ფინანსური მდგომარეობის ანალიზი

ვასილ შენგელია. საწარმოთა საფინანსო ანალიზი. თბილისი 2012.
წიგნის სრული ვერსიის გასაცნობად დააკლიკეთ აქ >>

საბაზრო ეკონომიკის პირობებში რომ გადავრჩეთ და არ დავუშვათ საწარმოს გაკოტრება, კარგად უნდა ვიცოდეთ: როგორ ვმართოთ ფინანსური რესურსები, როგორი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს კაპიტალს — შემადგენლობისა და წარმოშობის წყაროს მიხედვით, რა წილს უნდა შეადგენდეს, ერთის მხრივ, საკუთარი და მეორეს მხრივ, ნასესხები საშუალებები.

კომპანიის ფინანსური მდგომარეობა — ეს არის კომპანიის შესაძლებლობა, დააფინანსოს თავისი საქმიანობა. ფინანსური მდგომარეობა გულისხმობს იმ ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია: საწარმოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ფინანსების მიზანმიმართულად დაბანდებისა და ეფექტურად გამოყენებისთვის, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ფინანსური ურთიერთობისთვის, ხელფასების გაცემისა და ფინანსური მდგრადობისთვის.

საწარმოს შესაძლებლობა, დროულად გასცეს ხელფასები, დააფინანსოს თავისი საქმიანობა და იზრუნოს გაფართოებაზე, მეტყველებს მის კარგ ფინანსურ მდგომარეობაზე. პრინციპში,  ფინანსური მდგომარეობა შეიძლება იყოს მდგრადი, არამდგრადი და კრიზისული.

კომპანიის ფინანსური მდგომარეობა განისაზღვრება მისი წარმოების შედეგიანობით, კომერციული და ფინანსური მოღვაწეობით. თუ საწარმოო და ფინანსური გეგმები წარმატებით სრულდება, ეს დადებითად აისახება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. და, პირიქით, პროდუქციის რეალიზაციისა და საწარმოო გეგმის შეუსრულებლობის შედეგად, იზრდება პროდუქციის ერთეულის თვითღირებულება, მცირდება ამონაგები და შემოსავლის თანხები, როგორც წესი, უარესდება საწარმოს ფინანსური მდგომარეობა და გადახდისუნარიანობა.

საწარმოს მდგრადი ფინანსური მდგომარეობა, დადებით გავლენას ახდენს საწარმოო გეგმების შესრულებასა და საწარმოს აუცილებელი რესურსებით უზრუნველოყოფაზე. ამიტომ ფინანსური საქმიანობა, როგორც სამეურნეო საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, მიმართულია ფულადი რესურსების გეგმაზომიერი მიღებისა და ხარჯვის უზრუნველყოფის, საანგარიშგებო დისციპლინის შესრულების, კერძო და ნასესხები კაპიტალის რაციონალური პროპორციის დაცვისა და მისი ეფექტური გამოყენებისკენ.

კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ფლობა არის კომპანიის განვითარების საიმედო გზა. აუცილებელია, გვესმოდეს ისეთი ეკონომიკური მაჩვენებლების აზრი, როგორებიცაა: ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა, ფინანსური მდგრადობა, საქმიანი აქტივობა, ფინანსური ბერკეტის ეფექტი და სხვა; ასევე მნიშვნელოვანია მათი ანალიზის მეთოდიკის ცოდნა.

ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის კვლევის მიზნებს შემდეგნაირად აყალიბებენ:

♦ ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობის განსაზღვრა, კომპანიის ფინანსური საქმიანობის ხარვეზების მიგნება და აღმოფხვრა, სათანადო რეზერვების გამოვლენა საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და მისი გადახდისუნარიანობის გასაუმჯობესებლად, ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი – საწარმოს სტრატეგიულ მიზნებთან შედეგების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
♦ ფინანსურ მდგომარეობაში არსებული ცვლილებების გამოვლენა – გასულ პერიოდებთან შესადარებლად;
♦ ფინანსური მდგომარეობის ცვლილებების გამომწვევი ძირიტადი ფაქტორების გამოვლენა;
♦ ძირითადი ფინანსური ტენდენციების პროგნოზირება, ფინანსური სტრატეგიისა და ბიზნეს- გეგმის მაჩვენებლების ახსნა.

—————————————————–
გადასვლები  ვასილ შენგელია წიგნის „საწარმოთა საფინანსო ანალიზი“ სხვა პარაგრაფებზე:

0.   საწარმოს ფინანსური ანალიზი
1.   ფინანსური მდგომარეობის ანალიზი

1.1 ფინანსური მდგომარეობის ანალიზის ძირითადი მიზანი

2.   ფინანსური (საბუღალტრო) ანგარიშგების ანალიზი
3.   ფინანსური საქმიანობის ანალიზის ძირითადი მიმართულებები
4.   კომერციული წინადადება

_______________________________

..

..

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..