ტოქსოკაროზი

ტოქსოკაროზი

ტოქსოკაროზი, ტოქსოკაროზი – ეტიოლოგია, ეპიდემიოლოგია, ტოქსოკაროზი  – პათოგენეზი,  ტოქსოკაროზი – კლინიკური სურათი, ტოქსოკაროზის სახეები, ტოქსოკაროზის დიაგნოსტიკა, ტოქსოკაროზის პროფილაქტიკა >>>

1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

ტოქსოკაროზი – (toxocariasis) ჰელმინთოზი ნემატოდოზების ჯგუფიდან; ხასიათდება ცხელებით, ბრონქიტით, პნევმონიით, ჰეპატოსპლენომეგალიით, ეოზინოფილიით. გამომწვევია ძაღლებისა და კატების ტოქსოკარები. განსაკუთრებით ხშირია 1 – 4 წლის ასაკის ბავშვებში. კლინიკური სურათი დამოკიდებულია ინვაზიის ინტენსივობაზე. სუსტი ინვაზიის დროს აღინიშნება კანის ქავილი, მორეციდივე ჭინჭრის ციება, ბრონქიტი და ეოზინოფილია. მასიური ინვაზიის დროს დაავადება მომდინარეობს მძიმედ და ვლინდება მორეციდივე ცხელებით, ჰეპატოსპლენომეგალიით, ბრონქოპნევმონიით, კანზე გამონაყრით. შესაძლოა განვითარდეს ტოქსოკაროზული ოფთალმიტი თვალის უკანა სეგმენტის დაზიანებით, რის გამოც ვითარდება სიბრმავე.

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

ტოქსოკაროზი – ზოონოზური ჰელმინთოზია, რომელიც ვლინდება შინაგანი ორგანოებისა და თვალების დაზიანებით.

ტოქსოკაროზი – ეტიოლოგია, ეპიდემიოლოგია

ტოქსოკაროზის გამომწვევი ნემატოდაა, რომელიც პარაზიტობს ძაღლებსა და სხვა ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენლებში. ტოქსოკარის არაინვაზიური კვერცხები გამოიყოფა ცხოველის ფეკალიებთან ერთად, ხვდება ნიადაგში, სადაც 2-3 კვირაში იძენს ინვაზიურ თვისებებს. ძუძუმწოვრის ორგანიზმში მოხვედრისას ხდება  მატლის გამონთავისუფლება და ნაწლავის კედლის მეშვეობით სისხლის მიმოქცევაში შეღწევა. როდესაც მოზრდილი ძაღლის სისხლის მიმოქცევაში მოხვედრილი ტოქსოკარის მატლის ზომა გადააჭარბებს სისხლძარღვის დიამეტრს, გადაინაცვლებს მიმდებარე ქსოვილებში, სადაც  მთვლემარე მდგომარეობაში იმყოფება. ხელსაყრელი პირობების დადგომისას კი კვლავ აგრძელებს მიგრაციას. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიშია ძაღლის ლეკვები.

ტოქსოკაროზული ინფექციის წყაროს წარმოადგენს ძაღლები, უპირატესად ლეკვები. გადაცემის ფაქტორებია წყალი, მიწა, გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული, ჭუჭყიანი ხელები. დასნებოვნებას განსაკუთრებით ექვემდებარებიან 3-5 წლის ასაკის ბავშვები, ვეტერინარები, კინოლოგები, მონადირეები და სხვა, ვისაც კონტაქტი აქვს ძაღლებთან და მიწასთან.

ტოქსოკაროზი  – პათოგენეზი

ტოქსოკაროზის პათოგენეზში წამყვანი მნიშვნელობა აქვს  ალერგიული რეაქციებს. მორფოლოგიურად განხვავებულ ორგანოებში: ღვიძლში, თირკმლებში, მიოკარდიუმში, თავის ტვინში აღმოჩენილია გრანულომები, რომელთა ცენტრში მოთავსებულია ტოქსკოკარის მატლები. მძიმე მიმდინარეობისას ვითარდება სისტემური ვასკულიტები. ადამიანის ორგანიზმში ტოქსოკარის მატლები შეიძლება 10 წლის განმავლობაშიც კი იმყოფებოდეს მთვლემარე მდგომარეობაში, ამასთან პერიოდულად განახლდეს მათი მიგრაცია.

ტოქსოკაროზი – კლინიკური სურათი

ტოქსოკაროზი იწყება მწვავედ  მკვეთრად გამოხატული ალერგიული სიმპტომებით: ჭინჭრის ციების მსგავსი მქავანა გამონაყარი, ლოკალური შეშუპებები, კვინკეს შეშუპება, ხველა, მოხრჩობის შეგრძნება. კლინიკურად და რენტგენოლოგიურად  შეიძლება გამოვლინდეს პნევმონიის ნიშნები, ასევე  ღვიძლის დაზიანებისას მისი გადიდებით, სიყვითლით. ტოქსოკაროზის მძიმე ფორმებისათვის დამახასიათებელია მენინგიტისა და ენცეფალიტის განვითარება, ეპილეპტიფორმული შეტევები. ვითარდება ალერგიული მიოკარდიტი, ქორიორეტინიტი, გლომერულონეფრიტი. პერიფერიულ სისხლში ვლინდება ეოზინოფილია, ლეიკოციტოზი, ედს-ის მომატება.

ტოქსოკაროზის სახეები

დაზიანების კერის მიხედვით გამოყოფენ ტოქსოკაროზის ვისცერულ, თვალისა და ნევროლოგიურ ფორმებს.

ვისცერული ტოქსოკაროზი ვითარდება მასიური ინვაზიის შემთხვევაში, უმეტესწილად ბავშვებში. ყველაზე ხშირი  სიმპტომებია: მორეციდივე ცხელება, ლიმფადენოპათია, ფილტვებისა და ღვიძლის  დაზიანება.

თვალის ტოქსოკაროზი ძირითადად ვლინდება მოზრდილებში, ზიანდება ჩვეულებრივ მხოლოდ ერთი თვალი. გრანულომები უპირატესად აღინიშნება თვალის უკანა ნაწილში, ვლინდება ენდოფთალმიტი, უვეიტი, კერატიტი, მხედველობის  ნერვის ნევრიტი.

ტოქსოკაროზის ნევროლოგიური ფორმის დროს  ტოქსოკარის მატლის მიგრაცია თავის ტვინში იწვევს ეპილეპტიფორმულ შეტევებს,  პარეზებს.

მიგრაციის  პერიოდული განახლების გამო ტოქსოკაროზი იღებს მორეციდივე ხანგრძლივ მიმდინარეობას.

ტოქსოკაროზის დიაგნოსტიკა

ტოქსოკაროზის დიაგნოსტიკა დაფუძნებულია ტოქსოკარის ანტიგენების მიმართ ანტისხეულების აღმოჩენაზე, იმუნოფერმენტული ანალიზით, არაპირდაპირი იმუნოფლუორესცენციით,  კომპლემენტის შებოჭვის რეაქციით.

ტოქსოკაროზის პროფილაქტიკა

ტოქსოკაროზის პროფილაქტიკა მოიცავს ზოგად სანიტარულ ღონისძიებებს, რაც მიმართულია ცხოველების გამონაყოფებისაგან გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისაკენ, ასევე აუცილებელია ძაღლების დეჰელმინთიზაცია, პირადი ჰიგიენის დაცვა, განსაკუთრებით შინაური ცხოველების მოვლისას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები