ერექტილური დისფუნქცია

xelaia

ერექტილური დისფუნქცია და ტესტოსტერონის როლი

დღესდღეობით კაცობრიობის ცხოვრებაში უამრავი პრობლემა არსებობს, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ მამაკაცის ცხოვრების ხარისხზე. ეს პრობლემები შეიძლება იყოს ყოფითი ან უკავშირდებოდეს ჯანმრთელობას.
ამ წერილის მიზანია მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია ისეთ აქტუალურ საკითხზე, როგორიცაა ერექტილური დისფუნქცია (ერექციის დარღვევა – იმპოტენცია) და ამავდროულად განვიხილოთ მისი კავშირი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან.
ერექტილური დისფუნქცია არ საჭიროებს დამატებით წარდგენას თავისი გავრცელებითა და მამაკაცების ფსიქო-ემოციურ სფეროზე უარყოფითი გავლენით. სამწუხაროდ, ამ პრობლემას შეიძლება წავაწყდეთ მამაკაცის სქესობრივი მომწიფების შემდეგ მისი ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთში. ერექტილური დისფუნქცია ვლინდება ასოს არასრულყოფილი ერექციით, რომელიც არ არის საკმარისი სრულფასოვანი სქესობრივი აქტის ჩასატარებლად ან რიგ შემთხვევებში სქესობრივი აქტის განხორციელება საერთოდ შეუძლებელია.
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს პრობლემა ძალზედ ხშირია ახალგაზრდა მამაკაცებში. როგორც წესი ეს არის ე.წ. ფსიქოგენური ერექტილური დისფუნქცია, რომლის ყველაზე ხშირი მიზეზია მძიმე სტრესი, გადაღლა, აგზნებადობა, სქესობრივი აქტის დროს შესაძლო “მარცხის” წინასწარი განცდა და ა.შ. ახალგაზრდა მამაკაცებში ერექტილური დისფუნქციის თანხვედრა ხშირია ქრონიკულ პროსტატიტებთან, ესეც გარკვეულ წილად ფსიქოგენული ფაქტორითაა გამოწვეული.
ახალგაზრდა მამაკაცებში წამყვანი პრობლემების მკურნალობის პარალელურად ინიშნება პრეპარატები რომლებიც აუმჯობესებენ სისხლის მიდინების გაძლიერებას სასქესო ასოს მღვიმოვან ქსოვილში,რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სისხლძარღვოვანი სისტემის ნაწილს. ერექციის პროცესი გულისხმობს ასოს მღვიმოვანი ქსოვილში სისხლის ნაკადის მოდინების გაძლიერებას და მცირე რაოდენობით სისხლის ნაკადის უკუდინებას,რის გამოც ვითარდება სასქესო ასოს სისხლსავსეობა და შესაბამისად ერექცია. საბედნიეროდ უკვე არსებობს ისეთი პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობენ სასქესო ასოს მღვიმოვანი სხეულის სისხლით სწრაფად ავსებას. როგორც წესი ახალგაზრდა მამაკაცებში სისხლის მიწოდება ასომდე დარღვეული არ არის და ამ პრეპარატების დანიშვნა, თუნდაც რამოდენიმე აბის, სავსებით საკმარისია ფსიქოლოგიური განწყობის გასაუმჯობესებლად და სქესობრივი აქტის ნორმალურად განხორციელებისათვის.

ალეკო ხელაია

თუ ახალგაზრდა მამაკაცს ასაკთან შედარეიბთ გვიან უყალიბდება მეორადი სასქესო ნიშნები, როგორიცაა ნაკლები თმიანობა სახეზე და ტანზე, ქალისათვის დამახასიათებელი სხეულის აღნაგობა, სასქესო ასოს მცირე ზომები,აუცილებელია სისხლში ტესტოსტერონის დონის განსაზღვრა. ტესტოსტერონი არის მამაკაცის სასქესო ჰორმონი რომელიც განაპირობებს მის სქესობრივ მომწიფება-განვითარებას,კუნთოვანი და ძვლოვანი მასის განვითარებას,ასევე დიდ როლს თამაშობს სქესობრივი ლტოლვის და ერექციის დროს.სწორედ ამიტომ ახალგაზრდა მამაკაცებში,რიგ შემთხვევებში შეიძლება აუცილებელი იყოს ამ ჰორმონის განსაზღვრა სისხლში და ტესტესტოსტერონის შემცველი პრეპარატების დანიშვნა მისი ნაკლებობის დროს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტესტოსტერონის ნაკლებობა შეიძლება იყოს უშვილობის მიზეზიც.
არსებობს ტესტოსტერონის შემცველი პრეპარატების რამოდენიმე ფორმა აბები, კანზე დასაკრავი ტესტოსტერონის შემცველი პლასტირები, კანში შესაზელი გელები, ინექციები. მათი გამოყენება ხდება ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით. უკვე არსებობს ინექციები რომელიც კეთდება 3 თვეში ერთხელ, რაც ჩვენი აზრით ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.
როგორც უკვე ითქვა ერექციას განაპირობებს მღვიმოვანი ქსოვილების სისხლით ავსება, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი. სასქესო ასოს სისხლი მიეწოდება არტერიებით და მხოლოდ ამის შემდეგ ის ხვდება მღვიმოვან სხეულებში. ამ არტერიების დაზიანება და მათი სისხლის გამტარიანობის შემცირება ასევე შეიძლება იყოს ერექტილური დისფუნქციის მიზეზი(ორგანული ფორმა). ამ არტერიების დიამეტრი არ აღემატება 1-2 მმ-ს და ისინი პირველ რიგში ზიანდებიან შაქრიანი დიაბეტის, ათეროსკლეროზის, მაღალი არტერიული წნევის დროს. ეს დაავადებები ერთგვარი წინაპირობაა გულის ისეთი გავრცელებული დაავადებების როგორიცაა სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი.
თანამედროვე მედიცინაში ძალზედ გავრცელებულია ტერმინი “მეტაბოლური სინდრომი”. ის ვლინდება მუცლის გარშემოწერილობის და წონაში მატებით, არტერიული წნევით,სისხლში შაქრის დონის მატებით რომელიც ძალზედ ძნელად ემორჩილება მკურნალობას ამ დროს ზიანდება ორგანიზმის ყველაზე წვრილი არტერიები, როგორიცაა: თვალის ფსკერის, თირკმლის, ასოს და ა.შ. ეს უკანასკნელი კი განაპირობებს ერექტილურ დისფუნქციას. შეიძლება ითქვას რომ 40-50 წლის შემდეგ ერექტილური დისფუნქცია არის მეტაბოლური სინდრომის პირველი ნიშანი. სამწუხაროდ ეს ფაქტი ხშირად რეაგირების გარეშე რჩება და რამოდენიმე წლის შემდეგ ვლინდება შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმებში ან მიოკარდიუმის ინფარქტით.
ამ დროს ერექტილური დისფუნქციის გამო ხშირად ინიშნება სხვადასხვა პრეპარატები და როგორც წესი ისინი უშედეგოა. აუცილებლად უნდა განისაზღვროს ტესტოსტერონის დონე სისხლში რომელიც უხშირესად დაქვეითებულია. ტესტოსტერონის დანიშვნა მეტაბოლური სინდრომის დროს ხდის შაქრიან დიაბეტს უპრო ადვილად მართვადს, ხელს უქყობს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას და შესაბამისად მცირდება მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი. ტესტოსტერონის დაბალი დონე ასევე ხელს უწყობს ოსტეოპოროზის – ძვლების მიერ მინერალების, კერძოდ კალციუმის დაკარგვას.
ტესტოსტერონის დაბალი დონე იწვევს ასოს მღვიმოვანი ქსოვილის შემაერთებელ ქსოვილად გადაგვარებას, რაც სრულად დაუშვებელია ადექვატური ერექციისათვის, მისი დანიშვნა და შესაბამისად მისი დონის ზრდა სისხლში განაპირობებს მღვიმოვანი ქსოვილის აღდგენას და ერექციული ფუნქციის გაუმჯობესებას
ამრიგად მამაკაცის ეს მნიშვნელოვანი პრობლემები სავსებით მოგვარებადია. ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა თქვენთვის თუ როგორია ამ პრობლემის მართვის შესაძლებლობა
ჩვენ შეუძლია მოგვმართოს ყველა დაინტერესებულმა მამაკაცმა, მათ შორის დაზღვეულებმაც ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:
უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული,
მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უროლოგი ალეკო ხელაია
(საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 )

ალეკო ხელაია