ტროპიკული დერმატოზები

ტროპიკული დერმატოზები

ტროპიკული დერმატოზები – ესაა კანის დაავადებების ჯგუფი, რომელიც უპირატესად გვხვდება ტროპიკული კლიმატის ქვეყნებში. გაფართოვებული ქვეყანათაშორისი კავშირების გამო არაა გამორიცხული ტროპიკული დერმატოზების არსებობა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

ტროპიკული დერმატოზებით დაავადების მნიშვნელოვანი სიხშირე გამოწვეულია გარემოს მაღალი ტემპერატურით, ჭარბი ინსოლაციით, მომატებული ტენიანობით, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, ასევე არასრულფასოვანი კვებით, არასახარბიელო საყოფაცხოვრებო პირობებითა, დაბალი ჰიგიენური პირობებით და არასრულფასოვანი სამედიცინო დახმარების არსებობით.

ტროპიკული დერმატოზებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება: ინფექციური, პარაზიტარული და ტოქსიურ-ალერგიული ტროპიკული დერმატოზები. ინფექციურ ტროპიკულ დერმატოზებს მიეკუთვნება: ტროპიკული პიოდერმია, ტროპიკული წყლული, ასევე კანის დაზიანება კეთრის, ფრამბეზიისა და სხვა ინფექციური დაავადებების დროს. ტროპიკულ დერმატოზებში გამოყოფენ მანსონის პოზი (ტროპიკული ბულოზური იმპეტიგო) და ტროპიკული ვეზიკულური აკროდერმიტი. მანსონის პიოზი გამოწვეულია სტაფილოკოკებით. დაავადება უპირატესად აავადებს ქალებსა და ბავშვებს, აქვს მწვავე მიმდინარეობა, ხასიათდება დისემინირებული ბულოზურ-პუსტულოზური ელემენტებით; ასევე შესაძლებელია ზოგადი მოვლენების განვითარება  (მაგალითად, სისუსტე, თავის ტკივილი). ტროპიკული ვეზიკულური აკროდერმიტი გამოწვეულია სტრეპტოკოკებით. ამ დროს ჩნდება მრავლობითი ბულოზური პუსტულები – ფლიქტენა, ეროზიები, რომლებიც უპირატესად განლაგდებიან მაჯების ზედაპირზე და ტერფზე. დაავადებას აქვს მწვავე მიმდინარეობა. შესაძლებელია რეციდივები ლიმფოსტაზის განვითარებით. ტროპიკული პიოდერმიის მკურნალობა ხდება ანტბიოტიკებით; პუსტულებს ხსნიან, გამონაყარი მუშავდება ბრილიანტის მწვანით ან ფუკორცინით.

ტროპიკული წყლული უხშირესად გამოწვეულია პიოკოკებით. ისინი განსხვავდებიან ეტიოლოგიითა და კლინიკური მიმდინარეობით. ასე რომ, ჭეშმარიტი ტროპიკული წყლული აღენიშნებათ პირებს  (როგორც წესი დასუსტებულ მამაკაცებს), რომლებიც ცხოვრობენ მაღალი ტენიანობის ადგილებში. პროცესი იწყება ტრავმის ადგილებში ტერფებსა და წვივებზე ერთეული ფლიქტენების გაჩენით, რომლებიც მოგვიანებით გარდაიქმნებიან მომრგვალო ფორმის ჭუჭყისფერ-მონაცრიფრო მზარდ უმტკივნეულო, არასწორი ფორმის კიდეების მქონე წყლულებად. დაავადებისათვის დამახასიათებელია ტორპიდული მიმდიანერობა. ტროპიკული წყლული შესაზლოა განუვითარდეს ორივე სქესის ადამიანს ნებისმიერ ასაკში. მისი განმასხვავებელი ნიშნებია: მცირე ზომა, არასწორი კიდეები, სქელი ქერქის განვითარება, ასევე ტენდენცია თვითგანკურნებისკენ. უდაბნოს წყლული უვითარდებათ იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ მშრალ რაიონებში. წყლულები ლოკალიზდება წვივებზე, ასევე შესაძლებელია სახეზე, მაჯებსა და წინამხრებზე, დამახასიათებელია მრავლობითი კერების განვითარება და მტკივნეულობა. ვარდისფერი წყლულები უვითარდებათ მეთევზეებს, მარგალიტების მაძიებლებს რიფისგან მიენებული ტრავმების ადგილას. პროცესი იწყება ანთებადი, მტკივნეული ინფილტრატების გაჩენით, მოგვიანებით კი ის გარდაიქმნება ზედაპირულ ჩირქოვან წყლულში არასწორი კიდეებით, რომელსაც აქვს ტორპიდული მიმდინარეობა. ტროპიკული წყლულების მკურნალობა მიმდინარეობს ანტიბიოტიკებით, ვიატმინებით. გარეგანი მოხმარებისათვის ნაჩვენებია მადეზინფიცირებელი საფენები და მალამოები; რეკომენდებულია სრულფასოვანი კვება. აუცილებელია რიფების შვერილების მოცილება და პროფილაქტიკის მიზნით ნაკაწრებისა და ნაჩხვლეტი ადგილების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება.

ფრამბეზიის დროს კანის დაზიანებას იწვევს მაღალკონტაგიოზური ტრეპონემატოზი, რომელიც ხასიათდება ფრამბეზიომების გაჩენით გამომწვევის შეჭრის ადგილებში. ეს არის წყლულები რბილი ფუძით, რომელსაც თან ახლავს რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება. მოგვიანებით ეტაპებზე დგება ინფექციის გენერალიზების პერიოდი და კანზე ჩნდება მრავლობითი ფრამბეზიდები – პაპულები, რომელიც დაფარულია ვერუკოზული გამონაზარდებით.

ავადმყოფების ნაწილს, 15-25 წლის შემდეგ უვითარდებათ ფრამბეზიის მესამეული პერიოდი, რომელსაც ახასიათებს ღრმა, ზოგჯერ კანისა და კანქვეშა ქსოვილის გავრცელებული დაზიანება  (იშვიათად ძვლობანი) გუმების განვითარებით – ესაა ძვლების მტკივნეული სიმსივნური წარმონაქმნები, რომელიც სიმეტრიულად განლაგდება ცხვირის ორივე მხარეზე. მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკებით. გარეგანი მოხმარებისათვის იყენებენ ანტისეპტიკური ხსნარებით დასველებულ საფენებს. სასიცოცხლო პროგნოზი როულად დაწყებული მკურნალობის შემთხვევაში კეთილსაიმედოა.

პარაზიტული ტროპიკული დერმატოზი მოიცავს: ზედაპირულ ტროპიკულ მიკოზს, ასევე კანის დაზიანებებს მიაზისა და ფილარიოზის დროს. ზედაპირულ ტროპიკულ მიკოზებს მიეკუთვნება ტროპიკული შავი ლიქენი, ტროპიკული თეთრი ლიქენი და ტოკელა. ტროპიკული შავი ლიქენი არის კერატომიკოზი, რომელიც გამოვლინდება მუქი ყავისფერი აქერცვლადი პოლიციკლური ლაქებით, რომლებიც ლოკალიზდება კანის ნებისმიერ უბანში. ტროპიკული თეთრი ლიქენი წარმოადგენს სიმეტრიულად განლაგებულ მქავანა ერითემატოზულ-პაპულურ კერებს ბუშტუკებითა და ეროზიებით, რომელიც ტოვებს ჰიპოპიგმენტაციის პოლიციკლურ უბნებს. ტოკელო – კრამიტისებური მიკოზია. აზიანებს ტორსის კანსა და კიდურებს, გამოვლინდება მქავანა, ექსცენტრული ნათელი-მოყავისფრო ლაქებით, რომლებიც დაფარულია კერების პერიფერიაზე მიმაგრებული ქერცლებით და განლაგდება კრამიტისებურად. ზედაპირული ტროპიკული მიკოზის დიაგნოზი მტკიცდება ნაცხში სოკოს აღმოჩენის შემთხვევაში. მკურნალობა ტარდება გოგირდ-სალიცილის 5-10%-იანი მალამოთი ან 2% სალიცილის სპირტით. ფართო უბნების დაზიანების დროს ნაჩვენებია ნიზორალის მიღება.

ტოქსიურ-ალერგიულ ტროპიკულ დერმატოზებს მიეკუთვნება ტროპიკული ფიტოდერმატიტი და ტოქსიკოდერმია (ჯუნგლების დერმატიტი), რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ კანის მწვავე, ანთებით დაავადებას ტროპიკულ მცენარეებთან კონტაქტის ან მათი მტვრის ჩასუნთქვის შედეგად. გამღიზიანებელი მოქმედება შესაძლებელია ჰქონდეს მცენარის ნებისმიერ კომპონენტს – ეთერზეთებს, ფერმენტებს, ალკალოიდებს, და სხვ. პათოგენეზში მთავარ როლს თამაშობს სენსიბილიზაცია, იშვიათად იდიოსინკრაზია ან პირდაპირი გამღიზიანებელი ზემოქმედება. კლინიკური გამოვლინება (სიწითლე, შეშუპება, ბუშტების ან ბუშტუკების განვითარება, ძლიერი წვა და ქავილი, ზოგჯერ ცხელება) შეესაბამება ალერგიულ და ტოქსიურ დერმატიტებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი კანის ეგზემას. პირველ რიგში აუცილებელია გამღიზიანებელთან კონტაქტის შეწყვეტა, რეკომენდებულია კანის ჩამბანა ან სავლებები, ასევე მადესენსიბილიზირებელი და ანთების საწინააღმდეგო თერაპია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..