უჯრედული თეორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედული თეორია – უმნიშვნელოვანესი ფართო ბიოლოგიური განზოგადება, რომელიც შეიცავს შემდეგ ძირითად დებულებებს: 1. უჯრედი ელემენტარული სტრუქტურული და ფუნქციური ერთეულია, რომელიც ქმნის ყველა მცენარეული და ცხოველური ორგანიზმის აგებულებისა და განვითარების საფუძველს; 2. ყველა სხვა ცოცხალ ორგანიზმს ახასიათებს უჯრედების განვითარების საერთო პრინციპი –  უჯრედების წარმოქმნის პრინციპი მათი მემკვიდრეობითი გაყოფით; 3. ცხოველებისა და მცენარეების უჯრედული ორგანიზაციის ერთნაირი აგებულება და განვითარება მიუთითებს მთელი ორგანული სამყაროს საერთო წარმოშობაზე. ამ დებულების საწყისი ფორმულირება შეიმუ­შავა გერმანელმა ფიზიოლოგმა და ჰისტოლოგმა თეოდორ შვანმა თავის მონოგრაფიაში „მიკროსკოპული გამოკვლევები ცხოველთა და მცენა­რეთა სტრუქტურისა და ზრდის შესაბამისობის შესახებ“ (1939). შემდ­გომმა გამოკვლევებმა შვანის შეხედულებები დაადასტურა, დააზუსტა და გააფართოვა. უჯრედული თეორიის დასამტკიცებლად განსა­კუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა რ.ვირხოვის შრომებს, რომლებშიც ის პროპაგანდას უწევს წარმოდგენას იმის შესახებ, რომ უჯრედები წარმოიქმნება მხოლოდ უჯრედებისაგან მათი გაყოფით (omnis cellula e cellula). უჯრედული თეორიის შემუშავებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ჰისტოლოგებსა და ციტოლოგებს: ა. ა. ზავარზინსა და ნ.გ.ხლოპინს. აღმო­ჩენილია უჯრედისა და ქსოვილთა განვითარების ძირითადი კანონ­ზომიერებანი (ქსოვილოვანი ევოლუციის კონცეფციები). ა.ა.ზავარზინის სიტყვების თანახმად: „უჯრედულმა თეორიამ დაამტკიცა ორგანული სამყაროს ერთიანობა და დაადგინა ის საწყისი ფორმა, რომლამდეც შეიძლება იყოს დაყვანილი სხვადასხვა, როგორც მცენარეული, ისე ცხო­ვე­ლური ფორმის განვითარება. უკანასკნელი წლების გამოკვლევებით, მოლეკულურ, ზემოლეკულურ და სუბუჯრედულ დონეზე, მიღებულია უჯრედული თეორიის სისწორის ახალი დამამტკიცებელი საბუთები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..