროგრესირებად შეშუპებაზე. ქალა-ტვინის ტრავმა შესაძლებელია გართულდეს ინფექციით (მენინგიტი, ტვინის აბსცესი, ოსტეომიელიტი), სისხლძარღვთა დაზიანებით (ჰემორაგია, თრომბოზი, ანევრიზმის წარმოქმნა), პოსტტრავმული ცერებრული სინდრომის განვითარებით.

მკურნალობა. ქალას დახურული ტრავმთ გამოწვეული კომის დროს ტარდება რეანიმაციული ღონისძიებების კომპლექსი, კერძოდ ინტენსიური დეჰიდრატაცია ტვინია შეშუპების საწინააღმდეგოდ. მსუბუქი ტრავმების დროს, რომლებიც მიმდინარეობენ ტვინის შერყევის სურათით, მკურნალობა მკაცრად ინდივიდუალურია. ნერვული სისტემის მხრივ ობიექტური გადახრების არარსებობისას და კარგი საერთო მდგომარეობის დროს აუცილებელი არ არის ავადმყოფი გავაჩეროთ საწოლში რამდენიმე დღეზე მეტხანს და ჩავატაროთ სამკურნალწამლო თერაპია. თუკი გამოხატულია ასთენიური სინდრომი (თავის ზომიერი ტკივილი, თავბრუსხვევა), მაშინ შესაძლებელია შემოვიფარგლოთ ტრანკვილიზატორების დანიშვნით, ზოგჯერ  – დიურეტიკების. ჰემატომებს აცილებენ ქირურგიული წესით. ასევე ქირურგიულად მკურნალობენ ქალას ღია ტრავმებს. ქალას ფუძის მოტეხილობისა და ქალას ღია ტრავმების დროს ნაჩვენებია ანტიბიოტიკების პრევენციული დანიშვნა.

ქალა-ტვინის ტრავმა პროგნოზი. ტვინის შერყევის დროს ავადმყოფთა უმრავლესობა სრულად გამოჯანმრთელდებიან. ტვინის დაჟეჟილობისა და ქალას ღია დაზიანებების დროს გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების სიმძიმეზე. შემთხვევათა უმრავლესობაში ავადმყოფებს რჩებათ ესა თუ ის ნარჩენი ცერებრული სიმპტომები. ჰემატომების დროულად ამოკვეთა ავადმყოფს უნარჩუნებს სიცოცხლეს; ბევრ მსგავს შემთხვევაში არ რჩება არსებითი რეზიდუალური სიმპტომები. ტვინის მძიმე დაზიანების დროს ლეტალობა შეადგენს 40-50%-ს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ნერვული სისტემის დაავადებები