პროსტატსპეციფიკური ანტიგენი

xelaia

როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი პროსტატსპეციფიური ანტიგენის (PSA – ას) მომატებული მაჩვენებლის დროს

PSA – პროსტატსპეციფიკური ანტიგენი წარმოადგენს ცილას რომელიც გამომუშავდება წინამდებარე ჯირკვლის უჯრედებში. მისი მომატებული რაოდენობა სისხლში ახასიათებს მთელ რიგ დაავადებებს – წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (პროსტატის ადენომა), წინამდებარე ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადება, მწვავე პროსტატიტი, ქრონიკული პროსტატიტის გამწვავება, შარდის მწვავე და ქრონიკული შეკავება, ქვედა საშარდე გზების ინფექცია და სხვა. თანამედროვე მედიცინაში პროსტატსპეციფიური ანტიგენის დანსაზღვრა გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადების დასადგენად. მაგრამ როგორც უკვე ითქვა მთელ რიგ შემთხვევაში PSA – ას მაჩვენებელი შეიძლება იყოს მომატებული რის გამოც საჭიროა მოხდეს მამაკაცის სრული გამოკვლევა. არ არის საჭირო წინასწარი განცდა რომ ყველა ამგვარ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაწვს ონკოლოგიურ დაავადებასთან. თუმცა ისევ და ისევ ვიტყვი რომ PSA – ას მომატების ყველა შემთვევაში უნდა აიხსნას ამის მიზეზი და არ გამოგვეპაროს ონკოლოგიური დაავადება – კერძოდ წინამდებარე ჯირკვლის კიბო.
რა მნიშვნელიდან ითვლება PSA მომატებული. მიღებულია რომ მისი ნორმის ზედა ზღვარი შეადგენს 4 ნგ/მლ, თუმცა ამ ნიშნულმა დასავლეთის ქვეყნებში დაიწია 2,5 ნგ/მლ –მდე (განსაკუთრებით ეს ეხება შედარებით ახალგაზრდა მამაკაცებს 45 – 65 წლის ფარგლებში). მაგრამ ამგვარი დაყოფა შეიძლება იყოს პირობითი, ვინაიდან არსებობს კიდევ ერთი კრიტერიუმი რამაც შეიძლება იქონიოს გავლენა მამაკაცის შემდგომ გამოკვლევებზე. ამ კრიტერიუმს წარმოადგენს წინამდებარე ჯირკვლის რექტალური – სწორი ნაწლავიდან თითით გასინჯვა.

პროსტატის ადენომა

ნორმაში წინამდებარე ჯირკვალი სწორი ნაწლავიდან თითით გასინჯვის დროს რბილი კონსისტენციის არის. თუ ამგვარი გამოკვლევის დროს ინახა ჯირკვლის სიმკვრივე, რაც შეიძლება ისინჯებოდეს როგორც კვანძი ან კვანძები ერთ ან ორივე წილში მამაკაცთან უნდა გადავიდეთ შემდგომი კვლევის საფეხურზე იმის მიუხედავათ თუ რა PSA – ას მაჩვენებელი გვაქვს.

ალეკო ხელაია

თუ მამაკაცის PSA – ას მაჩვენებელი არის პირობითი ნორმის ფარგლებში და რექტალური გამოკვლევით წინამდებარე ჯირკვლის მკვრივი უბნები ვერ ინახა შემდგომი გამოკვლევა დროებით (მაქსიმუმ 1 წლით) ჩერდება. ამ შვალედის განმავლობაში დიდი ყურადღება ენიჭება PSA – ას მატების (კინეტიკის) მაჩვენებლებს – გაორმაგების დროს და მატებას 1 წლის განმავლობაში რაც არ უნდა აღემატებოდეს 0,75 ნგ/მლ/წელიწადში. თუ ეს მაჩვენებლები აღემატება ნორმას უნდა გადავიდეთ კვლევის შემდგომ საფეხურზე.
იმ მამაკაცებში ვისი PSA – ას მაჩვენებელი არის ეგრედ წოდებულ რუხ ზონაში 4 – 10 ან 2,5 – 10 ნგ/მლ და რექტალური გამოკვლევით წინამდებარე ჯირკვლის მკვრივი უბნები ვერ ინახა უნდა გაკეთდეს PSA – ას თავისუფალი ნაწილის პროცენტული შეფარდება საერთო PSA – ას რაოდენობასთან. თუ ეს შეფარდება აღემატება 25% შემდგომი გამოკვლევა დროებით (მაქსიმუმ 1 წლით) ჩერდება. ამ შვალედის განმავლობაში დიდი ყურადღება ენიჭება PSA – ას მატების (კინეტიკის) მაჩვენებლებს – გაორმაგების დროს და მატებას 1 წლის განმავლობაში რაც არ უნდა აღემატებოდეს 0,75 ნგ/მლ/წელიწადში. თუ ეს მაჩვენებლები აღემატება ნორმას უნდა გადავიდეთ კვლევის შემდგომ საფეხურზე.
თუ თავისუფალი/საერთო PSA – ას შეფარდება ნაკლებია 25% გადავდივართ კვლევის შემდგომ საფეხურზე.
იმ მამაკაცებში ვისი PSA – ას მაჩვენებელი აღემატება 10 ნგ/მლ და რექტალური გამოკვლევით წინამდებარე ჯირკვლის მკვრივი უბნები ვერ ინახა ავტომატურად გადავდივართ კვლევის შემდგომ საფეხურზე.
ვიდრე ექიმი PSA – ას მაჩვენებელთან დაკავშირებით მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას და გაანდობს თავის მოსაზრებას მამაკაცს და დადგება კვლევის შემდგომ საფეხურზე გადასვლის საკითხი უნდა იქნას გამორიცხული ყველა ის დაავადება რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ მაჩვენებლის მატება. ეს მატება შეიძლება ბევრად აღემატებოდეს პირობით ნორმას და არ იყოს გამოწვეული ონკოლოგიური დაავადებით.
კვლევის შემდგომ საფეხურში იგულისხმება წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა – ექოსკოპია სწორი ნაწლავიდან და ბიოფსია. ბიოფსია გულისხმობს წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილოვანი ნაწილაკების აღებას მათი შემდგომი შესასწავლად მიკროსკოპის ქვეშ. ამ აღებული ნაწილაკების რაოდენობა სიტუაციის მიხედვით მერყეობს 6 – 24 – მდე. იმ შემთხვევაში თუ ექიმს ეჭვი აქვს წინამდებარე ჯირკვლის ონკოლოგიურ დაავადებაზე რაც ვერ დადასტურდა ბიოფსიით ეს უკანასკნელი უნდა განმეორდეს 3 – 6 თვის შემდეგ და უნდა იქნას აღებული ქსოვილოვანი ნაწილაკების მეტი რაოდენობა. არ არის გამორიცხული ბიოფსია გაკეთდეს 2 – 3 ჯერ.
თუ მამაკაცს აქვს კლინიკურად გამოხატული წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (პროსტატის ადენომა) და PSA – ას მომატებული მაჩვენებელი, ხოლო ბიოფსიით ან ბიოფსიებით ვერ ინახა ონკოლოგიური დაავადება, მას შეიძლება გაუკეთდეს ოპერაციული ჩარევა ადენომას გამო. ოპერაციული გზით მიღებული მასალა ბევრად აღემატება ბიოფსიურს და უკვე ამ ქსოვილებში შეიძლება ინახოს ონკოლოგიური უჯრედები რაც ამ ვითარებაში სავსებით დასაშვებია და მამაკაცი აუცილებლად წინასწარ უნდა იყოს გაფრთხილებული ამგვარ გამოსავალზე. ჩვენ შეუძლია მოგვმართოს ყველა დაინტერესებულმა მამაკაცმა, მათ შორის დაზღვეულებმაც ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში.

ალეკო ხელაია