ისთმურ-ცერვიკული უკმარისობა

ისთმურ-ცერვიკული უკმარისობა

   არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ისთმურ-ცერვიკული უკმარისობა (insufficientia isthmicocervicalis; ანატ.  isthmus [uteri] საშვილოსნოს სხეული  + cervix [uteri] საშვილოსნოს ყელი )  – საშვილოსნოს ყელისა და სხეულის უკმარისობა,  რაც იწვევს ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში თვითნებურ აბორტს.  ისთმურ-ცერვიკული უკმარისობა  აღინიშნება ქალთა 15-42, 7 %-ში,  რომლებსაც არ შეუძლიათ ორსულობის გადატანა. >>>>

ისთმურ-ცერვიკული უკმარისობა  – ეტიოლოგია და პათოგენეზი.

ისთმურ-ცერვიკული უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის არხის შიგნითა პირის მიდამოში (საშვილოსნოს ყელის სფინქტერი) კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებამ,  საშვილოსნოს ყელში შემაერთებელ და კუნთოვანი ქსოვილების შეფარდების ცვლილებამ, ასევე საშვილოსნოს ყელზე ნეიროჰუმორული ზემოქმედების დარღვევამ.  ისთმურ-ცერვიკული უკმარისობა, რომელიც გამოწვეულია საშვილოსნოს ყელისა და სხეულის მექანიკური დაზიანებით და ხურავენ საშვილოსნოს ღრუს ეწოდება ორგანული (ან პოსტტრავმული,  მეორადი).  ორგანული ისთმურ-ცერვიკული უკმარისობის ხშირი მიზეზია საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გამოფხეკვა,  რასაც თან სდევს საშვილოსნოს ყელის მექანიკური დილატაცია და პათოლოგიური მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელის ღრმა დაზიანება ( ჩანასახის დამშლელი ოპერაციები და სხვა).  ასევე ისთმურ-ცერვიკული უკმარისობა შესაძლოა შედეგი იყოს საშვილოსნოს ყელის ცუდი რეგენერაციისა, ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარებით,  რომელიც ვერ უზრუნველყოფს საშვილოსნოს ყელის დახურვას შემდგომი ორსულობის დროს.

ორგანულთან პარალელურად აღინიშნება ფუნქციური ისთმურ-ცერვიკული უკმარისობა,  რომელიც წარმოიქმნება საშვილოსნოს ყელისა და სხეულის დაზიანების გარეშე.  ფუნქციური ისთმურ-ცერვიკული უკმარისობის  პათოგენეზი რთულია და არ არის საკმარისად შესწავლილი.  ითვლება,  რომ ფუნქციური ისთმურ-ცერვიკული უკმარისობა  არის საშვილოსნოს ყელის კუნთოვანი და შემაერთებელ ქსოვილის შეფარდების დარღვევის შედეგი,  ასევე ნეიროჰუმორული გამღიზიანებლების მიმართ მისი სტრუქტურული ელემენტების რეაქციის ცვლილებები.  საშვილოსნოს ყელის ქსოვილის ჰისტოლოგიური გამოკვლევისას ფუნქციური ისთმურ-ცერვიკული უკმარისობის მქონე ქალებში აღინიშნება კუნთოვანი ქსოვილის რაოდენობის მომატება 50%-მდე (ნორმაში კუნთოვანი ქსოვილი შეადგენს საშვილოსნოს ყელის მასის არაუმეტეს 15%-ისა),  რაც იწვევს ორსულობისას საშვილოსნოს ყელის ადრეულ დარბილებას და მისი უკმარისობის განვითარებას.  ფუნქციური ისთმურ-ცერვიკული უკმარისობა  აღინიშნება საკვერცხეების ჰიპოფუნქციისას,  დაახლოებით ჰიპერანდროგენიით დაავადებულთა ერთ მესამედში.  ძალიან ხშირად გვხვდება თანდაყოლილი ისთმურ-ცერვიკული უკმარისობა  საშვილოსნოს ჰიპოპლაზიის,  გენიტალური ინფანტილიზმის,  საშვილოსნოს განვითარების მანკების მქონე ქალებში.

ფუნქციური ისთმურ-ცერვიკული უკმარისობის  განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს a და   b ადრენორეცეპტორები.  A ადრენორეცეპტორების აქტივაცია იწვევს საშვილოსნოს კუნთის შეკუმშვას და ყელის გაფართოებას,  ხოლო b ადრენორეცეპტორების აქტივაცია საპირისპირო მოქმედებას იძლევა.  A ადრენორეცეპტორების მგრძნობელობა მატულობს ჰიპერესტროგენიის დროს,  ხოლო b ადრენორეცეპტორებისა – პროგესტერონის დონის მომატებისას.  A ადრენორეცეპტორების გაღიზიანება და b ადრენორეცეპტორების შეკავება იწვევს ფუნქციური ისთმურ-ცერვიკული უკმარისობის  განვითარებას.

ორგანული და ფუნქციური ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობის დროს ორსულობის თვითნებური შეწყვეტის მექანიზმი მდგომარეობს იმაში,  რომ საშვილოსნოს ყელის დარბილების დაჩქარებით,  საშვილოსნოს ყელის შიდა პირის გახსნით ნაყოფის კვერცხი კარგავს ფიზიოლოგიური მდებარეობის შენარჩუნების უნარს საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში.  ორსულობის განვითარებასთან ერთად, საშვილოსნოს შიდა წნევის მომატებისას, ნაყოფის გარსები გამოიდრიკება საშვილოსნოს ყელის გაფართოებულ არხში,  ინფიცირდება და იშლება,  რის შედეგადაც  ხდება ნაყოფის კვერცხის განდევნა საშვილოსნოს ღრუდან.

ისთმურ-ცერვიკული უკმარისობა  – კლინიკური სურათი და დიაგნოზი.

ისთმურ-ცერვიკული უკმარისობის სუბიექტური სიმპტომები ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ აღინიშნება.  ორსულობის მეორე-მესამე ტრიმესტრში ხდება თვითნებური აბორტი.

ორსულობის დროს ისთმურ-ცერვიკული უკმარისობა  დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის დათვალიერებისას საშოს სარკეებით და საშოს გამოკვლევით (პალპაციური).  თავდაპირველად აღინიშნება საშვილოსნოს ყელის დარბილება და დამოკლება,  მოგვიანებით საშვილოსნოს ყელის გარე პირის გახსნა და ამნიონის ბუშტის პროლაბირება.  არანამშობიარებ ქალებში საშვილოსნოს ყელის გარე პირი შეიძლება იყოს დახურული.  საეჭვო შემთხვევებში ატარებენ საშვილოსნოს ულტრაბგერით გამოკვლევას,  ორსულობის 11-12 კვირაზე მეტი ისთმურ-ცერვიკული უკმარისობისათვის  დამახასიათებელია საშვილოსნოს ყელის შიდა პირისა და საშვილოსნოს ყელის არხის გაფართოება,  ამნიონის ბუშტის პროლაბირება.

არაორსულობისას შემოსაზღვრული ისთმურ-ცერვიკული უკმარისობის  დიაგნოსტიკა შეიძლება საშვილოსნოს რენტგენო-კონტრასტული გამოკვლევით.  გამოკვლევას ატარებენ მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში (ციკლის მე-20-24 დღე).  ჰისტეროგრამაზე ამ შემთხვევაში აღინიშნება საშვილოსნოს ყელის გაფართოება,  ფუნქციური ისთმურ-ცერვიკული უკმარისობის დროს საშვილოსნოს ყელის არხის სიგანე შეესაბამება ნორმას.

ისთმურ-ცერვიკული უკმარისობა  – მკურნალობა.

საშვილოსნოს ყელის უხეში ანატომიური ცვლილებებისას,  რომელიც განპირობებულია გახევით, აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა არაორსულობისას – საშვილოსნოს ყელის პლასტიკა.

ორსულებში ისთმურ-ცერვიკული უკმარისობის მკურნალობისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს ოპერაციული და არაოპერაციული მეთოდები.

დროული და რაციონალური მკურნალობის პროგნოზი კეთილსაიმედოა: ორსულობის გადაუტანლობის  სიხშირე ქვეითდება 2-3ჯერ.

პროფილაქტიკა მოიცავს ნაზ მშობიარობას და აბორტის დროს საშვილოსნოს ყელის არხის გაფართოებას,  რომ ავცდეთ დაზიანებებს საშვილოსნოს ყელის შიდა პირის მიდამოში;    საკვერცხეების ფუნქციის ჰორმონალური დარღვევების დროული მკურნალობა.

….

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გინეკოლოგიური დაავადებები