პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება ბავშვთან

სტატიის ავტორი მარიტა მერკვილაძე. სტატია, ავტორის ნებართვით, აღებულია საიტიდან: http://b2p.ge/

პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება ბავშვთან (დაბადებიდან 4 წლამდე)

მშობლის და ბავშვის ურთიერთობა დაბადებიდან ყალიბდება. ბავშვი პირველივე თვეებიდან იწყებს თავის მზრუნველის ძიებას და მიჯაჭვულობას ამყარებს მასთან. ამ კავშირის ჩამოყალიბებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რა ასაკში როგორ ვახდენთ ბავშვის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

გთავაზობთ საკითხებს, თუ რაზეა ყურადღება გასამახვილებელი ბავშვთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის.

0–1 წლამდე

  • აიყვანეთ ბავშვი ხელში და გაუღიმეთ
  • ურთიერთობისას უყურეთ ბავშვს
  • ესაუბრეთ ბავშვს, თქვენი ხმა მისთვის მნიშვნელოვანია
  • უმღერეთ სხვადასხვა დამამშვიდებელი მელოდიები
  • გაიმეორეთ ის ხმები, რასაც პატარა გამოსცემს
  • დროულად დაუკმაყოფილეთ მოთხოვნილებები (კვება, ჰიგიენა, ძილი და ა.შ.)
  • რეაგირება მოახდინეთ მის სიგნალებზე
  • ნაზად მოეფერეთ ბავშვს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე: თავზე, კისერზე, ხელებზე და ფეხებზე.

1–2 წლამდე

  • აიყვანეთ ხელში ან დაუჯექით მისთვის მისაწვდომ, ხელსაყრელ ადგილას
  • მხარი დაუჭირეთ მის ნებისმიერ ახალ აქტივობას
  • დაუთმეთ განსაზღვრული დრო მასთან თამაშს
  • წარმატებით განხორციელებული სასურველი აქტივობა წაახალისეთ სიტყვიერად(შეაქეთ) და ფიზიკურად (მოეფერეთ)
  • სასურველია თქვენსა და თქვენს შვილს შორის დიდი მანძილი არ იყოს
  • ესაუბრეთ ბავშვს, არაუშავს, თუ ის პასუხს ვერ გაგცემთ

2 – 3 წლამდე

  • მზერა მიმართეთ ბავშვისკენ
  • ეთამაშეთ. სასურველია თქვენს შორის იყოს ახლო დისტანცია.
  • წაახალისეთ წარმატების შემთხვევაში
  • განსაზღვრული დრო დაუთმეთ მასთან თამაშს
  • წაუკითხეთ ან უამბეთ საბავშვო ზღაპრები და ლექსები. შემდეგ სთხოვეთ, რომ გიამბოთ
  • უმღერეთ სხვადასხვა საბავშვო მელოდია
  • უსმინეთ რას გეკითხებათ და შეეცადეთ უპასუხოთ მის ყველა კითხვას
  • უნარების მიხედვით ჩართეთ ის სახლის საქმეში. მაგალითად სთხოვეთ მოგაწოდოთ რაიმე
  • ეცადეთ მისცეთ კარგი მაგალითი–ის ზუსტად მიბაძავს თქვენს ქცევას
  • აწარმოეთ მასთან სწორი კომუნიკაცია. აუხსენით, როდის იქცევა კარგად. შეაქეთ, როდესაც კარგად მოიქცევა
  • ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება იმ ქცევებს, რაც არ მოგწონთ. ანუ ყურადღება გაამახვილეთ და შეაქეთ სასურველი ქცევები
  • მიეცით არჩევანის გაკეთების საშუალება წინასწარ შერჩეულ შეზღუდვასთან ერთად. მაგალითად ჰკითხეთ მას: პარკში გასეირნება სურს თუ ბებოსთან წასვლა. ნუ ჰკითხვათ მას – სად წავიდეთ?
  • უთხარით ბავშვს რა გსურთ რომ მან გააკეთოს და არა ის რაც არ გსურთ, რომ გააკეთოს.
  • არ აიძულოთ ბავშვს რამე გააკეთოს, როცა ის დაღლილია

3 – 4 წლამდე

  • შეეცადეთ განსაზღვრული დრო დაუთმოთ თქვენს შვილთან ურთიერთობას, ამ დროს თქვენ მისი აქტივობის მხარდამჭერი უნდა იყოთ
  • როცა „არა“–ს იძახის შეეცადეთ შეცვალოთ საგანი ან მიმართულება
  • ეცადეთ შეიმუშავოთ წესები და არასდროს დაარღვიოთ შემუშავებული წესები (წესის მაგალითი – შეთანხმება: „როცა ცუდ სიტყვას იტყვი, შეხვალ და დაჯდები შენს ოთახში“)
  • შეეცადეთ რეალური იყოს თქვენი შენიშვნები და მოთხოვნები
  • ეცადეთ მოურიგდეთ ხოლმე, მაგალითად, „თუ მიალაგებ შენს ნივთებს, წავალთ პარკში“
  • შეარჩიეთ დრო, როდესაც ბავშვი არ არის დაკავებული და მაშინ სთხოვეთ მას რაიმე. (მაგალითად, მომაწოდე წიგნი).
  • შეაქეთ ბავშვი დამსახურებულად და აგრძნობინეთ მას , რომ რაღაც კარგად გააკეთა
  • პატივი ეცით ბავშვის აზრებსა და გრძნობებს, თავი შეიკავეთ შეფასებისგან.
  • ცადეთ „არ შეიძლებას“ მაგივრად უთხრათ სხვანაირად. მაგალითად „არ აიღო ჭიქა“–ს მაგივრად. „დადგი ჭიქა მაგიდაზე“. „არ შეიძლება გზაზე სიარული“–ს ნაცვლად, „შეეცადე იარო ტროტუარზე“.
  • იქონიეთ იუმორის გრძნობა. თუ თქვენმა ბავშვმა თქვენი ახლადნაყიდი ტანსაცმელი ჩაიცვა, თქვენ გაიცინეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ აუხსნათ და სთხოვოთ მას, რომ ეს აღარ გაიმეოროს.

________________________________________

გადასვლა >>>> ,,ფსიქოლოგია”

..