კანის კალცინოზი

კანის კალცინოზი

კანის კალცინოზი – ეს არის პათოლოგია, რომელიც მიმდინარეობს კანში ჭარბი რაოდენობით მარილების დაგროვებით. ყველაზე ხშირად აღნიშნული დაავადება ვითარდება მეორადად მეტასტაზური გზით, განსაკუთრებით კი შინაგან ორგანოებში ჭარბი რაოდენობით მარილების ჩალაგებისას, მათ აქვთ უნარი სისხლიდან მოხვდნენ კანში დიდი რაოდენობით. ყველაზე ხშირად მარილების წყაროდ გვევლინება შინაგანი ორგანოები: თირკმელები, ძვლები, სხვადასხვა ქსოვილებისა და ორგანოების სიმსივნეები. მსგავს სიტუაციებში ორგანიზმიში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს თავდაპირველად მარილები გროვდება კანსა და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილებში.

დაავადების ნიშნები: მარილების მოჭარბებული დაგროვების შედეგად კანის სისქეში ჩნდება მრავლობითი წვრელი კვანძები. ისინი უმტკივნეულო და მომკვრივოა ხელის შეხებით, კანი მათ ზედაპირზე პრაქტიკულად შეუცვლელია და აქვს ნორმალური შეფერილობა. მოგვიანებით კანის კვანძები, რომელიც შეიცავს კალციუმს, შესაძლოა გაიხსნას კანის ზედაპირზე და მათ ადგილას წარმოიქმნას ფისტულები; ფისტულებიდან გამოდმებით გამოდის ფაფისებური კონსისტენციის მქონე მასა. პაციენტს ეს უქმნის არც თუ ისე ცოტა პრობლემას. კანის კალცინოზი შესაძლოა ახლდეს მრავალ დაავადებას. მაგალითად, სკლეროდერმიის დროს კალციუმი ლაგდება კანის სისქეში და წარმოქმნის კანზე ,,დისკებს“; დაავადება ასევე ხშირად გვხვდება დერმატომიოზიტებთან, ატროფიულ აკროდერმატოზთან, პოიკილოდერმიასთან და კანის სხვა პათოლოგიებთან ერთად. კალციუმის მარილების ჩალაგებას კანში ასევე შეიძლება ჰქონდეს ერთეული მარცვლების ფორმა, რომელიც ოდნავ დიდია კვანძზე. იშვიათად ვხვდებით ასევე მთლიანი კანის და ქვეშმდებარე ქსოვილის მომცველ კალცინოზს. კალცინოზი ძირითადად ვითარდება ორგანიზმში კალციუმის შეწოვის დარღვევის შედეგად. უხშირესად ავადდებიან ქალები, განსაკუთრებით ხანდაზმულთა ჯგუფში.

კანქვეშა კვანძების განლაგების ყველაზე ხშირი ადგილებია მაჯების მიდამო, ხელის თითების გვერდითი ზედაპირები, მსხვილი სახსრების, ტერფებისა და ზოგჯერ კანის სხვა ადგილებში. დაავადების დასაწყისში დაზიანების ადგილების ზემოთ მდებარე კანის საფარველი სრულიად შეუცვლელია და აქვს ნორმალური ფერი, თუმცა მოგვიანებით ამ ადგილებში ვითარდება ანთებითი პროცესები, რომლის შედეგადაც კანი წითლდება და კვანძების შეხებისას აღინიშნება მტკივნეულობა. ამ დროისთვის ყველანაირი ნიშნით ის გვაგონებს ოლიგოგრანულომის ტიპით მიმდინარე კანის სიმსივნეს.

კალცინოზი წარმოადგენს ქრონიკულ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარე დაავადებას. თუ კანქვეშა ჩაკირული კვანძები ბევრია, მათ  შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ სახსრებში მოძრაობა, ან სრულიად შეზღუდონ. ასევე შესაძლებელია განვითარდეს მაჯის და თითის ფალანგების სრული უმოძრაობა, ხერხემლის შესამჩნევი გამრუდება, მენჯის ფორმის დარღვევა, რაც ძალზედ საშიში და არასასურველია მომავალი დედებისათვის. ხშირად ხდება მუხლის, მენჯ-ბარძაყისა და კოჭ-წვივის სახსრებში მოძრაობის დარღვევა. უხშირესად ზიანდება მსხვილი და საშუალო ზომის სახსრები.

მკურნალობა: ერთადერთი სახის პრეპარატები, რომელსაც შეუძლია მოახდინოს მდგომარეობის საკმაოდ მყარი ნორმალიზება და კანის ჩანართების ლიკვიდაცია, არის ამონიუმის ქლორიდი და კალიუმის იოდიდი. თუმცა მოცემული მედიკამენტოზური საშუალებების ძალიან დიდი დოზებით გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს მოწამვლა და ძალზედ სერიოზული გართულებები. აქედან გამომდინარე, მათი დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ გამოცდილი ექიმი-დერმატოლოგის მიერ ინდივიდუალურად შერჩეული დოზებით. კანში დიდი რაოდენობით კვანძების გაჩენისას აუცილებელია მათი ქირურგიული წესით ამოკვეთა. სახსრებში მოძრაობის დარღვევისას გამოიყენება სამკურნალო მასაჟი, პარაფინისა და ოზოკერიტის აპლიკაციები, სამკურნალო ფიზკულტურა, ულტრაიისფერი სხივებით დასხივება, რადონული აბაზანები. ინიშნება დიეტა, რომელიც მოიცავს კვებითი რაციონიდან ძლიერ მარილიანი პროდუქტების გამორიცხვას, რომელიც შეიცავს კალციუმისა და მისი მარილების დიდ რაოდენობას.

პროგნოზი: პათოლოგიის გავრცელებული ფორმებისას, როდესაც დაზიანების კერები ფარავს კანის დიდ ფართობს, პროგნოზი ყოველთვის არასახარბიელოა. განცალკევებით განლაგებული ერთეული კანქვეშა კვანძების მკურნალობა შესაძლებელია ქირურგიული მეთოდით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..