ცისტოცელე

ცისტოცელე

ცისტოცელე (cystocele; ბერძნ. kystis შარდის ბუშტი + kelē გაბერვა, სიმსივნე) – შარდის ბუშტის სამკუთხედისა და შარდის ბუშტის ყელის ქვემოთ ჩამოწევაა ქალებში საშოს წინა კედლის ჩამოწევის შედეგად. ხშირად აღინიშნება 40 წელზე მეტი ასაკის ქალებში.

ცისტოცელის განვითარების მექანიზმი დაკავშირებულია მცირე მენჯის დიაფრაგმის დამაკავშირებელი აპარატის გაჭიმვასთან და მენჯის ძირის კუნთოვანი შრეების ჰიპოტროფიასთან, რის შედეგადაც ხშირად ხდება საშოს წინა კედლის ამობურცვა. ყველაზე ხშირად ცისტოცელეს განვითარების მიზეზია მშობიარობის ტრავმა შორისის გაწყვეტისას. წინამდებარე ფაქტორია ავადმყოფის პროფესია, რომელიც დაკავშირებულია მუცლის პრესის და გავის ძირის კუნთებზე, მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან. საშოს წინა კედლის ამობურცვასთან ერთად ხდება შარდის ბუშტის ყელის გადაადგილება და შარდგამომტანი არხის დამოკლება. ქვედა საშარდე გზების ტოპოგრაფიის ასეთი ცვლილებები განაპირობებენ ცისტოცელეს სიმპტომატიკას, შარდვის გართულება შარდის ნარჩენით, შარდის სტრესული შეუკავებლობა სრულ შეუკავებლობამდე.

ცისტოცელეს დიაგნოზი დამყარებულია სასქესო ხვრელის, საშოს წინა კედლის  დათვალიერებაზე, გინეკოლოგიური სარკეების დახმარებით. ამ დროს გამოვლინდება საშოს წინა კედლის ამობურცვა, რომელიც იზრდება მუცლის წინა კედლის დაძაბვისას, ზოგ შემთხვევაში ამობურცვა აღწევს დიდ ზომებს და ავადმყოფის ვერტიკალური მდგომარეობისას მდებარეობს სასქესო ხვრელის გარეთ. დიფერენციალურ დიაგნოზს ატარებენ ურეთრის დივერტიკულუმთან და პარაურეთრალურ კისტასთან, ასევე საშოს წინა კედლის ამოვარდნასთან. ურეთრის დივერტიკულისგან განსხვავებით,  ცისტოცელე განლაგდება უფრო ცენტრალურად საშოს წინა კედელთან შეფარდებით და ხშირად მოიცავს შარდის ბუშტის ყელს. ხანდაზმული ასაკის ქალებში ცისტოცელეს ღრუში პოულობენ შარდის კენჭებს. ცისტოგრამაზე ავადმყოფის ვერტიკალური მდგომარეობისას შარდის ბუშტის რენტგენოკონტრასტული ჩრდილი პროეცირდება სიმფიზის ძვლის ფონზე ან მის ქვევით.

ცისტოცელეს მკურნალობა ტარდება სპეციალიზირებულ გინეკოლოგიურ ან უროლოგიურ სტაციონარში, ის მიმართულია შარდის ბუშტის კედლისა და საშოს ანატომიური შეფარდების აღდგენისკენ და შარდვის ქირურგიული კორექციისკენ. ძირითადი ოპერაციული მეთოდია კოლპოგრაფია,  რომლის მიზანია შარდის ბუშტის ძირისა და მისი ყელის გამაგრება.

გინეკოლოგიური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..