პირველად სტომატოლოგთან

პირველად სტომატოლოგთან – სამახსოვრო მშობლებისთვის

ბავშვის კბილები განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ. მრავალმა მშობელმა იცის, რომ ბავშვი სტომატოლოგთან უნდა ატაროს 3 თვეში ერთხელ, მას შემდეგ, რაც ამოიჭრება პირველი სარძევე კბილი. როგორ გავხადოთ ეს ვიზიტები მაქსიმალურად კომფორტული ბავშვისა და მშობლისთვის? >>>

გარკვეულ ასაკამდე ბავშვი ვერ ხვდება, რომ საჭიროა კბილების მოვლა: მათი გაფრთხილება, გაწმენდა, დროულად მკურნალობა. ამ დროს მთელი პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრება. შეგნებულმა მშობლებმა იციან, რომ ჯანმრთელი სარძევე კბილები მომავალში მუდმივი კბილების ჯანმრთელობის საწინდარია. ამიტომ, მშობლებმა ბავშვებს დროულად უნდა ასწავლონ პირის ღრუს ჰიგიენა, ყოველდღიური პროცედურების ჩატარება და ატარონ სტომატოლოგთან. 

სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი უნდა შედგეს არა უგვიანეს 1 წლის ასაკში. საუკეთესო შემთხვევაში – პირველი კბილის ამოჭრის დროს. შემდგომში ბავშვი ექიმთან უნდა მიიყვანოთ 3 თვეში ერთხელ ან 6 თვეში ერთხელ მაინც. მაგრამ, როგორ დავითანხმოთ პატარა სტომატოლოგთან პირველად წამოსვლაზე?

მრავალ ბავშვს ეშინია უცხო ხალხის, მათ შორის ექიმების. საავადმყოფოში წასვლის ხსენებაზე ბავშვი ჭირვეულობს, ტირის. მშობლები ხშირად იბნევიან და არ იციან როგორ მოიქცნენ. ხოლო ექიმთან ვიზიტის მუდმივად გადადება არ გამოვა.

აი, მარტივი წესების მცირედი სამსახსოვრო, რომლებიც უნდა დაიცვათ, რომ ექიმთან ვიზიტებმა ბავშვის ცრემლებისა და თქვენი ნერვული უჯრედების ხარჯვის გარეშე ჩაიაროს.

კლინიკისა და ბავშვთა ექიმის არჩევა

სტომატოლოგთან ვიზიტის დადებითად აღქმაში დიდ როლს თამაშობს სწორედ ის ექიმი, რომელსაც ბავშვი პირველად შეხვდება. პირველი ექიმის სახე და საავადმყოფოს შთაბეჭდილება ბავშვის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. თუ ისინი უსიამოვნო და შემაშინებელი იყო, მომდევნო ვიზიტები შეიძლება ტანჯვად იქცეს. ეს რომ არ მოხდეს, შეარჩიეთ კარგი, თანამედროვე კლინიკა და ექიმი, რომელიც სასიამოვნო და კეთილგანწყობილი იქნება.

ერთი ექიმი

ბავშვი უნდა მიეჩვიოს თავის ექიმს, უნდა მიენდოს მას. ამიტომ, ეცადეთ თქვენი ბავშვი ატაროთ ერთ სტომატოლოგთან. მიეცით მათ საერთო ენის მონახვისა და ერთმანეთის გაგების შესაძლებლობა.

სჯობს ადრე, ვიდრე გვიან

სიტუაციას უკიდურესობამდე ნუ მიიყვანთ. ბავშვი სტომატოლოგის სავარძელში უფრო ადრე უნდა აღმოჩნდეს, ვიდრე მას კბილი ატკივდება. პირველი ვიზიტი უნდა იყოს პროფილაქტიკური. ექიმი არ უნდა ასოცირდებოდეს ტკივილთან, ამიტომ ბავშვი სტომატოლოგიურ კლინიკაში წაიყვანეთ, როდესაც ის კარგ ხასიათზეა და არაფერი არ სტკივა. დაე ექიმმა მას აჩვენოს ყველა ჯაგრისი, ხელსაწყო და შეაფასოს ბავშვის პირის ღრუს მდგომარეობა მშვიდ გარემოში.

წინასწარი საუბარი

ბავშვის საავადმყოფოში წაყვანამდე, საჭიროა მასთან საუბარი, აუხსენით რატომ არის საჭირო ეს ვიზიტი. შეიძლება პარალელი გაავლოთ სტომატოლოგთან ვიზიტსა და ისეთ პროცედურებს შორის, როგორიც არის ხელების დაბანა, თმების შეჭრა. ბავშვი უნდა დაარწმუნოთ, რომ ასე აკეთებს დედა, მამა, ბებია, ბაბუა და საერთოდ ყველა, რომ კბილები არ სტკიოდეთ და რომ   ჯანმრთელები და ლამაზები გაიზარდონ.

ვითამაშოთ?

კლინიკაში წასვლა შეიძლება თამაშად ვაქციოთ. ეს მრავალმა მშობელმა იცის. ისე მოიქეცით, რომ ეს მოვლენა ბავშვისთვის საინტერესო, გასართობი, სამხიარულო გახდეს.

ხშირად მშობლები ბავშვს ჯილდოს სთავაზობენ საავადმყოფოში კარგად მოქცევისთვის. მცირე საჩუქარს, რომელიც სტიმული იქნება ბავშვისთვის.

 არ შეგეშინდეთ თქვენ თვითონ

ბავშვები მშობლების ნერვიულობას გრძნობენ. თუ მშობლებს ეშინიათ სტომატოლოგის, ბავშვიც განიცდის ისე, რომ ვერც კი აცნობიერებს, თუ რატომ ხდება ეს. ამიტომ გამოსავალი ერთია: მშვიდად და თვითდაჯერებულად მოიქეცით მაშინაც კი, თუ არ გიყვართ სტომატოლოგიური კაბინეტი.

აკრძალული სიტყვები

არ უთხრათ ბავშვს „ნუ გეშინია, არ გეტკინება”. პირიქით, ბავშვი გაიგონებს მხოლოდ სიტყვას „გეტკინება”. არ თქვათ „ნემსის ჩხვლეტა”, „გაბურღვა” და ა.შ. ბავშვთა სტომატოლოგი შეარჩევს მოხერხებულ სინონიმებს, რომლებიც ბავშვს არ შეაშინებენ.

„ბოროტი ბიძია” 

არასოდეს არ შეაშინოთ ბავშვი „ბოროტი ბიძია ექიმით”. ბავშვი დაიჯერებს და მთელი ცხოვრება ექიმების შიში ექნება.

დარჩით ბავშვის გვერდით

სტომატოლოგის კაბინეტში იყავით ბავშვის გვერდით, განსაკუთრებით პირველი ვიზიტების დროს. მან უნდა იგრძნოს მოსიყვარულე დედის ან მამის სითბო და მხარდაჭერა, რომლებიც მას არასოდეს მიატოვებენ.

რამდენიმე ვიზიტი

თავიდანვე მზად იყავით იმისთვის, რომ ერთ ვიზიტზე მკურნალობა შეიძლება ვერ მოესწროს. ერთ ჯერზე რამდენიმე კბილის მკურნალობა არ ღირს. ბავშვები მოუსვენარნი არიან, მათთვის ძნელია ასეთი არასასიამოვნო პროცედურების გადატანა, თუ ისინი ძალიან დიდხანს გრძელდება. ამავდროულად, არ უნდა მოვატყუოთ ბავშვი და არ უნდა ვუთხრათ, რომ ექიმი მხოლოდ ნახავს და არ უმკურნალებს. უთხარით ყველაფერი ისე, როგორც არის, რომ ბავშვმა არ დაკარგოს თქვენი და მკურნალი ექიმის ნდობა. ის მზად უნდა იყოს რამდენიმე ვიზიტისთვის და უნდა იცოდეს, რომ ექიმთან მისვლა საშიში არ არის! ექიმთან უნდა მივიდეს, რომ კბილები ჯანმრთელი, მაგარი და ლამაზი ჰქონდეს.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

______________________________________

გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”

გადასვლა >>> ,,ბავშვი”

..