ქოლესტეატომა

ქოლესტეატომა

ქოლესტეატომა სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, რომელიც ლოკალიზდება შუა ყურის მიდამოში ან ცხვირის ახლო წიაღებში. ქოლესტეატომა წარმოადგენს კერატინის, ქოლესტერინის კრისტალებისა და გარქოვანებული ეპითელიუმის  გროვას, რომელიც შემოსაზღვრულია შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულით. ვითარდება მეორადად შუა ყურისა და ცხვირის ახლო წიაღების ქრონიკული ჩირქოვანი ანთების ფონზე. ყველაზე ხშირად გვხვდება ოდონტოგენური ბუნების ჰაიმორის ღრუების დაზიანება. 

1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

ქოლესტეატომა – სიმსივნისებრი წარმონაქმნი, რომელიც წარმოადგენს კერატინის, ქოლესტერინის კრისტალებისა და გარქოვანებული ეპითელის გროვას, რომელიც გარშემორტყმულია შემაერთებექსოვილოვანი კაფსულით.

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

ქოლესტეატომა – ეტიოლოგია, პათოგენეზი

ქოლესტეატომის ეტიოლოგია და პათოგენეზი ბოლომდე არაა ნათელი. არსებობს მოსაზრება, რომ შუა ყურის ქოლესტეატომა ვითარდება ქრონიკული შუა ყურის ოტიტისა და ტუბოოტიტის ფონზე, ეპიდერმისის ზრდის შედეგად.

ქოლესტეატომის ზომები განსხვავებულია, კონსისტენციით ხაჭოსებრია  მოთეთრო-მონაცრისფრო შეფერილობით, დაჩირქების შემთხვევაში  ახასიათებს მკვეთრი უსიამოვნო  სუნი. ქოლესტეატომის შედარება სიმსივნესთან არცთუ უსაფუძვლოა, რადგან შუა ყურის ძვლოვანი წარმონაქმნების რღვევის შედეგად ხასიათდება პროგრესირებადი ზრდით და ისეთ  მძიმე გართულებებს იწვევს, როგორიცაა ექსტრა და სუბდურული აბსცესი, მენინგიტი, ნათხემის აბსცესი, სახის ნერვის პარეზი, ოტოგენური სეფსისი.

ქოლესტეატომის დიაგნოსტიკა

ქოლესტეატომის დიაგნოზის დასმა ხდება ოტოსკოპიით. მისი ნიშნებია დაფის აპკის გახვრეტა კიდეებზე, ქოლესტეატომის ხაჭოსებრი მასის არსებობა, რაც პერფორირებული ხვრელიდან გამოიყოფა და გამონადენი უსიამოვნო სუნით. ქოლესტეატომის ნაწილაკების შემჩნევა  შესაძლებელია ყურის ამორეცხვისას, მნიშვნელოვანია ქოლესტეატომის გამოვლენა და მისი ზუსტი ლოკალიზაციის დადგენა რენტგენოგრაფიულად, განსაკუთრებით საფეთქლის ძვლის ჰომოგრაფიით სპეციალურ პროექციაში.

ჰაიმორის ღრუს ქოლესტეატომა კლინიკურად თითქმის არ განსხვავდება ჰაიმორიტისაგან, მასზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია ცხვირიდან მძაფრსუნიანი სქელი გამონადენის არსებობისას. რენტგენოლოგიურ ნიშნებს მიეკუთვნება ძვლოვანი კედლების გათხელება და ჰომოგენური დაჩრდილვა. თუმცა ჰაიმორის ღრუს ქოლესტეატომის სიმსივნესთან მსგავსების გამო საბოლოო დიაგნოზი ხშირად ისმება ოპერაციისას.

ქოლესტეატომის მკურნალობა

ქოლესტეატომის მკურნალობა, როგორც ყურის ასევე ჰაიმორის ღრუში მდებარეობისას ოპერაციულია. მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები, მიმართული ქოლესტეატომური მასების ამორეცხვისაკენ ნაჩვენებია მხოლოდ მცირე ზომის ქოლესტეატომის დროს, დაფის აპკის ზედა ჩაღრმავებაში ლოკალიზაციისას. პროგნოზი დროულად ჩატარებული მკურნალობისას კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა მოიცავს შუა ყურის ანთებითი პროცესებისა და ჰაიმორიტის თავიდან აცილებასა და მათი განვითარების შემთხვევაში, რაციონალურ მკურნალობას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..