ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
კარიოლიმფა – (caryolympha ბერძნ.caryon – ბირთვი და lympha – გამჭვირვალე სითხე; სინ.ბირთვის წვენი, ბირთვის პლაზმა, ნუკლეოპლაზმა) უჯრედის ბირთვის თხიერი ჰომოგენური ძირითადი ნივთიერება, რომელიც შემოსაზღვრულია ბირთვის მემბრანით – კარიოლემით. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემებით, ბირთვაკების გარდა კარიოლიმფაში ჩანს წვრილმარცვლოვანი და წვრილფიბრილური წარმონაქმნები, რომელთა დიამეტრი 20 Ao – მდეა. ვარაუდობენ, რომ ეს სტრუქტურული ელემენტები დნმ – ის დესპირალიზებული მოლეკულების განივი ან ირიბი ანათლებია. კარიოლიმფაში გვხვდება აგრეთვე უფრო მსხვილი სფერული ნაწილაკები – ბირთვის რიბოსომები, რომლებიც უფრო ხშირად ლაგდებიან ბირთვაკების გარშემო და ბირთვის მემბრანასთან ახლოს. ბირთვის წვენის ქიმიური შედგენილობა არასაკმაოდაა შესწავლილი. არის მონაცემები, მასში ნუკლეოტიდების, ჰისტონების, ფერმენტებისა და სხვათა შემცველობის შესახებ. ფელგენის რეაქცია იძლევა ბირთვის მთელი შიგთავსის სუსტ ჰომოგენურ შეღებვას და ქრომატინის ბელტების ინტენსიურ შეღებვას. მიტოზის დროს ბირთვის წვენი შეერევა გაყოფადი უჯრედის ციტოპლაზმას (იხ. მიქსოპლაზმა). ტელოფაზაში შვილეული ბირთვების წარმოქმნასთან ერთად კონცენტრირდება მათი შიგთავსიც – კარიოლიმფა. ტერმინი შემოიღო ჰეკელმა (1891). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა