მამები და შვილები

გავრცელებული აზრია, თითქოს ბავშვის ცხოვრებაში დედას უმთავრესი ადგილი უჭირავს. ასე გაიზარდა არა ერთი თაობა, მაგრამ თანამედროვე აღზრდის მეთოდები მამის ჩართულობას ძალიან დიდ როლს ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ მამა, როგორც მამაკაცი, ოჯახის მთავარ მარჩენალად მიიჩნევა (ცხადია, პირიქითაც ხდება), ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შვილის აღზრდაში მისი მონაწილეობა მინიმუმამდე უნდა იყოს დასული.

ყველა ბავშვიან ოჯახში ნახავთ ასეთ სურათს: მამა სამსახურიდან მოდის, ბავშვი კი მისკენ გარბის და გახარებული ეხუტება. მამა მხოლოდ მსუბუქად ეფერება და საშინლად დაღლილი გამომეტყველებით სამზარეულოსკენ მიემართება. აქ მამაკაცების გაგება შეიძლება, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ბავშვთან თამაში მართლაც ძნელია, მაგრამ აქ საუბარია ელემენტარულ ყურადღებაზე, რომელიც შვილს ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე უნდა გაუნაწილოთ, მცირედი ყურადღება მაინც უნდა დაუთმოთ, დაინტერესდეთ, თუ რა მოხდა მის ცხოვრებაში საინტერესო, რითიც მისგან ფსიქოლოგიურ დაშორებას აიცილებთ თავიდან.

ნებისმიერი სქესის ბავშვისთვის მამა სიძლიერესთან და ყოვლისშემძლეობასთან ასოცირდება. მამა მისაბაძი მაგალითია, ქვეცნობიერად იღებს მის მიმიკებს, სიარულისა და საუბრის მანერას. ბიჭუნებისთვის მამა ნამდვილი გმირია და მას თვალდახუჭული ენდობიან, ამიტომ ნუ იქნებით ინერტული, როდესაც ვაჟიშვილი თამაშს ან სხვა სახის გართობას გთავაზობთ.

ნუ დაკომპლექსდებით იმის გამო, რომ შვილის კარგად არ გესმით, რაც მხოლოდ და მხოლოდ იშვიათი კონტაქტის გამო ხდება. ასეთ დროს დახმარება სთხოვეთ ბავშვის დედას, მაგრამ თავად ბავშვს ნუ აჩვენებთ, რომ მასთან ურთიერთობის პრობლემა გაქვთ და სხვისი დახმარება გჭირდებათ.

ბავშვთან ერთად ხშირად ისეირნეთ, თუნდაც მაღაზიაში ან ავტოსერვისში წაიყოლეთ, ერთად იარეთ სპორტულ შეჯიბრებებზე. მაგალითად, სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად. ასეთ ადგილებში ბევრი მამა-შვილი დადის და მათი დაკვირვებითაც შეგიძლიათ შვილთან ურთიერთობის თვისებები გამოიმუშავოთ. თუ მასთან ერთად სპორტული თამაშით ერთობით, ნუ ეცდებით, დიდი ანგარიშით მოუგოთ. პირიქით, ძალები დაზოგეთ, რათა თავის თანატოლად, მეგობრად აღგიქვათ და არა საკუთარი უპირატესობის დამტკიცებით გართული უცხო და საკმაოდ უსიამოვნო ბიძიად. გართობისას მას მეგობარი უფრო სჭირდება. სხვა, უფრო სერიოზულ სიტუაციებში კი შეგიძლიათ ნამდვილი მამის როლს დაუბრუნდეთ. დროთა განმავლობაში ორივე მხარე უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს და ნელ-ნელა დისტანციაც შემცირდება.

ერთმანეთს შეუჩვეველი მამა-შვილის ურთიერთობისას დედის მონაწილეობა ნელ-ნელა, ეტაპობრივად შეზღუდეთ. დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ მათ უთქვენოდაც შეუძლიათ დროის გატარება, საუბარი, ერთმანეთს საიდუმლოებსაც უზიარებენ და სხვა. გახსოვდეთ, რომ მშობელი შვილის პატივისცემას იმ შემთხვევაში იმსახურებს, თუ მათ შორის ურთიერთნდობა არსებობს. ამიტომ მამობრივი სიყვარულის გამოსავლენად მუდამ მზად იყავით და არა მხოლოდ შაბათ-კვირას – შვილის მხრიდან სიყვარული ყველა სამსახურზე ძვირფასია.

აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1392649022

________________________________________________________

გადასვლა >>> ,,ბავშვი”