ქერტლი

ჯანმრთელი, მოვლილი თმა ხაზს უსვამს ადამიანის სილამაზეს. თავის კანის ნორმალური მდგომარეობის დარღვევა – ზედმეტი სიმშრალე თუ ჭარბი ცხიმიანობა, თმის უეცარი დაცვენა, ქერტლი და სხვა ორგანიზმში მიმდინარე ზოგად ცვლილებებზე მიუთითებს.

თავის კანი და თმა იკვებება იმავე საკვებით, რითაც სხეულის თითოეული უჯრედი. თუმცა ზოგიერთი საკვები კი არ კვებავს ორგანიზმს, პირიქით უარყოფითად მოქმედებს მასზე. თავის კანისა და თმის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა მიზეზმა: უხარისხო  საკვებმა, სისხლის მიმოქცევის მოშლამ, ნერვულმა დაძაბულობამ და სხვა. თმაზე დიდი გავლენა აქვს გარეგან ფაქტორებსაც, როგორიცაა: თმის უხეში ვარცხნა, გადახურება, სიცივე, ქიმიური შამპუნებისა და საღებავების გამოყენება.

თავის კანის ერთერთი პრობლემა ქერტლია. თავის კანის ზედა ფენის აქერცვლა და განახლება მუდმივად ხდება. ამ მკვდარ და აქერცლილ უჯრედებს უწოდებენ ქერტლს. თავის კანის ცხიმიანობის მიხედვით ქერტლი არის მშრალი და ცხიმოვანი.

ქერტლი სკალპის კანის მკვდარი უჯრედების აქერცლის უფრო ინტენსიური ფორმაა. ჩვეულებრივ სკალპი მკვდარ უჯრედებს იცილებს 28 დღეში ერთხელ. როდესაც კანის აქერცვლა ხდება 4 – 5 დღეში ერთხელ, ეს უკვე პრობლემაა. თანაც ქერტლის ზომაც დიდია. თუ ბევრი ქერტლი გაქვთ ეს შეიძლება იყოს სებორეის (ცხიმის ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა) ან ფსორიაზის (კანის ქრონიკული დაავადება) ერთ -ერთი ფორმა.

1თანამედროვე მედიცინა ქერტლის გაჩენის ძირითად მიზეზად სოკოს ასახელებს, თუმცა, კანის სერიოზულმა დაავადებებმა  ასევე შეიძლება ქერტლის წარმოქმნა გამოიწვიონ. ქერტლის წარმოქმნას ხელს უწყობს კანში ცხიმის გამომუშავების დარღვევა, რაც გვხვდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების, ჰორმონული ძვრების, სტრესების, ქრონიკული ინფექციების, იმუნიტეტის დაქვეითების, ვიტამინების ნაკლებობის დროს. მას ხელს უწყობს ორგანიზმის მემკვიდრეობითი თავისებურებებიც.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის 30 %-ს თავის კანზე ქერტლი აქვს, ხოლო 50 %-ს ეს სნეულება ერთხელ მაინც აწუხებდა.

ქერტლისგან სწრაფად განთავისუფლება შეუძლებელია. რეგულარულად მკურნალობის შემთხვევაში  ეფექტური შედეგი მხოლოდ ერთ ორ თვეში ვლინდება.

გადასვლა საიტის – ,,კოსმეტიკა” – მთავარ გვერდზე >>