კელოიდი

კელოიდი

კელოიდი (ბერძ.kēlē – სიმსივნე + eidos – მსგავსი) – წარმოადგენს კანზე შემაერთებელქსოვილოვანი ქსოვილის სიმსივნისმაგვარ წანაზარდს.

არსებობს მოსაზრება, რომ კელოიდის განვითარებას საფუძვლად უდევს შემართებელი ქსოვილის  თანდაყოლილი, გენეტიკურად განპირობებული თვისება, ნებისმიერი სახის ტრავმულ ზემოქმედებას, მათ შორის მიკროტრავმასაც, უპასუხოს გაძლიერებული პროლიფერაციით. მთელ რიგ ავადმყოფებს აღენიშნებათნივთიერებათა ცვლისა და ენდოკრინული სისტემის მხრივი ცვლილებები (უხშირესად, თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის გლუკოკორტიკოიდული ფუნქციის დაქვეითება), ქრონიკული ინფექციური დაავადებები (მაგ. ფილტვების ტუბერკულოზი), ქრონიკული ინფექციის კერები (კარიესი, ონზილიტი, სალპინგოოფორიტი და სხვ.).

კელოიდის დროს ჰისტოლოგიური სურათი ხასიათდება კოლაგენური ბოჭკოების გამსხვილებით, ჰიალინოზითა და ელასტიური ბოჭკოების შემცირებით, ფიბრობლასტების ზომიერი დაგროვებით.

განარჩევენ ცრუ და ჭეშმარიტ კელოიდს. ჭეშმარიტი კელოიდი ვითარდება ხილული მიზეზის გარეშე. უპირატესად მამაკაცებს, ძირითადად გულმკერდის არეში აღენიშნებათ იზოლირებული, უმტკივნეულო, მკვრივი კონსისტენციის, ღია-ვარდისფერი, გლუვზედაპირიანი სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნი, რომლის ზედაპირზეც ზოგჯერ ვითარდება ტელანგიექტაზიები. უცაბედად გაჩენილი კელოიდი სწრაფად იზრდება და საბოლოო ჯამში გარდაიქმნება წარგრძელებული ფორმის წარმონაქმნად, რომელიც წამოწეულია კანის ზედაპირიდან 0.5-0.7 სმ-ით. კელოიდის გვერდითი ზედაპირიდან გამოდის წანაზარდები, რომელიც მოგვაგონებს კიბორჩხალას საცეცებს. ავადმყოფების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცრულ კელოიდი ვითარდება კანის ზედაპირზე ნებისმიერ ადგილას ტრავმის შედეგად (ჭრილობა, დამწვრობა, გახეხვა და სხვ.). ის შესაძლოა იყოს დანაწიბურებად ადგილზე ან ადრე არსებული ტროფიკული წყლულის ან ჩირქოვანი კერის მიდამოში. ნაწიბურიდან ცრუ კელოიდი წარმოიქმნება მისის თანდათანობითი ჰიპერპლაზიით. ნაწიბური მსხვილდება, ხდება მკვრივი და კანის ზედაპირიდან წამოიწევა 0.5-1.0 სმ-ით, თანდათანობით იძენს მკვეთრ წითელ ან მოლურჯო ფერს, რომელიც შემდგომში ფერმკრთალდება და მოგვიანებით აღარ განირჩევა ნორმალური კანის შეფერილობისგან. ცრუ კელოიდის განსაკუთრებული ფორმაა კელიოდური აკნე, რომელიც წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის წერტილოვან გამონაზარდებს ვულგარული ფერისმჭამელების ადგილზე, უვითარდებათ ძირითადად ახალგაზრდა პაციენტებს ზურგზე, გულმკერდზე, და ზოგჯერ სახეზე.

დიაგნოზი დგინდება კლინიკური სურათის საფუძველზე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ჰიპერტროფიულ ნაწიბურთან, გაჯირჯვებად დერმატოფიბროსარკომასთან.

მკურნალობას ატარებს დერმატოლოგი ან კოსმეტოლოგი ამბულატორულად.

პროგნოზი სასიცოცხლოდ კეთილსაიმედოა. არ არის შემუშავებული ჭეშმარიტი კელოიდის პროფილაქტიკა. ცრუ კელოიდის პროფილაქტიკა მდგომარეობს კანსი ჩირქოვანი დაავადებისა და ტროფიკული წყლულების დროულ მკურნალობაში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..