ახლომხედველობა ბავშვებში

ახლომხედველობა ბავშვებში

არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

ახლომხედველობა თვალის რეფრაქციის ანომალიაა, რომლის დროსაც ბავშვი ვერ არჩევს შორს მყოფ საგნებს, რადგან საგნებისაგან მომავალი პარალელური სხივები ერთდება ბადურის წინ, შესაბამისად შორს მყოფი საგნის გამოსახულება ბუნდოვანია. ნაწილობრივ ეს დაკავშირებულია თვალის წინა-უკანა ღერძის დაგრძელებით.

ბავშვებში დაბადებისას თვალის კაკლის წინა-უკანა ღერძი მოკლეა, რაც განაპირობებს   ჰიპერმეტროპიას, თუმცა ზრდასთან ერთად ჰიპერმეტროპია სუსტდება და ზოგ შემთხვევაში გადადის მიოპიაში. თანდაყოლილი მიოპია შესაძლოა დაკავშირებული იყოს დღენაკლულობასთან, განპირობებული იყოს მემკვიდრული ფაქტორებით ან  პათოლოგიური პროცესებით. უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევებში თანდაყოლილი ახლომხედველობა ხასიათდება თვალის ფსკერზე ძალზედ მცირე ცვლილებებით.

ბავშვებში ახლომხედველობის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს: აკომოდაციის პირველადი სისუსტე, ახლო მანძილზე ხანგრძლივი მუშაობა (კომპიუტერთან და ტელევიზორთან ჯდომა), მხედველობის ჰიგიენის დარღვევა, ორგანიზმის დასუსტება არასწორი კვების შედეგად, გადაღლილობა, სხვადასხვა დაავადებები.

ბავშვებში ახლომხედველობის მკურნალობა

ბავშვებში ახლომხედველობის დროს გამოიყენება მკურნალობის სხვადასხვა  მეთოდები. პირველ რიგში, ახლომხედველობის მკურნალობა მიმართულია მიოპიის ხარისხის შემცირებისა და სრული ლიკვიდაციისაკენ და არა მისი პროგრესირების შეფერხებისა და გართულებების პროფილაქტიკისაკენ.

დაავადების კეთილმიმდინარეობად ითვლება, როდესაც მხედველობის დაქვეითება წელიწადში ხდება არაუმეტეს 0.5 დიოპტრიისა. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა მიმდინარეობს კონსერვატიული მეთოდებით. აუცილებელია სათვალეები ან კონტაქტური ლინზები, საჭიროა თვალების დასვენება, მხედველობითი ვარჯიშების ჩატარება, ნორმალური კვებისა და ძილის რეჟიმი, მხედველობითი ჰიგიენის დაცვა.

ახლომხედველობის დროს სათვალეების გამოყენებას საჭიროებენ შორს მყოფი საგნების დასანახად, თუმცა მაღალი ხარისხის ახლომხედველობის დროს სათვალის გამოყენება საჭირო ხდება ახლო მანძილზე მხედველობისათვისაც. თუმცა სათვალის ტარება ყოველთვის არ აღმოფხვრის პრობლემას, რაც დაკავშირებულია თვალის გარსების დისტროფიული და სხვა ცვლილებებით.

გამოიყენება ასევე ისეთი თერაპიული პროცედურები, როგორიცაა ლაზერული, ულტრაბგერითი და ინფრაწითელი ლაზეროთერაპია, ლაზერული სტიმულაცია, ვაკუუმური მასაჟი, მაგნიტოთერაპია, ელექტროსტიმულაცია.

ინფრაწითელი ლაზეროთერაპია

თვალზე ინფრაწითელი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად უმჯობესდება თვალის ქსოვილების კვება, ხსნის აკომოდაციის სპაზმს, რაც ახლომხედველობის განვითარების ერთერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს. ინფრაწითელი ლაზეროთერაპიის აპარატი უზრუნველყოფს ცილიარული კუნთების „ფიზიოლოგიურ  მასაჟს“, რომელიც პასუხისმგებელია ნორმალურ აკომოდაციაზე.

ვაკუუმური მასაჟი

ვაკუუმური მასაჟი აუმჯობესებს თვალის ჰიდროდინამიკას, სისხლის მიმოქცევას და შედეგად ცილიარული კუნთების მუშაობას.

ლაზეროთერაპია

ლაზეროთერაპიის კურსები გამოიყენება სივრცითი მხედველობისა და ფუნქციური აკომოდაციის გასაუმჯობესებლად. ლაზეროთერაპიის დროს ხდება ბადურის რეცეპტორული უჯრედების  მუშაობის სტიმულაცია.

ელექტროსტიმულაცია

დოზირებული, მცირე ინტენსივობის ელექტრული დენით სტიმულაცია განაპირობებს მხედველობის ნერვში იმპულსების გამტარებლობის გაუმჯობესებას. აღნიშნული პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა.

ამბლიოკორი

ამბლიოკორი წარმოადგენს მხედველობის კორექციის თანამედროვე კომპლექსს, რომლის მოქმედების საფუძველია კომპიუტერული აუტოტრენინგის მეთოდი.

ბავშვებში ახლომხედველობის ქირურგიული მკურნალობა

ახლომხედველობის დროს ქირურგიული ჩარევა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  ახლომხედველობის პროგრესირებს წელიწადში ერთ დიოპტრიაზე მეტით და არ იძლევა მხედველობის ნორმალური განვითარების შესაძლებლობას ასევე ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ გართულებების დროს – ბადურის დისტროფიული კერების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში ტარდება ოპერაცია – სკლეროთერაპია, რომლის მიზანიც არის თვალის სკლერის უკანა სეგმენტის გამაგრება და თვალის კაკლის გარსებში ნივთიერებათა ცვლის გააქტივება.

როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი ახლომხედველობაზე

ბავშვს არ აქვს უნარი გაარჩიოს კარგი და ცუდი მხედველობა, აქედან გამომდინარე, ვერ დაიჩივლებს, რომ ცუდად ხედავს. ამიტომაც თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ ბავშვი მალე იღლება კითხვის დროს, ახლოს მიაქვს თავის წიგნთან ან რვეულთან, პერიოდულად უჩივის თავის ტკივილებს, ხშირად ახამხამებს თვალებს, ისრესს მუშტებით – აუცილებელია დაუყონებლივ ოფთალმოლოგთან ვიზიტი.

არასწორი მხედველობითი ჩვევების პროფილაქტიკა

აუცილებელია ნებისმიერი ბავშვის შემთხვევაში, დაავადების განვითარებამდე გამოვუმუშაოთ სწორი მხედველობითი ჩვევები. ძალზედ მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილის სწორი ორგანიზება. მავნე ჩვევების რიცხვს მიეკუთვნება  კითხვა მწოლიარე მდგომარეობაში, რაც ახლომხედველობის ერთერთ მაპროვოცირებელ ფაქტორს წარმოადგენს. აუცილებელია ყოველი 30-35 წუთის მუშაობის შემდეგ შესვენება, მცირე ასაკის ბავშვებში კი 20-25 წუთით, რომლის დროსაც შესაძლებელია ბავშვმა წაიხემსოს, შეასრულოს თვალის ვარჯიშები ან უბრალოდ დაისვენოს.

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”

გადასვლა >>> “ოფთალმოლოგია”