რას აღიქვამენ მოზარდები ტრაგედიად და რა რჩევას აძლევს ფსიქოლოგი მშობლებს

რას აღიქვამენ მოზარდები ტრაგედიად და რა რჩევას აძლევს ფსიქოლოგი მშობლებს

გარდატეხის ასაკი ეს არის ადამიანის ცხოვრების ის ეტაპი, რომელიც სხვადასხვა სახის ბიოლოგიურ, ინტელექტუალურ და სოციალურ ცვლილებებს უკავშირდება და შესაბამისად, გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს. ეს არის გარდამავალი პერიოდი ბავშვობასა და მოზრდილობას შორის.
ამ დროს ზოგს ჩაცმის სტილზე, ზოგს ქცევაზე, ზოგსაც შეცვლილ ვარცხნილობაზე ეტყობა. ყველაზე ხშირად ამ ფაქტს მშობლები განიცდიან და მტკივნეულად აღიქვავენ. მათ ვერ გაუგიათროგორ მიუდგნენ საკუთარ შვილს, რათა ესა თუ ის პრობლემა მათთან ერთად დაძლიონ.

გარდატეხის ასაკის უარყოფით და დადებით თვისებებზე, ბავშვთა ფსიქოლოგი _ თეონა ლოდია გვესაუბრება და სასარგებლო რჩევებსაც გვაძლევს.

– რა პერიოდი ითვლება გარდატეხის ასაკად და რა თავისებურებით გამოვლინდება მოზარდებში?

– გარდატეხის ასაკის დასაწყისი გოგონებსა და ბიჭებს შორის განირჩევა. ეს პერიოდი გოგონებში ცხრა-ათი წლიდან, ხოლო ბიჭებში თერთმეტი-თორმეტი წლიდან იწყება და დაახლოებით 14 _ 18 წლამდე მერყეობს.

რაც შეეხება თავისებურებებს. დავიწყოთ იქიდან, რომ გარდატეხის პერიოდს უწოდებენ ეგოცენტრულ ხანას. ეგოცენტრულობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს უჭირთ სხვისი პოზიციიდან მოვლენების შეფასება, მოვლენებს აღიქვამენ მხოლოდ საკუთარი თვალთახედვით. ამ პერიოდში, როდესაც რაიმე პრობლემა ექმნება მოზარდს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ მას გადახდა და მსგავსი პრობლემა არასოდეს არავის ჰქონია. გარდა ამისა ამ პერიოდში ჩნდება სურვილი მშობლებისაგან დამოუკიდებლად მოსინჯონ საკუთარი ძალები, ასე ვთქვათ “დიდობის” გრძნობა აქვთ. რაღაც მომენტში სურთ, რომ ჩაიდინონ “გმირობა”, შეიცვალონ გარეგნობა. გოგონებს ხშირად უჩნდებათ სურვილი დიდ ბიჭებთან მეგობრობისა, რადგან თავისი ტოლი ბიჭები მათთან შედარებით ნაკლებად მომწიფებულები არიან. ეს კი გარკვეულწილად არის თვითდამკვიდრების გზა. სურთ, რომ მიიქციონ ყურადღება. აუცილებელია მშობელმა არ შეუშალოს ხელი, გაგებით მოეკიდოს ამ ყველაფერს. არ დაუპირისპირდეს მას, რადგან მოზარდი თავს აღიქვამს ზრდასრულ ადამიანად, რომელსაც გარკვეული მოთხოვნილებები და ინტერესები გააჩნია. თვითგამორკვევის პროცესშია, აანალიზებს რა მოსწონს, რა არ მოსწონს, რა აინტერესებს, რა შეუძლია და ა.შ. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია უფროსების მხარდაჭერა. გეტყვით იმასაც, რომ გარდატეხის პერიოდში მოზარდებისთვის კომპედენტურები არიან მისივე თანატოლები. ამ დროს თითქოს მშობელი კარგავს ავტორიტეტს და მისთვის მისაღები და მნიშვნელოვანი მისი მეგობრის აზრი ხდება. ამგვარი ფაქტი მშობელმა არ უნდა აღიქვას მტკივნეულად და ტრაგედიად, რადგან ეს არის განვითარების თავისებურება.

– გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების ასეთ ქცევას კი ხშირ შემთხვევაში მშობლები სწორედ, რომ ტრაგედიად აღიქვამენ. ეს რისი ბრალია?

– ამ დროს ხშირად მშობლებსაც ემართებათ ის, რაც მოზარდებს. ხდებიან ემპათიურები ანუ ვერ იგებენ, ან არ უნდათ გაითვალისწინონ სხვისი აზრი. ამ დროს უჭირთ მშობლებს მოზარდის თვალით დაინახონ ესა თუ ის პრობლემა. უმეტეს შემთხვევაში მოზარდის განსხვავებული მოქცევა იმის მიზეზია, რომ სურთ გამოჩნდნენ მათივე თანატოლების თვალში “კარგი ბიჭები” და “კარგი გოგოები”. ავიღოთ ასეთი მაგალითი. როდესაც მიდის კლასი გაკვეთილებიდან შესაძლოა ზოგს არ უნდოდეს წასვლა, მაგრამ მიდის ისევ იმიტომ, რომ კარგი გოგო ან ბიჭი გამოჩნდეს. ამ დროს თანაკლასელების აზრი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მასწავლებლისა.

– მშობლებსა და შვილებს შორის გაუგებრობა იმის ბრალი ხომ არ არის, რომ იცვლება ამ ასაკისათვის დამახასიათებელი ღირებულებები თაობათა შორის?

– თუ ისტორიას გადავხედავთ მივხვდებით, რომ იცვლება ღირებულებები, შესაძლებელია იცვლებოდეს გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი გამოვლინებები. მიუხედავად ამისა მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ბევრი საერთოს დანახვა.
ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც უჭირთ მშობლებს შვილის გაგება არის ის, რომ ჩვენი დღევანდელი ცხოვრების ტემპი გაცილებით ჩქარია ვიდრე იყო ჩვენი მშობლების დროს. გარდა ამისა ყოფითი პრობლემების გამო ვერ ახერხებენ მშობლები შვილებთან ურთიერთობას. როდესაც ისინი ზრუნავენ იმაზე, რომ შვილს ნორმალური საკვები ჰქონდეს, დაუკმაყოფილოს ფიზიოლოგიური თუ სხვა საჭირო მოთხოვნილებები. ამ ყველაფრის გამო აღარ რჩებათ შვილებთან საურთიერთობო დრო.

– როგორ მუშაობს დღეს საქართველოში ფსიქოლოგის ინსტიტუტი და რამდენად ხშირად ხდება საჭირო მათი რჩევა მოზარდებისთვის?

– ფსიქოლოგის ინსტიტუტი საქართველოში არ არის ისეთი პოპულარული, როგორც მაგალითად ევროპასა და ამერიკაში. ამ საკითხთან დაკავშირებით იყო მოსაზრება, რომ ჩვენ რასაც ვუზიარებთ მეგობარს და ღიად ვსაუბრობთ ჩვენს პრობლემებზე მათთან, ამერიკაშსა და ევროპაში ამგვარი ურთიერთობების დეფიციტია რაც საჭიროებს შემდეგ უკვე ფსიქოლოგის ჩარევას. თუმცა საქმე მთლად ასე არ არის. პირადად ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მასწავლებლისა და მშობლის ფსიქოლოგიური ცოდნის ამაღლება, ვიდრე ის, რომ პრობლემა შეგექმნას და მიმართო ფსიქოლოგს. სასურველია, როცა არსებობს რაიმე პატარა პრობლემა მოზარდში, მისი მოგვარება თავად მშობელს შეეძლოს. გარდატეხის ასაკში გამოვლენილ პრობლემების გადაჭრისათვის მშობლები ფსიქოლოგს თითქმის არ მიმართავენ. ისინი მიდიან მასთან იმ შემთხვევაში, როცა ბავშვს აქვს სერიოზული პრობლემა. ვთქვათ აგრესიულ ქცევას ავლენს. ერთი სიტყვით მიმართავენ უკიდურეს შემთხვევაში. როდესაც ერთ-ერთ სკოლაში ფსიქოლოგად ვმუშაობდი ბავშვს დაჭირდა დახმარება, მშობელმა კი თქვა ჩემს შვილს ფსიქოლოგის დასახმარებელი არაფერი აქვსო. სამწუხაროდ საზოგადოების ნაწილი ასე ფიქრობს, რაც ძალიან სამწუხაროა.

– თქვენ სწავლობდით და მუშაობდით საზღვარგარეთ. რით განსხვავდება ჩვენი და მათი მიდგომა აღნიშნული პრობლემისადმი?

– მე უფრო ვსწავლობდი ვიდრე ვმუშაობდი საზღვარგარეთ, თუმცა რასაკვირველია ვაკვირდებოდი მათ მიდგომებს გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების მიმართ. მაგალითად გერმანიასა და ნორვეგიაში მშობლების ფსიქოლოგიური განათლების დონე არის მაღალი. ამით კი ადვილად უმკლავდებიან გარდატეხის ასაკში მოზარდ თაობაში გამოწვეულ დაბრკოლებებს.

– ხშირად ისმის ხოლმე გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების თვითმკვლელობის შესახებაც. რამ შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ამ მდგომარეობამდე?

– ასეთი ფაქტები სამწუხაროდ არსებობს. მიზეზები კი ისევ და ისევ არის ის, რომ რაც მათ გადახდებათ გონიათ, რომ სხვას არასოდეს დაემართება და ვეღარ პოულობენ ამ სიტუაციიდან გამოსავალს. ამ დროს უჭირთ საკუთარი ემოციების მართვა. ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ მშობელთან ურთიერთობისა და ნდობის დეფიციტი. მათ რომ ჰქონოდათ საშუალება მოეყოლათ პრობლემები მშობლებისათვის ასეთი ფაქტები არ იქნებოდა.

– თქვენს შვილებთან თუ შეხვედრიხართ პრობლემებს გარდატეხის ასაკში და როგორ მოგიგვარებიათ?

– ჩემი გამოცდილება რა თქმა უნდა გამომადგა შვილებთან ურთიერთობაშიც. ცხადია არის რაღაც პრობლემები. ჩემი შვილი ახლაც გარდატეხის ასაკშია. რაც მას აცვია მე მაგალითად არ მომწონს, მაგრამ ისიც მესმის, რომ ამ ეტაპზე ჩემი აზრი მისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანია.

– რას ურჩევთ მშობლებს, როგორ მოიქცნენ მოზარდებთან ურთიერთობაში?

– პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ აუცილებელია მშობლებს ჰქონდეთ კონტაქტი შვილებთან. შესაძლოა მოხვიდეთ სახლში დაღლილ-დაქანცული, მაგრამ აუცილებლად დაუთმეთ შვილებს 15 წუთი მაინც. ჰკითხეთ რა მოხდა სკოლაში, რა იყო იმ დღეს მისთვის მნიშვნელოვანი. აუცილებელია ამ დროს იყოთ მასთან და არ იყოთ სხვა რამით დაკავებული. არსებობენ ისეთი დედებიც, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში არიან სახლში, მაგრამ არ აქვთ ურთიერთობა შვილებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმაც გაუზიაროს პრობლემები შვილს, მოისმინოს მისი აზრი და ა.შ. გარდატეხის ასაკში აუცილებელია მშობელმა შვილს თავი აგრძნობინოს თანატოლად, რადგან ამ დროს აქვთ დიდობის მოთხოვნილება, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილს, ის მის რჩევას არ გაითვალისწინებს.

თუ გვსურს ჩვენი შვილი რეალიზებულ, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ, მყარი ღირებულებების მქონე ადამიანად აღვზარდოთ, პირველ რიგში კარგად უნდა გავიცნოთ ისინი.

_______________________________________

წყარო: http://intermedia.ge/სტატია/17868-რას-აღიქვამენ-მოზარდები-ტრაგედიად-და-რა-რჩევას-აძლევს-ფსიქოლოგი-მშობლე/19/user:ჟანა%20გოგინაშვილი:show:channel

გადასვლა >>> ,,თინეიჯერი”

.