ქრონიკული ინტერსტიციული პნევმონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრონიკული ინტერსტიციული პნევმონია – ხასიათდება უპირატესად ფილტვის წილებს შორის ქსოვილის ანთებითი ცვლილებებით. მას თან სდევს სისხლის მიმოქცევის, ლიმფური სისხლძარღვების დაზიანება, აგრთეთვე პერიბრონქიტი. არც თუ იშვიათად ვითარდება მწვავე პნევმონიების შემდეგ, ასევე სინუსიტების ფონზე ქრონიკული ბრონქიტის და ბრონქოექტაზიების შედეგად. ზოგი ავადმყოფი ანამნეზში აღნიშნავს ტუბერკულოზს. სიმპტომები. დამახასიათებელია გამწვავება ტემპერატურის მომატებით, ხველების გაჩენით ან გაძლიერებით, არც თუ იშვიათად ნახველის თანხლებით, მცირე დატვირთვისას ქოშინით. ობიექტურად შესაძლებელია გამოვლინდეს უმნიშვნელო ციანოზი; სუნთქვა გახშირებულია, პერკუსიით ვლინდება მოყრუების უბნები ფილტვების  ემფიზემის ნიშნებთან ერთად. მოისმინება სუნთქვის გაძლიერება, მშრალი, იშვიათად წკრიალა სველი ხიხინები. რენტგენოლოგიურად დამახასიათებელია ფილტვის სურათის გაძლიერება პერიბრონქიალური ინფილტრაციის გამო. სისხლში, გამწვავების პერიოდში – ლეიკოციტოზი, ედს – ის მომატება. წყნარ პერიოდში შეიძლება იყოს ფილტვების ემფიზემის, ქრონიკული ბრონქიტის ნიშნები, თუმცა სიმპტომატიკა შესაძლებელია საკმაოდ მწირად იყოს გამოხატული. ჩვეულებრივ თანდათანობით ვითარდება სუნთქვის უკმარისობა (იხ.) და პნევმოსკლეროზი.  ქრონიკული პნევმონიის პროფილაქტიკა მდგომარეობს ბრონქების მწვავე დაავადებების დროულ და საკმაოდ აქტიურ მკურნალობაში, ორგანიზმის გაჯანსაღებაში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა