ცნობილი და სასწაულმოქმედი ხატები საქართველოში

ცნობილი და სასწაულმოქმედი ხატები საქართველოში

საქართველოში არაერთი სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული. მათ ძალას ბევრი სასწაული მიეწერება – ავადმყოფთა განკურნება, უშვილოთა შეწევნა, დაკარგულის დაბრუნება…
წარმოგიდგენთ ღვთისმშობლის 3 ძლიერ და სასწაულმოქმედ ხატს. ყველა მათგანის ასლი საქართველოშიცაა დაბრძანებული.

“პანტანასა”

ეს სასწაულმოქმედი ხატი XVII საუკუნისაა. მისი ორიგინალი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერშია დაბრძანებული. ამ ხატის სასწაულმომქმედი ძალის შესახებ ხმა მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მას ბოროტ ძალთაგან განკურნების უდიდეს ძალას მიაწერდნენ. ამიტომ რუსეთში, წმიდა იოანე კრონშტადტელის “მოწყალების საზოგადოების” თხოვნით (საზოგადოება ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში მოღვაწეობს), ასლი რუსეთისთვის შეიქმნა და ის ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის სამლოცველოში დააბრძანეს. იმავე წელს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ხატზე მირონის პირველი წვეთები გაჩნდა. შენობა, სადაც ხატი ბრძანდებოდა, სურნელებით აივსო… მას სიმსივნით დაავადებულთათვის სთხოვენ შეწევნას. ამ ხატის ასლი საქართველოში, ზაჰესში მდებარე პანტანასას სახელობის დედათა მონასტერშია დაბრძანებული.
“პანტანასას” ხატთან ლოცვით დღეს მრავალი ადამიანი იკურნება. მისი ერთ-ერთი სასწაულის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო: რამდენიმე თვის წინ საბერძნეთში ერთ ადამიანს ავტოავარია მოუხდა. ექიმებმა გადარჩენის იმედი დაკარგეს. იმ ღამეს ავადმყოფის მშობელს დასიზმრებია ქალი, რომელსაც უთქვამს, “მე პანტანასა ვარ, ვათოპედში ვცხოვრობ. შენი შვილი კარგად იქნებაო”. მეორე დღეს საავადმყოფოში მისულს შვილი შედარებით უკეთ დახვედრია და მალე გამოჯანმრთელებულა კიდეც. ყმაწვილმა ტელეფონების წიგნში ვათოპედის მონასტერი მოიძია და დარეკა – იქნებ პანტანასას სთხოვოთო. გაოცებულმა ყმაწვილმა იმ ბერებისგან გაიგო პირველად, რომ პანტანასა ღვთისმშობლის ხატი იყო.

“სამი სიხარული”

მის წინაშე ლოცულობენ ცილისწამების გამო დევნილნი, ახლობლებთან ძალით გაყრილნი, აგრეთვე ისინი, ვინც შრომით შეძენილი ქონება დაკარგა. ლოცულობენ ისინიც, ვისაც ოჯახური პრობლემები აწუხებთ.
ხატზე მართლაც სამი სიხარულით მოსილი სახეა გამოსახული – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, იესო ქრისტესი და ყრმა იოანე

ბოდბის ღვთისმშობელი


ეს ხატი ათონის მთაზე დაიწერა. ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლია. დაბრძანებულია ბოდბის დედათა სავანეში,  იქ, სადაც წმინდა ნინოს საფლავია.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ როცა მონასტერი გაუქმდა და ამ ტერიტორიაზე საავადმყოფო გაიხსნა, ხატს პერსონალი მაგიდად იყენებდა. რამდენიმე მონაზონი მოწყალების დის სახით მონასტერში დარჩა და ფარულად ემსახურებოდა წმიდა ნინოს საფლავს.

მონასტრის მახლობლად მცხოვრები ქალისგან, რომლის დედა ამ საავადმყოფოშ ექიმად მუშაობდა, ამგვარი გადმოცემაა შემონახული: საავადმყოფოში ხატს ფარულად მონაზონი დედა მაგდალინაც ემსახურებოდა. ის ფერმწერიც ყოფილა. მას უთხოვია ექიმისთვის, როგორღაც გამოვითხოვოთ ხატი და მე აღვადგენ დაზიანებულ ნაწილებსო. ექიმს ხატი სახლში წაუღია და თვითონაც მაგიდად იყენებდა თურმე. მცირე ხანში მისი შვილი მძიმედ გამხდარა ავად. სიზმარში ექიმს ღვთისმშობელი გამოცხადებია და უთქვამს, სანამ ხატს ადგილზე არ დააბრუნებ, შენს შვილს არაფერი ეშველებაო. შეშინებულ ექიმს სიწმინდე უკანვე დაუბრუნებია, მაგრამ მიზეზი ხმამაღლა არ უთქვამს და მაგდალენასთვის შეუთავაზებია, ჩამოვწეროთ როგორც უვარგისი ინვეტარი და აქაურობას გავაცილოთო. მართლაც ასე მოქცეულან. დედა მაგდალინამ სწორად რაისას სახლში აღადგინა ეს სიწმინდე, მოგვიანებით კი ჩარჩოში ჩაუსვამთ და კვლავ თავის პირვანდელ ადგილზე დაუბრძანებიათ.
ერთმა ურწმუნო ადამიანმა ამ ხატის შეურაცხყოფა სცადა და დანით დაუსერა სახე. ის სრულიად ჯანმრთელი მოულოდნელად გარდაიცვალა. სოფელში დღემდე ლაპარაკობენ, თუ როგორ დაისაჯა მთელი მისი შთამომავლობა, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ამოწყდა მთელი მისი ოჯახი.

თეა ცაგურიშვილი

წყარო: http://www.mshoblebi.ge/kaleidoskopi/3871-cnobili-da-sastsaulmoqmedi-khatebi-saqarthveloshi.html

_________________________________

>>>> მართლმადიდებლური ლოცვები

..