ორსულთა ტოქსიკოზები

ორსულთა ტოქსიკოზები gestational toxicosis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ორსულთა ტოქსიკოზები ვითარდება ორსულობის დროს და როგორც წესი წყდება მისი დამთავრების შემდეგ. არსებობს მისი განვითარების მრავალრიცხოვანი თეორიები (ალერგიული, ტოქსიკური, იმუნოლოგიური, ნეირორეფლექტორული, ჰუმორული და სხვ.). პირობითად ტოქსიკოზები იყოფა ადრეულ და გვიან ტოქსიკოზებად. ადრეული ტოქსიკოზის ხშირი კლინიკური ფორმაა ორსულთა ღებინება. იშვიათად გვხვდება ნერწყვდენა, დერმატოზები, ბრონქული ასთმა, სიყვითლე. გვიან ტოქსიკოზებს მიეკუთვნება ორსულთა წყალმანკი, ნეფროპათია, პრეეკლამფსია, ეკლამფსია. ორსულთა ღებინება ხშირად აღინიშნება ნერწყვდენის ფონზე; მიმდინარეობს გულისრევით, მადის დაქვეითებით, გემოვნების ცვლილებებით. მსუბუქი ფორმა გავლენას არ ახდენს ორსულის საერთო მდგომარეობაზე; საშუალო სიმძიმის ტოქსიკოზის დროს აღინიშნება სისუსტე, სიგამხდრე, დიურეზის შემცირება, მადის დაკარგვა. ტოქსიკოზის განსაკუთრებულად მძიმე ფორმაა შეუჩერებელი ღებინება. ღებინება დღეში 20-ჯერ და მეტადაა, ხშირად საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. ორსული ძლიერ ხდება, ქვეითდება არტერიული წნევა, პულსი გახშირებულია, მატულობს ტემპერატურა, ვითარდება გამოხატული გაუწყლოვნება, შარდში ჩნდება აცეტონი; წარმოიქმნება გარკვეული საფრთხე სიცოცხლისათვის. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ორსულობის შეწყვეტა.

ორსულთა ტოქსიკოზები – მკურნალობა. ტოქსიკოზის მსუბუქი ფორმები ჰოსპიტალიზაციასა და სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებენ. საშუალო სიმძიმისა და განსაკუთრებით შეუწყევეტელი ღებინების დროს აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. დასუსტებული ავადმყოფებისათვის ნაჩვენებია სისხლის გადასხმა. თუკი მკურნალობა არაეფექტურია და ტოქსიკოზი პროგრესირებს, საჭიროა ორსულობის შეწყვეტა.

ორსულთა ტოქსიკოზებიორსულთა წყალმანკი ხასიათდება შეშუპებებით, უარყოფითი დიურეზით, სხეულის მასის სწრაფი მატებით (კვირაში 300 გ-ზე მეტი). შარდში პათოლოგიური ელემენტები არ აღინიშნება, არტერიული წნევა მომატებული არ არის; აქვს ხანმოკლე ან ხანგრძლივი მიმდინარეობა. ზოგიერთ ორსულში დაავადება პროგრესირებს და გადადის ნეფროპათიაში. დიაგნოზი ეფუძნება ორსულობის მეორე ნახევარში შეშუპებების გაჩენას, რომელიც არ უკავშირდება ექსტრაგენიტალურ დაავადებებს.

ორსულთა ტოქსიკოზებიორსულთა წყალმანკი. მკურნალობა. სითხის (700-800 მლ/დღეში) და სუფრის მარილის (3-5 გ/დღეში) მიღების შემცირება. საკვები უნდა იყოს რძისა და მცენარეული ნაწარმის; ვიტამინების მომატებული რაოდენობით. გამოხატული შეშუპებების დროს საჭიროა ჰოსპიტალიზაცია. ინიშნება წოლითი რეჟიმი, სითხის და სუფრის მარილის შეზღუდვა, განტვირთვის დღეები, ვიტამინები.

ორსულთა ტოქსიკოზებინეფროპათია ხშირად ვითარდება წყალმანკის ან წინამორბედი ექტრაგენიტალური დაავადებების ფონზე (ჰიპერტონული დაავადება, ნეფრიტი). ხასიათდება სიმპტომების ტრიადით: შეშუპებები, ჰიპერტენზია, პროტეინურია. ხშირად ადგილი აქვს მხოლოდ ორ სიმპტომს ნებისმიერი შერწყმით ან მათგან ერთ-ერთს. შესაძლებელია ტვინის ზოგადი მოვლენების გამოვლინება. მძიმე მიმდინარეობის დროს შესაძლებელია გადასვლა პრეეკლამფსიაში და ეკლამფსიაში. ნეფროპათია არახელსაყრელ გავლენას ახდენს ნაყოყოფზე.

ორსულთა ტოქსიკოზებინეფროპათია. მკურნალობა სტაციონარულია. ინიშნება უმარილო დიეტა, სითხეების შეზღუდვა, განტვირთვის დღეები, ვიტამინოთერაპია, გლუკოზის პრეპარატები;

ორსულთა ტოქსიკოზებიპრეეკლამფსია ხასიათდება ნეფროპათიის ფონზე თავის ძლიერი ტკივილით, მხედველობის მოშლით, ტკივილით ფერდქვეშა არეში. მკურნალობა ანალოგიურია ნეფროპათიის მძიმე ფორმების დროს მკურნალობისა.

ორსულთა ტოქსიკოზებიეკლამფსია ხასიათდება კრუნჩხვებითა და გონების დაკარგვით. ხშირად წარმოიქმნება ნეფროპათიის მძიმე ფორმის ან პრეეკლამფსიის ფონზე. კრუნჩხვების შეტევა ვითარდება გარკვეული თანამიმდევრობთ: პირველი ეტაპი – ვითარდება სახის კუნთების მცირე ფიბრილარული შეკუმშვები, რომელიც გადადის ზედა კიდურებზე; მეორე ეტაპი – მთლიანი ჩონჩხის მუსკულატურის ტონური კრუნჩხვები; ავადმყოფი კარგავს გონებას, სუნთქვა არ არის, გუგები გაფართოებულია, კანი და ლორწოვანი გარსები ციანოზურია; მესამე ეტაპი – ტანის კუნთების კლონური კრუნჩხვები, შემდეგ კი ზედა და ქვედა კიდურების; ვლინდება არარეგულარული სუნთქვა, პირიდან გადმოედინება ქაფი; მეოთხე ეტაპი – კომატოზური მდგომარეობა. ეკლამფსიისათვის დამახასიათებელია გულყრების მცირედი რაოდენობა, რომელიც ვითარდება ნეფროპათიის ან პრეეკლამფსიის შედარებით არამძიმე ფორმის ფონზე. ეკლამფსიის გართულებებია: გულის მოქმედების დაქვეითება, სისხლჩაქცევა ტვინში, ფილტვების შეშუპება, ნაყოფის მუცელშიგა ჰიპოქსია, ნაყოფის მუცელშიგა სიკვდილი. მკურნალობა ტარდება ექიმ-მეანის მიერ ანესთეზიოლოგთან ერთად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ან სპეციალურად მოწყობილ პალატაში. ყველა მანიპულაცია ტარდება ნარკოზის ქვეშ. გულყრის შეწყვეტის შემდეგ ახალი შეტევის პროფილაქტიკისათვის კვლავ ინიშნება ხანმოკლე ნარკოზი. ავადმყოფს ეძლევა ჟანგბადი ყოველი გულყრის შემდეგ. ტარდება ისეთივე მედიკამენტოზური თერაპია, როგორიც ნეფროპათიის მძიმე ფორმის დროს. საკეისრო კვეთა ტარდება მკაცრი ჩვენების დროს: ეკლამფსიის შეუჩერებელი გულყრები; ხანგრძლივი კომატოზური მდგომარეობა; სისხლჩაქცევა თვალის ფსკერზე; ბადურის აშრევება; გამოხატული ოლიგურია ან ანურია; ფილტვებისშეშუპება; ნორმალურად მდებარე პლაცენტის ნაადრევი აშრევება. გვიანი ტოქსიკოზების პროფილაქტიკა ხორციელდება ქალთა კონსულტაციებში. დიდ როლს ასრულებს ორსულთა ტოქსიკოზის ადრეული გამოვლინება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

მეანობა