სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებები

წყალი

 წყარო:  http://www.genesis.org.ge/brochure19/brochure19.htm; სტატია Seo-ოპტიმიზებულია www.medgeo.net მიერ

სასმელი წყალი სიცოცხლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მის გარეშე დედამიწა მკვდარი პლანეტა იქნებოდა.

დედამიწაზე სასმელი წყლის საერთო რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია: ამჟამად წლის განმავლობაში მთელ დედამიწაზე შესაძლებელია მხოლოდ საშუალოდ 12,5-დან 14 მილიარდ კუბურ მეტრამდე სასმელი წყლის გამოყენება. მოსახლეობის ზრდასთან ერთად ერთ სულზე სასმელად ვარგისი წყლის რაოდენობა მცირდება.
ასე, მაგალითად:

  • 1989 წელს დედამიწის ერთ მაცხოვრებელზე საშუალოდ 9000 მ3 სასმელი წყალი დაიხარჯა.
  • 2000 წლისათვის ეს მაჩვენებელი 7800 მ3-მდე შემცირდა.
  • 2025 წლისათვის კი ვარაუდობენ, რომ ეს რაოდენობა შემცირდება 5100 მ3-მდე წელიწადში.

ბევრ ქვეყანაში მწვავედ დგას სასმელი წყლის ნაკლებობის პრობლემა. პარადოქსია, მაგრამ ეს პრობლემა წყლით მდიდარ საქართველოშიც საკმაოდ აქტუალურია. ეს იმით აიხსნება, რომ წყლის დეფიციტს განსაზღვრავს არა მხოლოდ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ლანდშაფტი, არამედ მისი ეკონომიკური განვითარების და ცხოვრების დონეც.

ამ მიზეზების გამო დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი სასმელად ვარგისი წყლის მწვავე დეფიციტს განიცდის და იძულებულია ეს დეფიციტი არასასმელი წყლით შეავსოს.

 

სასმელად უვარგის წყალს ბევრი დაავადების გამოწვევა შეუძლია. სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონს აჭარბებს.

როგორ გავარკვიოთ, წყალი სასმელად ვარგისია თუ არა?

შესაძლოა წყალი გარეგნულად საკმაოდ სუფთად გამოიყურებოდეს: არ ჰქონდეს არასასიამოვნო სუნი ან გემო, მაგრამ რეალურად დაბინძურებული იყოს და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება.

წყლის სისუფთავეს და სასმელად ვარგისიანობას ადგენენ სპეციალური ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით. სასმელი წყლის ანალიზი უნდა კეთდებოდეს რეგულარულად, შესაბამისი წესის მიხედვით. ეს სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის მოვალეობაა. საქართველოს უმრავლეს რეგიონებში სასმელი წყლის კონტროლი ამჟამად, სამწუხაროდ, არ ხდება შესაბამისი სამსახურების დაფინანსების სიმცირის გამო. ამას ემატება ისიც, რომ ბევრგან მოშლილია ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა და მოსახლეობა სასმელად იყენებს თვითნაკეთი ზედაპირული და არტეზიული ჭების, წყაროს, მდინარის და სხვა წყალსატევების წყალს. ასეთი წყლის ხარისხის კონტროლი, მიუხედავად მოსახლეობის დიდი სურვილისა, ვერ ხერხდება მათი უსახსრობის გამო.

რით შეიძლება დაბინძურდეს სასმელი წყალი?

სასმელი წყლის დაბინძურებას უხშირესად თვითონ ადამიანები და მათი ნამოქმედარი (მრეწველობა, მიწათმოქმედება, ომები და სხვა) იწვევს. ამის მიზეზი შეიძლება წყალში ცხოველების გამონაყოფების ან მიწის ქანებში არსებული მომწამლავი არაორგანული ნივთიერებების მოხვედრაც გახდეს. 

გამომდინარე იქიდან, თუ რითია დაბინძურებული წყალი, მან შეიძლება ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება გამოიწვიოს (იხილეთ ცხრილი).

წყლის ქიმიური დაბინძურებით გამოწვეული მოწამვლა:

  • ქიმიკატებით წყლის მოწამვლა ძირითადად ქიმიური ინდუსტრიის შედეგია: პესტიციდების, ქიმიური ქარხნების, ნავთობპროდუქტების გადამუშავების და ნედლეულის მომპოვებელი მაღაროების ნარჩენების სასმელ წყალში გაჟონვა და სხვა.
  • ნიტრატები, რომლებსაც სასუქები შეიცავს, ადამიანთა სასოფლო-სამეურნეო აქტივობის ერთერთი ტოქსიკური კომპონენტია, რომელიც ორგანიზმში საკვები პროდუქტების გარდა, შესაძლოა, სასმელი წყლითაც მოხვდეს. ნიტრატები ორგანიზმში დასაშვებზე მაღალი დოზით მოხვედრისას უერთდება სისხლის წითელ ბურთულებს- ერითროციტებს და ამით აქვეითებს სისხლს მიერ ჟანგბადის ათვისების უნარს. ამან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოქსია, ანუ ჟანგბადის უკმარისობა. რაც განსაკუთრებით საშიშია ჩვილი ბავშვებისათვის.
  • მიწის ბუნებრივ ქანებში არსებული სხვადასხვა არაორგანული ნივთიერება, შესაძლოა, დიდი რაოდენობით გაიხსნას სასმელ წყალში. წყლის ასეთი დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო და სიცოცხლისათვის საშიშ ფაქტორად დარიშხანი ითვლება. მძიმე მოწამვლებს ასევე იწვევს წყალში ფტორისა და ვერცხლისწყლის შენაერთების მაღალი შემცველობა.

ქიმიკატებით დაბინძურებული წყალი მწვავე დაავადებას, როგორც წესი, არ იწვევს, მაგრამ მიზეზი ხდება სხვადასხვა ხარისხის ქრონიკული მოწამვლებისა და ამასთანავე მოსახლეობის დიდ არეალს მოიცავს.

როგორ უნდა მიიტანოთ ეჭვი სასმელი წყლის ქიმიურ დაბინძურებაზე?

ქიმიკატებით დაბინძურებულ წყალს, როგორც წესი, არც გემო აქვს შესამჩნევად განსხვავებული, არც სუნი და არც ფერი. ამიტომ დაბინძურება და მისი ხარისხი წყლის ქიმიური ანალიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს (იხილეთ ზემოთ). დაბინძურების დიდი საშიშროებაა იმ წყალსატევებში, რომლებიც ქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, ნედლეულის მომპოვებელი მაღაროების ახლომახლო მდებარეობს.

თუ შენიშნეთ წყლის მიღებასთან დაკავ-შირებული ჯანმრთელობის ნებისმიერი პათოლოგიური ცვლილება (კუჭ-ნაწლავის მოქმედების აშლილობა, ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაციის – მოწამვლის ნიშნები: გულისრევა, თავის ტკივილი, უმადობა, და სხვა) აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ამავე დროს, შესაბამის სტრუქტურებს მოსთხოვეთ წყლის ქიმიური სისუფთავის შემოწმება.

ეს მითუმეტეს მნიშვნელოვანია, როცა:

  • ამ წყლის მომხმარებელ მოსახლეობაში ეს ცვლილებები სხვებსაც გამოუვლინდათ.
  • სასმელი წყლის წყარო ან რეზერვუარი ზემოაღნიშნული ტიპის საწარმოებთან ახლოს მდებარეობს და არ ხდება ამ წყლის სისუფთავის რეგულარული კონტროლი.
  • სასმელად იყენებთ წყალს ბუნებრივი ან თვითნაკეთი წყალსატევიდან და ამ წყლის ხარისხი არასოდეს შემოწმებულა.

სასმელი წყლით გამოწვეული ინფექციური დაავადებები

სასმელი წყლით გამოწვეულ დაავადებათა შორის სიხშირითაც და სიმძიმითაც პირველ ადგილზე ინფექციური დაავადებებია. სასმელი წყლის ინფიცირება ძირითადად ადამიანთა და ცხოველთა განავლოვანი მასებით დაბინძურების შედეგია. ადამიანებისა და ცხოველების განავლოვანი მასებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები საკმაოდ ბევრია და მრავალფეროვანი. შესაბამისად, მრავალფეროვანია დაავადების კლინიკური სურათიც, მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში, დაავადება ნაწლავური ინფექციის ნიშნებით ვლინდება.

სასმელი წყლის საშუალებით ადამიანი შეიძლება დაავადდეს ასამდე სხვადასხვა მიკროორგანიზმით – ვირუსებით, ბაქტერიებით, უმარტივესებით, ჰელმინთებით (ჭიებით) და სხვა.

როგორ გადადის წყლით გამოწვეული ინფექციური დაავადებები?

დაავადებული ადამიანი ან ცხოველი განავლით ან შარდით გამოყოფს დაავადების გამომწვევ ცოცხალ ორგანიზმებს, რომლებიც სანიტარული ნორმების დაუცველობის შემთხვევაში შესაძლოა მოხვდეს სასმელ წყალში და გამოიწვიოს მოსახლეობის მასიური დაავადება. ადამიანის დაინფიცირება შესაძლოა არა მხოლოდ დაბინძურებული წყლის დალევით, არამედ ასეთი წყლით გარეცხილი ბოსტნეულის, ხილის ან ჭურჭლის გამოყენებითაც კი (იხილეთ ცხრილი).

ცხადია, რომ, უმეტესად, ინფექციური დაავადების წყარო ადამიანია, რომელიც აბინძურებს ან ვერ იცავს დაბინძურებისაგან წყალს და საკვებს და თვითონვე ხდება ამ დაბინძურების მსხვერპლი.

რა ნიშნებით მჟღავნდება სასმელი წყლით გამოწვეული ინფექციური დაავადება?

სასმელი წყლით გამოწვეული ინფექციური დაავადებების უმრავლესობა ადამიანებში მჟღავნდება კუჭ-ნაწლავის სისტემის სხავადასხვა სიმძიმის დაზიანებით. იმის მიხედვით, თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელი ნაწილი ზიანდება უპირატესად, სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებაც შესაბამისი ორგანოს ფუნქციის მოშლით გამოიხატება.

ყველაზე ხშირია წვრილი ნაწლავის დაზიანება (ენტერიტი), რომლის დროსაც ირღვევა საჭმლის გადამუშავება და სითხის შეწოვა. ინფექციის ფონზე ზოგჯერ სითხე ორგანიზმიდან ნაწლავის სანათურში ჭარბად გამოდის, ამის შედეგად კი ვითარდება ნაწლავების მოქმედების გახშირება თხიერი, მოუნელებელი განავლით. ამას დიარეა ანუ ფაღარათი ეწოდება.

დიარეას ახასიათებს ნაწლავების გახშირებული მოქმედება მოუნელებელი საკვებით, რაც ახასიათებს უპირატესად ეშერიხიოზს, ლამბლიოზს, სტრონგილოიდოზს. მძიმე დიარეას წყლისებური განავლით ხშირად იწვევს ქოლერა, ეშერიხიოზი.

მსხვილი ნაწლავის დაზიანება უპირატესად ეგრეთ წოდებული დიზენტერიის სინდრომით ვლინდება. ამ დროს ინფექციის გამომწვევი აზიანებს ნაწლავის ლორწოვან გარსს და შესაძლოა, ნაწლავის უფრო ღრმად მდებარე შრეებშიც შეაღწიოს. ამიტომ ვითარდება მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადების- კოლიტის სურათით.

ნაწლავის დაზიანების ნიშნებია:

  • ნაწლავების მოქმედების გახშირებული მოთხოვნა- ზოგჯერ მცირე რაოდენობის სისხლიან-ლორწოიანი განავლით
  • მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი
  • ცხელება

ახასიათებს შიგელოზს, ამებიაზს, ზოგჯერ ეშერიხიოზს და სტრონგილოიდოზსაც

კუჭის დაზიანებას – მისი ლორწოვანი გარსის ანთებას, ანუ გასტრიტს იწვევს როგორც ქიმიურად, ისე ბაქტერიოლოგიურად დაბინძურებული წყალი. სასმელი წყლით გამოწვეულ ინფექციურ გასტრიტს თითქმის ყოველთვის თან ახლავს წვრილი ნაწლავის დაზიანების ნიშნებიც (ამას გასტროენტერიტი ეწოდება).

კუჭის დაზიანების ნიშნებია:

  • ტკივილი კუჭის არეში
  • ღებინება

კუჭის დაზიანებას ძირითადად იწვევს ქოლერა, ზოგჯერ ეშერიხიოზი და ლამბლიოზიც. ღვიძლის დაზიანებას იწვევს A ვირუსული ჰეპატიტი, სტრონგილოიდოზი, ამება. ამებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის არა მხოლოდ ანთებითი დაავადება, არამედ მასში ჩირქგროვის (აბსცესის) ჩამოყალიბებაც კი.

ღვიძლის დაზიანების ნიშნებია:

  • სიყვითლე
  • უმადობა
  • გულისრევა
  • ცხელება
  • მზარდი საერთო სისუსტე

გახსოვდეთ:

  • წყალთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს.
  • დიარეის ანუ ფაღარათის გამოვლენისთანავე დაიწყეთ სითხეების მიღება და მიმართეთ ექიმს (დაწვრილებით დიარეის მოვლის შესახებ იხილეთ “გენეზისი”-ს ბროშურაში “დიარეა”)
  • დაუშვებელია თვითმკურნალობა, მითუმეტეს ანტიბიოტიკებით (ლევომიცეტინი, ბისეპტოლი, ციპროფლო-ქსაცინი, ტეტრაციკლინი, ამპიცილინი და სხვა). მათ, რიგ შემთხვევებში მდგომარეობა შეიძლება გაამწვავონ კიდეც.

როგორ ავიცილოთ სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებები?

სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა  იმაზეა დამოკიდებული თუ რომელ წყალს ვიყენებთ სასმელად.

არსებობს წყალმომარაგების ხელოვნური და ბუნებრივი სისტემა.

ხელოვნური წყალმომარაგება უმრავლეს შემთხვევაში ცენტრალიზებულია და მისი ხარისხის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების მოვალეობაა.

გარდა ცენტრალიზებულისა, არსებობს ხელოვნური ინდივიდუალური წყალმომარაგება, მაგალითად ჭა.

ჭის სისუფთავისათვის აუცილებელია შემდეგი ობიექტების/ნაგებობების ჭისაგან არანაკლებ 50 მეტრით დაშორება:

  • ტუალეტი
  • ცხოველთა ნაკელსაყრელი
  • ბოსელი და საქათმე
  • სასუქისა და პესტიციდების შესანახი სათავსო
  • ნავთობპროდუქტების შესანახი სათავსო

ამასთანავე:

  • ჭას უნდა ჰქონდეს საიმედო სახურავი
  • ჭა, სასურველია, პერიოდულად დაიქლოროს უსაფრთხოების შესაბამისი წესების დაცვით.

სასმელი წყლის მომარაგების ბუნებრივი საშუალებებიდან ძირითადად გავრცელებულია წყაროსა და მდინარის წყლის გამოყენება.

  • წყაროს წყლის სათავე სასურველია 50 მეტრის რადიუსით შემოზღუდული და დაცული იყოს ადამიანებისა და ცხოველების მიერ დაბინძურებისგან.
  • მდინარის წყლის დაცვა დაბინძურებისგან გაცილებით რთულია, ამიტომ ასეთი წყლის სასმელად გამოყენების შემთხვევაში სასურველია წყლის ადუღება, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ადუღებაც არ იძლევა წყლის უსაფრთხოების სრულ გარანტიას.
  • არ გამოიყენოთ სასმელად თოვლის და წვიმის ნაჟური წყალი, რადგან ის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს ბაქტერიებს.

თუ სანიტარულ წესებს სათანადოდ ვერ იცავთ ან იყენებთ ბუნებრივ (წყაროს, მდინარის, ჭის ან ჭაბურღილის) შეუმოწმებელ წყალს, მოხმარებამდე გააუვნებელყავით ის შემდეგი მარტივი მეთოდებით:

  • ადუღეთ წყალი სუფთა ჭურჭელში მინიმუმ 3 წუთის განმავლობაში;
  • ჩაუმატეთ იოდის ნაყენის 2 წვეთი 1 ლიტრ წყალს, გააჩერეთ 30 წუთი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ.
  • გაყინეთ წყალი მინიმუმ-15ოჩ-ზე, გაალღვეთ და ისე დალიეთ
  • გაუვნებელყოფილი წყლის მარაგი შეინახეთ სუფთა, თავდახურულ ჭურჭელში.

როგორ უნდა მოიქცეთ სასმელი წყლით გამოწვეული დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში?

  • აუცილებლად შეწყვიტეთ საეჭვო წყლის მოხმარება.
  • დაუყოვნებლად მიმართეთ ექიმს.
  • ამ შემთხვევის შესახებ შეატყობინეთ სხვებსაც (მეზობლებს, თანასოფლელებს), ვინც ამავე წყლით სარგებლობს.
  • სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აცნობეთ შესაბამის სტრუქტურებს: სანიტარულ ინსპექციას, ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებს.

__________________________________________________

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..