ბავშვებში მხედველობის დარღვევების პროფილაქტიკა

ბავშვებში მხედველობის დარღვევების პროფილაქტიკა

 

არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

დღითიდღე მატულობს იმ ბავშვების რიცხვი, რომელთაც მხედველობის დარღვევები (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი, ამბლიოპია, სიელმე) აღენიშნებათ, ამიტომ სპეციალისტების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მხედველობის დარღვევების პროფილაქტიკასა და ადრეულ დიაგნოსტიკას.

ბავშვის სიცოცხლის პირველი 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობს მისი მხედველობის ორგანოს აქტიური განვითარება. ამ პერიოდში თვალი სხვადასხვა მავნე ზემოქმედების ქვეშაა, როგორიცაა მომატებული დატვირთვა (კომპიუტერი, კითხვა, ტელევიზორი), ტრავმები, ინფექციები,  არასასურველი ეკოლოგია და სხვა.

ძირითადი ფაქტორები რაც დაგვეხმარება მხედველობის დარღვევების თავიდან აცილებაში, არის:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი
  • გონივრული მხედველობითი დატვირთვა
  • უსაფრთხოების წესების დაცვა

მხედველობის დარღვევების პროფილაქტიკა – ჯანსაღი ცხოვრების წესი

ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელია ყველა დაავადების პროფილაქტიკისათვის და მათ შორის ეს ეხება თვალებსაც.

სწორი კვება, რათა მოვამარაგოთ ჩვენი პატარას მხედველობის ორგანო ყველა იმ საჭირო ნივთიერებით, რაც საჭიროა განვითარების პროცესისათვის. გამოიყენეთ პროდუქტები, რომლებიც მდიდარია A, C და B ჯგუფის ვიტამინებით: ქათმის კვერცხი, საქონლის ღვიძლი, მწვანე ბოსტნეული, სტაფილო.

ნებისმიერი მოძრაობითი აქტივობა ეხმარება ბავშვის თვალებს უკეთ იმუშაოს. მოახდინეთ სტიმულირება, რომ ბავშვმა ბევრი ირბინოს, ითამაშოს აქტიური თამაშები, დაკავდეს სპორტით.

მხედველობის დარღვევების პროფილაქტიკა – გონივრული მხედველობითი დატვირთვა

ისევე როგორც ნებისმიერი ორგანო, გადაჭარბებული დატვირთვისაგან და დაძაბულობისაგან თვალიც იღლება და ვეღარ ასრულებს თავის სამუშაოს ეფექტურად. რეგულარული გადაძაბვა  იწვევს თვალის კუნთების სპაზმს, შედეგად კი თვალი ვეღარ ახერხებს ფოკუსის ცვლილებაზე რეაგირებას.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ თავიდან ავიცილოთ მხედველობის დარღვევები:

  • სამუშაო ადგილის სწორი ორგანიზება: სწორი განათება (მეცადინეობის პროცესში შუქი სამუშაო მაგიდას უნდა ეცემოდეს მარცხნიდან და ზევიდან) და სწორად შერჩეული ავეჯი (იხ.მოსწავლის კუთხე).  ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ჯდომისას სწორ პოზას, თუ ბავშვი მოხრილი ზის მაგიდასთან, ირღვევა თავის ტვინის სისხლისმომარაგება, რომელიც თავის მხრივ აპროვოცირებს მხედველობის დარღვევებს. ძლიერი ყურადღების კონცენტრაციისას მიეცით საშუალება ბავშვის თვალებს პერიოდულად დაისვენოს, განსაკუთრებით ვიდეოთამაშებისა და კომპიუტერზე ჯდომისას. თუ თქვენი პატარა დიდ დროს უთმობს  კომპიუტერთან ჯდომას, გაიარეთ კონსუტლაცია ოფთალმოლოგთან.
  • უნდა იქნეს დაცული დისტანცია კომპიუტერთან – 40-60სმ და ტელევიზორის ეკრანიდან კი 2-3 მეტრი. კომპიუტერთან და ტელევიზორთან კონტაქტი უნდა შეიზღუდოს  დღეში ორ საათამდე.
  • დაუშვებელია კითხვა წოლით პოზიციაში, მოძრავ ტრანსპორტში. მანძილი თვალებიდან წიგნამდე უნდა იყოს წინამხრის სიგრძის ტოლი – იდაყვიდან თითების ბოლომდე.
  • ბავშვებისათვის განკუთვნილი წიგნები უნდა იყოს დიდი შრიფტით. იმ ბავშვებს, რომელთაც არ აქვთ კარგად განვითარებული აკომოდაცია, ემუქრებათ ახლომხედველობა.
  • კითხვის პროცესში უნდა იყოს გავაკეთოთ შესვენებები  3- დან 5 წუთამდე.
  • იმისათვის რომ მოხდეს თვალის კუნთების განტვირთვა, რეკომენდებულია მარტივი თვალის ვარჯიშები: დახმახამება, თვალების დახუჭვა, თვალის კაკლების აქეთ იქით მიტრიალება, ფანჯარაში შორს გახედვა.
  • მუდმივად ჩაატარებინეთ პატარას  მისი ასაკისათვის განსაზღვრული თვალის ვარჯიშები

მხედველობის დარღვევების პროფილაქტიკა – უსაფრთხოების წესების დაცვა

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მხედველობის ორგანოს ტრავმული დაზიანება, დაიცავით შემდეგი წესები:

  • ბავშვთან ურთიერთობისას სათამაშოები დაიჭირეთ თვალებიდან დაახლოებით 30 სმ მოშორებით, ასევე ამავე რეკომენდირებულ მანძილზე დაკიდეთ სათამაშოები
  • არ შეინახოთ მედიკამენტები და ქიმიური საშუალებები ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას
  • თავიდან აიცილეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება ბავშვის თვალებზე. არ მოათავსოთ ბავშვის საწოლი მზის სინათლის პირდაპირ, სასეირნოდ კი გამოიყენეთ ისეთი ეტლი, რომელიც აღჭურვიული იქნება ტენტით ან პატარას დაახურეთ ქუდი

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”

გადასვლა >>> “ოფთალმოლოგია”